¹ბს-1118-1080(კ-08) 8 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიკა ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 15 მარტს ა. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი, ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც ასევე იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი, აგრეთვე ჰყავდა ვაჟიშვილი _ კ. გ-ე, რომელიც მუშაობდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის განყოფილებაში ..... თანამდებობაზე. 2003 წლის 3 იანვარს კ. გ-ე იმყოფებოდა რა სამუშაოზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გავიდა მასზე მიმაგრებულ ობიექტზე, ობიექტისკენ მიმავალი მოჰყვა ავტო ავარიაში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 22 დეკემბერს მან მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის ადმინისტრაციას, რათა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლისა და საქართველო პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” საფუძველზე მოეხდინათ მისთვის ზიანის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის გარდაცვლილი შვილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების, ყოველთვიური სარჩოს გადახდისა და დაკრძალვის ხარჯების დაკისრება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა დაკრძალვის ხარჯების ოდენობა და მიუთითა, რომ ხსენებული თანხა შეადგენდა _ 2000 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი მოპასუხეების _ ქ. თბილისის ისანი-სამგრის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერთჯერადი დახმარების, ყოველთვიური სარჩოსა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ა. მ-ის სასარგებლოდ გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემა და ყოველთვიურად სარჩოს გახადა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმის სახით დაკითხული ს. ბ-ის ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ბ-ე და კ. გ-ე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით იყვნენ გასული დასაცავი ობიექტის მიმართულებით, რა დროსაც გზაში მომხადრი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა კ. გორგიძე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს და საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 8 იანვრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.