Facebook Twitter
ბს-1120-1082(კ-08) 10 აპრილი, 2009 წ

ბს-1120-1082(კ-08) 10 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – მ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამასახური; შს თელავის რაიონული სამმართველო; ლ. კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 1 ოქტომბერს მ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, შსს თელავის რაიონული სამმართველოსა და ლ. კ-ძის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2007 წლის 18 სექტემბერს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გ. შ-შვილის მიერ ჩაჰბარდა ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება”, საიდანაც შეიტყო, რომ მის ძმას, ლ. კ-ძეს, საკუთრებაში აღურიცხავს სოფ. ... ¹10 კვარტალში მდებარე მის სახელზე რიცხული ¹080 და ¹082 ნაკვეთები. აღნიშნულის გამო მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლის 2007 წლის 25 სექტემბერის ¹22/15/30 წერილით შეიტყო, რომ ლ. კ-ძეს მისი კუთვნილი ნაკვეთები აღურიცხავს თავის სახელზე სასამართლოს ¹3/4 განჩინების საფუძველზე; ასევე განცხადებით მიმართა შსს თელავის რაიონულ სამმართველოს, წარუდგინა 2001 წელს გაცემული საკუთრების მოწმობის ასლები და მოითხოვა დაწყებული ღონისძიების შეწყვეტა.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ლ. კ-ძის სახელზე განხორციელებული ჩანაწერი მის კუთვნილ ¹082 ნაკვეთზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიება უნდა შეწყდეს, ვინაიდან, 2001 წელს ლ. კ-ძემ შეცდომაში შეიყვანა თელავის რაიონული სასამართლო, თელავის ტექინვენტარიზაციის ბიურო და თავის სახელზე აღრიცხა მათი მამის სახლის ნაწილი. სამივე ინსტაციის სასამართლომ მამისეულ სახლზე განხორციელებული ჩანაწერი ბათილად სცნო; აღნიშნულის შემდეგ განახლდა სასამართლოს წარმოებაში მყოფი დავა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რაზედაც 2007 წლის 16 მარტს მათ შორის დავა შეწყდა მორიგებით, კერძოდ: თავად უარს აცხადებდა საჯარო რეესტრში, სოფ. ... ე.წ. ,,...” ნაკვეთებში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 0.25 ჰა-ს ოდენობით, ხოლო ლ. კ-ძე უარს ამბობდა მამის სახელზე რიცხული სახლის წილის მოთხოვნაზე. სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინებით გასწორდა წინა განჩინებაში დაშვებული უსწორობანი და 16 მარტის განჩინების აღწერილობით ნაწილში ¹069 და ¹080 მიწის ნაკვეთებთან ერთად მიეთითა ¹082 მიწის ნაკვეთიც; 2007 წლის 12 ივლისს კვლავ იქნა მიღებული განჩინება დაშვებული უსწორების გასასწორებლად და მიეთითა ნაკვეთები: ¹069, ¹080 და ¹-082; მოსარჩელის მითითებით, არცერთ განჩინებაში აღნიშნული არ ყოფილა, ლ. კ-ძის სახელზე 0.25 ჰა რომელი ნაკვეთიდან უნდა აღრიცხულიყო. თუ რომელი ნაკვეთიდან უნდა გამოყოფილიყო, ეს მოსარჩელის მოსაზრებით, დამოკიდებული იყო მასზე; მას ე.წ. ,,…” ტერიტორიაზე ¹10 კვარტალში აქვს 7 ნაკვეთი. მათგან ¹069 არის 0.35 ჰა, ¹080-05 ჰა, ¹082-0.13 ჰა. მოსარჩელის მითითებით. ¹080 მიწის ნაკვეთზე პრეტენზია არ აქვს, რის გამოც აღნიშნულ ნაკვეთზე განხორციელებული ჩანაწერის ბათილობას არ ითხოვს, მაგრამ ¹082 მიწის ნაკვეთის გაფორმებაზე თანხმობა არ განუცხადებია, მასზე გაცემული საკუთრების მოწმობა არ გაუქმებულა, მასზე გაშენებული აქვს საფერავის ჯიშის ვენახი და უვლის, ამ ნაკვეთის ლ. კ-ძეზე გაფორმებით რჩება უვენახოდ, მის მოსავალს კი მოპასუხე ითვისებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამოდინარე, მოსარჩელე ითხოვდა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის, 27 მარტისა და 12 ივლისის განჩინებების საფუძველზე საჯარო რეესტრის თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ¹082 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობას; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას, აღნიშნულ განჩინებათა საფუძველზე, ლ. კ-ძის სახელზე 0,20 ჰა მიწის ნაკვეთის აღრიცხვა მოეხდინა ¹069 ნაკვეთიდან; შსს თელავის რაიონული სამმართველოს 2007 წლის 18 სექტემბრის ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების» ბათილად ცნობას; სასკ-ის 29.1 მუხლის შესაბამისად, შსს თელავის რაიონული სამმართველოს 2007 წლის 18 სექტემბრის გაფრთხილების შესახებ ოქმის მოქმედების შეჩერებას ¹082 მიწის ნაკვეთთან მიმართებაში; შსს თელავის რაიონული სამმართველოსათვის ¹082 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული აღსრულების ღონისძიების შეწყვეტის დავალებას.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტაციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოხდა თელავის რაიონის სოფ. ... მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 53/01/10/082) რეგისტრირება ლ. კ-ძის სახელზე სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის განჩინების და ახალი აზომვითი ნახაზის საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ უთითებს რაიმე არგუმენტს, რატომ უნდა მოხდეს ამ რეგისტრაციის გაუქმება, რომელიც მომხდარია კანონის სრული დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; პირველი ინსტაციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სასამართლო განჩინების საფუძველზე ¹069 ნაკვეთიდან მიწის რეგისტრაციის თაობაზე, უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ 2007 წლის 16 მარტის ¹2/4 განჩინებაში ასეთზე მითითება არ არის. განჩინებაში მითითებულია ¹069, ¹080, ¹082 მიწის ნაკვეთები ზოგადად, საიდანაც უნდა მომხდარიყო 0.25 ჰა მიწის ნაკვეთის ლ. კ-ძის საკუთრებაში გაცემა, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა შსს თელავის რაიონული სამმართველოს 2007 წლის 18 სექტემბრის ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის და სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების” ბათილად ცნობის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაცვა ხორციელდება განცხადების საფუძველზე, მესაკუთრემ (წარმომადგენელმა) განცხადება უნდა წარუდგინოს იმ უფლებამოსილ პირს, რომლის სამოქმედო ტეროტორიაზედაც არის განთავსებული მის საკუთრებში არსებული უძრავი ნივთი”. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,უფლებამოსილი პირი წერილობით სთავაზობს მას, ნებაყოფლობით შეწყვიტოს სხვის საკუთრებში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოს მისი მოძრავი ნივთები”; საქმის მასალებით პირველი ინსტაციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი, მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში აღრიცხულია ლ. კ-ძის სახელზე, ამდენად, შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გ. შ-შვილის გაფრთხილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. პირველი ინსტაციის სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა შსს თელავის რაიონული განყოფილების სამმართველოს მიმართ აღსრულების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებაყოფლობით სხვისი საკუთრების ფლობის შეწყვეტის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იძულების წესით განხორციელდება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა. ამ მიზნით უფლებამოსილ პირს შეუძლია, გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

აპელანტი სააპელაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებაზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ..., ¹10 კვარტალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ფუნქციის ¹069 (0.35 ჰა), ¹080 (0.05 ჰა) და ¹082 (0.13 ჰა) მიწის ნაკვეთები 17.08.01 წლის განაცხადის საფუძველზე აღირიცხა მ. შ. ძე კ-ძის კომლზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის განჩინებით დადგენილი იქნა შემდეგი: “სამოქალაქო საქმეზე ¹2/4, მ. კ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე ლ. კ-ძის მიმართ მფლობელობის შეწყვეტის და კუთვნილი ნივთის დაბრუნების თაობაზე, შეწყდეს წარმოება მორიგების შემდგი პირობებით: მოსარჩელე მ. კ-ძე უარს აცხადებს მასზე საჯარო რეესრტში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს სოფ. ... ე.წ. “...” ნაკვეთებში 0.25 ჰა მიწის ნაკვეთზე ლ. კ-ძის სასარგებლოდ და მოპასუხე ლ. კ-ძე უარს აცხადებს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის გადაწყვეტილებით ღიად დარჩენილ, შ. კ-ძის სახელზე რიცხული სახლის, წილის მოთხოვნაზე და თანახმაა, მ. კ-ძის სახელზე აღირიცხოს საჯარო რეესტრში აღნიშნული წილი”.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინებით დადგენილი იქნა: ,,თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის განჩინების აღწერილობით ნაწილში ¹069, 080 მიწის ნაკვეთებთან ერთად მიეთითოს ¹082 მიწის ნაკვეთი. განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ აღნიშნა, რომ განჩინების აღწერილობით ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ¹069, 080 ნაკვეთებთან ერთად მითითებული უნდა იყოს ¹082 მიწის ნაკვეთიც. სსსკ-ის 260-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული უზუსტობა, რომელიც გამოიხატა ტექნიკური შეცდომით, უნდა იქნეს გასწორებული და განჩინებაში ¹069, 080 მიწის ნაკვეთებთან ერთად განჩინების აღწერილობით ნაწილში მიეთითოს ¹082 მიწის ნაკვეთიც.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით სასამართლომ დაადგინა: “თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შევიდეს შესწორება და მიწის ნაკვეთების ნომრებად მიუთითოს შემდეგი ნომრები: ¹069, ¹080 და ¹ 082”.

როგორც სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილშია მითითებული, საკითხი განხილული იქნა მხარეთა თანდასწრებით. ჩამოთვლილ განჩინებებში მითითებულია, რომ მათი გასაჩივრება დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანით. საქმის მასალების თანახმად, განჩინებები არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 25 სექტემბრის ¹22/15/30 წერილით მოსარჩელე მ. კ-ძეს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ თელავის სარეგისტრაციო სამსახურში სოფ. ... მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 53/01/10/082 რეგისტრირებულია ლ. კ-ძის სახელზე, სასამართლოს 16.03.07 წლის ¹2/4 განჩინებისა და ახალი აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის აღნიშნული ჩანაწერის განხორციელებისას კანონის (მათ შორის, “უძრავ ნივთებთა უფლებათა რეგისტრაციის შესახებ”) რა ნორმა იქნა დარღვეული აპელანტი ვერ მიუთითებს ხოლო ის გარემოება, რომ მორიგების დამტკიცებამდე იგი მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ აღირიცხა, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მორიგებაც ვერ შესდგებოდა.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩევს, რომ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად სცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რაზედაც კასატორის მხრიდან დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოდგენილა და სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის გასაზიარებლად:

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის განჩინებით საქმეზე ¹2/4, მ. კ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე ლ. კ-ძის მიმართ მფლობელობის შეწყვეტის და კუთვნილი ნივთის დაბრუნების თაობაზე, შეწყდა წარმოება მორიგების შემდეგი პირობებით: მოსარჩელე მ. კ-ძე უარს აცხადებდა მასზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს სოფ. ... ე.წ. «...» ტერიტორიაზე, ლ. კ-ძის სასარგებლოდ და თანახმა იყო, მიწის ეს ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო ლ. კ-ძის სახელზე. მოპასუხე ლ. კ-ძე უარს აცხადებდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ღიად დარჩენილ, შ. კ-ძის სახელზე რიცხული სახლის წილის მოთხოვნაზე და თანახმა იყო აღნიშნული წილი აღრიცხულიყო საჯარო რეესტრში მ. კ-ძის სახელზე.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინებით შესწორება იქნა შეტანილი თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის განჩინებაში და განჩინების აღწერილობით ნაწილში ¹069 და 080 მიწის ნაკვეთებთან ერთად მიეთითა ¹082 მიწის ნაკვეთი. ხოლო 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით სასამართლომ კიდევ ერთხელ მოახდინა განჩინებაში შესწორების შეტანა და ამჟამად უკვე შესწორება შევიდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, რომელშიც მიწის ნაკვეთების ნომრებად მიეთითა ¹069, ¹080 და ¹082.

მითითებული განჩინებები მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

აღნიშნული განჩინებებისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე სოფ. ... ¹10 კვარტალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშულების ¹069, ¹080 და ¹082 მიწის ნაკვეთებიდან 0,25 ჰა დარეგისტრირდა ლ. კ-ძის სახელზე.

კასატორი – მ. კ-ძე პრეტენზიას არ აცხადებს ¹080 მიწის ნაკვეთზე, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ორ მიწის ნაკვეთს, თვლის, რომ მიწის დანაწევრებით მის საკუთრებაში დარჩენილ ნაწილებს დაეკარგა სამეურნეო დანიშნულება, რის გამოც ითხოვს აღსრულება შეეხოს მხოლოდ ¹069 მიწის ნაკვეთს, შევსება მოხდეს სწორედ აღნიშნული ნაკვეთიდან, ხოლო ¹082 მიწის ნაკვეთთან მიმართებაში გაუქმდეს ლ. კ-ძის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე საჭიროებს დამატებით შესწავლა-გამოკვლევას, რა მიზნითაც საქმე უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს. როგორც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, მხარეთა შორის დადასტურებული მორიგების საფუძველზე მ. კ-ძემ ლ. კ-ძის სასარგებლოდ უარი თქვა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთზე. სასამართლო განჩინებები განისაზღვრა, რომ აღსრულება უნდა მომხდარიყო ¹069, ¹080 და ¹082 მიწის ნაკვეთებიდან. საგულისხმო და საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლოს არ განუსაზღვრავს აღსრულების წესი ანუ არ დაუდგენია კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთიდან რა რაოდენობის მიწის ნაკვეთი უნდა ყოფილიყო ჩამოწერილი ლ. კ-ძის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის არსებითად სწორი გადაწყვეტისათვის მართებული იქნებოდა მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადების საფუძველზე გამოყენებულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი და მომხდარიყო გადაწყვეტილების განმარტება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია, საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე შეუძლებლად მიიჩნევს საკითხის განმარტების გზით გადაწყვეტას და თვლის, რომ სასამართლომ ყურადღება უნდა შეაჩეროს საქმის არსებით გარემოებებზე.

როგორც საქმეში წარმოდგენილი სარჩელიდან იკვეთება, დავის ძირითადი არსი შეეხება იმას, თუ რამდენად სწორად მოხდა სასამართლო განჩინების აღსრულება. სასამართლო განჩინებით დადასტურდა მხარეთა შორის შემდგარი მორიგება, ანუ სასამართლომ თავისი განჩინებით დაამტკიცა მხარეთა ნების გამოვლენის ფაქტი და განჩინებაში, როგორც აქტში, ასახა მათი. ნება ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები.

იმისათვის, რომ ნების გამოვლენამ დასახულ სამართლებრივ შედეგს მიაღწიოს, იგი უნდა გაკეთდეს გარკვევით და არა ორაზროვნად. უდავოა, რომ სამივე ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთ ¹069, ¹080 და ¹082 ჯამში აღემატება 0,25 ჰა, რომლის ლ. კ-ძისათვის გადაცემაც სასამართლო აქტით ივალდებულა მ. კ-ძემ. ამდენად, მოცემულ პირობებში გამორიცხულია საუბარი შეეხოს სამივე მიწის ნაკვეთის ლ. კ-ძისათვის გადაცემას. ამასთან მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომელი მიწის ნაკვეთიდან რა ოდენობით უნდა მოხდეს ამ უკანასკნელისათვის მიწის შევსება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარემ ნების გამოხატვაში სხვადასხვა შინაარსი ჩააქსოვა, რის გამოც აუცილებელია სასამართლოს მხრიდან ნების გამოვლენის სწორი აზრის დადგენა.

სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნება გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც წინამდებარე შემთხვევას ახასიათებს.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს რა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულობას, იმავდროულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს განისაზღვროს რა ნება ჩადეს მხარეებმა მორიგებაში, რამდენადაა შესაძლებელი არსებული მდგომარეობის შენარჩუნება როცა სამივე მიწის ნაკვეთიდან ცალ-ცალკე მოხდა მიწის ნაკვეთების ჩამოჭრა, ხომ არ მოახდინა ამან მიწის დარჩენილი ნაკვეთების სამეურნეო დანიშნულების მოსპობა. იმ პირობებში, თუ კასატორის მიწის ნაკვეთი გახდა მისთვის გამოუსადეგარი, შესაძლოა თუ არა ეს მიჩნეულ იქნას მისი ნების ნამდვილ გამოვლინებად და როგორაა შესაძლებელი ლ. კ-ძისათვის 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემა, მითითებული მიწის ნაკვეთებიდან იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს ორივე მხარის უფლებები, არ მოხდეს მიწის ნაკვეთის გაუმართლებელი დაქუცმაცება და ნაკვეთებმა შეინარჩუნონ დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა.

აღნიშნული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაურუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.