Facebook Twitter
ბს-1112-1068(კ-09) 12 ნოემბერი, 2009 წელი

ბს-1112-1068(კ-09) 12 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 22 ივლისს მოსარჩელე რ. შ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს, მოპასუხეების – ლ. დ-ძისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განცხადებით, მან 2008 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის, სოფ. ... ნ. ნ-ძისგან შეიძინა 303 კვმ მიწის ფართობი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რ. შ-ძემ აქვე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის 2008 წლის 11 ივლისის ინფორმაციით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინა მოქალაქე ლ. დ-ძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული ¹6231 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. შ-ძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ლ. დ-ძეზე გაცემული ¹6231 საკუთრების უფლების მოწმობის და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.

2008 წლის 30 ივლისს მოსარჩელე ლ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც საკრებულოს საკუთრების უფლების აღაირების კომისიის 2008 წლის 15 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, ნ. ნ-ძესა და რ. შ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც 0.95 კვმ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ იქნა ნ. ნ-ძის, ხოლო მოგვიანებით კი რ. შ-ძის საკუთრებად.

ხელვაჩაურის რაიონული სასმართლოს 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალტეტის საკრებულოს უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ლ. დ-ძეზე და ნ. ნ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები და საკადასტრო აზომვითი ნახაზები; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ბათილად ყოფილიყო ცნობილი ლ. დ-ძეზე და ნ. ნ-ძეზე არსებული ჩანაწერები, განხორციელებული ლ. დ-ძესა და ნ. ნ-ძის საკუთრების უფლების მოწმობებით; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. დ-ძემ და ნ. ნ-ძემ, რომლებმაც მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით ლ. დ-ძისა და ნ. ნ-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. დ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. დ-ძის საკასაციო საჩივარზე რ. ფ-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. დ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინება;

3. რ. ფ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ლ. დ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.