ბს-1111-1073(კ-08) 27 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი _ ნ. მ-ვა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ დ. ა-ი, წარმომადგენელი _ ა. ღ-ი
დავის საგანი _ შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
დ. ა-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2005 წლის 14 ივნისიდან სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში განაცდური ხელფასის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2-3/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო გამშვები პუნქტის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, რაზეც 2005 წლის 14 ივლისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ბრძანება და მოპასუხე - ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი:
მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება დადასტურებულია სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, რის საფუძველზეც მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება, დ. ა-ის მიმართ აენაზღაურებინა ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის, კერძოდ, 2005 წლის 14 ივნისიდან სასამართლოს მიერ დავალებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა არ ცნო დ. ა-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ, არ იყო აღსრულებული, რის გამოც, იმ ეტაპზე შეუძლებელი იყო მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება და მიუღებელი თანხის განსაზღვრა /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 14 ივნისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დავალებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე, სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 14 ივნისის ¹228-კ ბრძანებით, რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო გამშვები პუნქტის მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი დ. ა-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებებით დარჩა უცვლელად და ამჟამად შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2007 წლის 5 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელიც.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლი და განმარტა, რომ დ. ა-ი მითითებული ნორმის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს, რის გამოც მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას უნდა გავრცელებულიყო აღნიშნული კანონის მოთხოვნები. ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, საქალაქო სასამართლოს დასკვნით, იმ პირობებში, როცა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მიჩნეულ იქნა უკანონოდ, მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ამ უკანასკნელისათვის სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში შრომითი გასამრჯელო, ანუ ხელფასი /იხ.ს.ფ. 61-63/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იყო ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. ამასთან, სარჩელი დაუშვებელი იყო, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა ასკ-ის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებულ სარჩელის დასაშვებობის პირობებს, კერძოდ, ასკ-ის 24.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღძრულიყო ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვები იყო, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხოციელება ან უარი მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის დავალებული ახალი ადმინისტრაციული აქტი ამ პერიოდისათვის გამოცემული არ იყო. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გარკვეულიყო, რა საშტატო ერთეულები იყო გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ახლად შექმნილ შემოსავლების სამსახურში და ხომ არ იყო მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიური თანამდებობა ახალი განრიგით. ამასთან, საქათველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹ბს-1230-805(კ-05) გადაწყვეტილების განმარტების თანახმად, შეიძლება შეთავაზებულიყო სხვა, იგივე, უფრო დაბალი რანგის თანადებობა ან სამუშაო ადგილი. მოსარჩელის მიმართ არ განხორციელებულა რაიმე შეთავაზება და შესაბამისად, გაურკვეველი იყო, რა თანამდებობრივი სარგოდან უნდა მომხდარიყო იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 69-70/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება სარჩელის დაუშვებლობის თაობაზე, ვინაიდან სადავო 2005 წლის 14 ივნისის ¹228-კ ბრძანება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებებით დარჩა უცვლელად. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ახალი ადმინისტრაციული აქტი დ. ა-ის მიმართ, დღემდე გამოცემული არ არის.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელოM(ხელფასი). იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დღემდე არ გამოუცია ახალი აქტი, იგი, ფაქტობრივად, შრომით ურთიერთობაში იმყოფება ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, დ. ა-ს უნდა ანაზღაურებოდა ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში /იხ.ს.ფ. 89-93/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია, იგი გამოტანილია კანონის დარღვევით, საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი შეფასების გარეშე, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ¹228-კ ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ამ ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის მსგავს ან იმავე ფუნქციების შესასრულებლად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა ტოლფას თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემიდან მათი სამსახურში აღდგენის ბრძანებამდე პერიოდში, იძულებით ანაზღაურებას ექვემდებარება ხელფასის ის ოდენობა, რაც განსაზღვრული იყო მოსარჩელის თანამდებობის ან იმავე ფუნქციების შესასრულებლად საშტატო განრიგით გათვალისწინებული სხვა ტოლფასი თანამდებობისათვის. აღნიშნული კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ცნობა მოსარჩელის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გაანგარიშების შესახებ, არ არსებობს.
კასატორის განმარტებით, სამსახურში აღდგენის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებების აღდგენისაკენ, რომელიც პირს გააჩნდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე. გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, აუნაზღაუროს მოსარჩელეს განაცდური ხელფასი მათი გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ნიშნავს, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე.
სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს იძულებითი არყოფნის პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეეძლო განეხორციელებინა შრომითი საქმიანობა, რომელიც გამორიცხავდა საჯარო სამსახურიდან ანაზრაურების მიღების კანონიერ შესაძლებლობას. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული და უნდა ემსჯელა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მომენტისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აგრეთვე ის ფაქტი, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იძულებითი განაცდურის დაანგარიშებას, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, არც სასამართლო პრაქტიკაა ჩამოყალიბებული და არც რაიმე ნორმა არ ავალდებულებს შემოსავლების სამსახურს, მოახდინოს იძულებითი განაცდურის დაანგარიშება /იხ.ს.ფ. 99-104/.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 30 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 23 იანვრის ბრძანება, რომლის თანახმად დ. ა-ი აღდგენილ იქნა სამსახურში და დაინიშნა თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საბაჟო-გამშვებ პუნქტ “....” ინსპექტორის თანამდებობაზე. დ. ა-ის კატეგორია და თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად /იხ.ს.ფ. 137, სხდომის ოქმი/.
კასატორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე წარმოადგინა ამავე სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემულ ცნობა, რომლის თანახმად, ყოფილი საბაჟო “...” საბაჟო გამშვებ პუნქტ “...” მთავარი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო, 2005 წლის საშტატო განრიგის თანახმად, შეადგენდა 500 ლარს /იხ.ს.ფ. 151, სხდომის ოქმი/.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 149-159)
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ დ. ა-მა არ ცნო საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ თანამდებობაზე აღდგენის შემდეგ ის თავისი სურვილით იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მის მიერ სამსახურში მუშაობის პერიოდში მოქმედი თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად (იხ. ს.ფ. 149-159)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, დ. ა-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალოს დ. ა-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005 წლის 14 ივნისიდან 2008 წლის 23 იანვრამდე, 2005 წლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული მთავარი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გადაანგარიშების საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ განსაზღვრა, თუ რომელი სარგოს საფუძველზე უნდა მომხდარიყო იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისად ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რის გამოც სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით ახალი გადაწყვეტილებით შეცვლის პროცესუალური საფუძველი, გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის მიზნით.
საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ა-ის სასარჩელო განცხადება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ¹228-კ ბრძანება დ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივნისისა და საქართველოს უზნეაესი სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებებით უცვლელად იქნა დატოვებული და შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთან, მითითებულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2007 წლის 5 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 30 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 23 იანვრის ბრძანების თანახმად დ. ა-ი აღდგენილ იქნა სამსახურში და დაინიშნა თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საბაჟო-გამშვებ პუნქტ “...” ინსპექტორის თანამდებობაზე. დ. ა-ის კატეგორია და თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად /იხ.ს.ფ. 137, სხდომის ოქმი/, საიდანაც თავისი სურვილით იქნა გათავისუფლებული.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემულ ცნობის თანახმად, 2009 წლის 6 იანვარს ¹46288 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ყოფილი საბაჟო “....” საბაჟო გამშვებ პუნქტ “...” მთავარი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო, 2005 წლის საშტატო განრიგის თანახმად, შეადგენდა 500 ლარს /იხ.ს.ფ. 151, სხდომის ოქმი/.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დ. ა-ი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, შესაბამისად, მისი, როგორც საჯარო მოსამსახურის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს “საჯარო სამსახურის შესახებ კანონი”.
საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, მაგრამ იმავდროულად, კანონმდებლის მიერ საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება უზრუნველყოფილ იქნა საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტით _ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, რომლის საფუძველზეც ხდება საჯარო მოხელისათვის საჯაროსამართლებრივი კომპეტენციის გადაცემა და შესაბამისად, იმ შეღავათების მინიჭება და გარანტიებით აღჭურვა, რაც კანონით გათვალისწინებულია საჯარო მოხელისათვის.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია საჯარო მოხელისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 26.1. და 110.1. მუხლების საფუძველზე განმარტავს, რომ მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. მოცემულ შემთხვევაში დ. ა-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 23 იანვრის ბრძანების თანახმად სამსახურში და დაინიშნა თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საბაჟო-გამშვებ პუნქტ “...” ინსპექტორის თანამდებობაზე. დ. ა-ის კატეგორია და თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შეადგენს 500 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ა-ს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე 2005 წლის 14 ივნისიდან, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ¹228-კ ბრძანება მოსარჩელე დ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, 2008 წლის 23 იანვრამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 23 იანვრის ბრძანების გამოცემამდე, უნდა აუნაზღაურდეს მისივე მოთხოვნის შესაბამისად იძულებითი განაცდური ხელფასი საშტატო განრიგით გათვალისწინებული მთავარი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გაანგარიშების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც დ. ა-ის სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსსკ-ის 53.2. მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4, 257-ე, 372-ე, 391-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინების შეცვლით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალოს დ. ა-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005 წლის 14 ივნისიდან 2008 წლის 23 იანვრამდე, 2005 წლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული მთავარი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გადაანგარიშების საფუძველზე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.