Facebook Twitter

ბს-1106-1068(კ-08) 10 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ თ. ს.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2007 წლის 27 ივლისს თ. ს.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა დეკრეტული შვებულების თანხის _ 600 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:

საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე არის საქართველოს ეროვნული ... ცენტრის ...-ის მსახიობი. 2005 წლის 26 მაისს საკეისრო კვეთით შეეძინა პირველი შვილი – ი. ჩ.-ი, 2006 წლის 14 ოქტომბერს ასევე საკეისრო კვეთით შეეძინა მეორე შვილი – ლ. ჩ.-ი. მეორე შვილის დაბადების ჩათვლით იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. კუთვნილი დეკრეტული შვებულების თანხის მისაღებად 6-თვიან ვადაში ვერ მიმართა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს, რადგან მშობიარობას მოჰყვა გართულებები, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე 2007 წლის დასაწყისში იმყოფებოდა მივლინებაში საზღვარგარეთ. კუთვნილი თანხის მისაღებად 2007 წლის ივნისში მიმართა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს, მაგრამ უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე, იმ მოტივით, რომ გაშვებული ჰქონდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესით» განსაზღვრული 6-თვიანი ვადა (იხ. ს.ფ. 2).

თ. ს.-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 31).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული ... ცენტრის 2007 წლის 15 ივნისის ¹182 წერილის თანახმად, თ. ს.-ე 2006 წლის 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში და შრომისუუნარობის ფურცლის თანახმად, მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 170 ლარს. შპს ¹1 ქალთა კონსულტაციის მიერ, 2006 წლის 8 ივნისის საავადმყოფო ფურცლის თანახმად, სადეკრეტო შვებულების გამო თ. ს.-ე სამუშაოდან გათავისუფლებული იყო 2006 წლის 9 ივნისიდან 2006 წლსი 12 დეკემბრის ჩათვლით.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ს.-ს განაცხადი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დახმარების დაფინანსების შესახებ შედგენილია 2007 წლის 11 ივნისს, დამსაქმებელმა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ წერილობითი მოთხოვნით მიმართა 2006 წლის 21 ივნისს. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2007 წლის 28 ივნისის წერილით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იმ მოტივით, რომ საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის დროისათვის გასული იყო ექვსი თვე, რაც ეფუძნებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანების ნორმებს.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებაზე, რადგან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» 10.1 მუხლის შესაბამისად, დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელსა და მის ასლს წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს მისგან ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის შემდგომაც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს და წერილობით მიმართავს დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ფონდის შესაბამის ფილიალს. ამავე წესის 10.7 მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება საავადმყოფო ფურცლის ფონდში წარდგენის შემთხვევაში, მისი დახურვიდან 6 თვის შემდეგ.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისადმი მიმართვა უნდა განხორციელებულიყო საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან _ 2006 წლის 12 დეკემბრიდან ექვსი თვის ვადაში – 2007 წლის 12 ივნისამდე დროის შუალედში. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოთხოვნა მოპასუხეს წარედგინა 2007 წლის 21 ივნისს, ექვსი თვის ვადის დარღვევით.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება კონკრეტულ შემთხვევაზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების შესახებ, რადგან სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. სადავო ურთიერთობა კი არსით საჯარო-სამართლებრივია, რადგან სახელმწიფო თავისი ერთ-ერთი დაწესებულების (სააგენტოს) მეშვეობით უზრუნველყოფს კონკრეტული შინაარსის სოციალური გარანტიების რეალიზებას საჯარო სამართლის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» საფუძველზე (იხ. ს.ფ. 34-35).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს.-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

აპელანტმა უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოახერხა საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან ექვსი თვის განმავლობაში დოკუმენტების წარდგენა სოციალური დაზღვევის ფონდში, თუმცა საავადმყოფო ფურცელი აიღო 2007 წლის 8 ივნისს, მისი მიღების ვადა იყო 2007 წლის 12 ივნისამდე.

აპელანტმა მიიჩნია, რომ მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი». სასამართლომ არ იმსჯელა, რომ მითითებულ ბრძანებაში ცვლილებების განხორციელებამდე – 2006 წლის აგვისტომდე იყო გასული დეკრეტულ შვებულებაში (იხ. ს.ფ. 38).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით თ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, თ. ს.-ე 2006 წლის 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. სადეკრეტო შვებულების გამო სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა 2006 წლის 9 ივნისიდან 2006 წლის 12 დეკემბრამდე. განაცხადი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დაფინანსების შესახებ თ. ს.-ის მიერ შედგენილია 2007 წლის 11 ივნისს, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ წერილობით მიმართა 2006 წლის 21 ივნისს, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვამდე ექვსთვიანი ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» 10.7 მუხლის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება საავადმყოფო ფურცლის ფონდში წარდგენის შემთხვევაში, მისი დახურვიდან 6 თვის შემდეგ. მოსარჩელეს კი მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საქალაქო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით ვერ იქნება გამოყენებული სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები (იხ. ს.ფ. 56-59).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს.-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი», რადგან საქართველოს შრომის კოდექსით 6-თვიანი ვადა დადგენილი არ არის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანების გამოცემამდე, 2005 წლის მარტიდან თ. ს.-ე იმყოფებოდა სამწლიან დეკრეტულ შვებულებაში, რის გამოც მითითებული ბრძანებით განსაზღვრული 6-თვიანი ვადა მასზე არ უნდა გავრცელებულიყო (იხ. ს.ფ. 63-70).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი თ. ს.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 91-94).

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა თ. ს.-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა არ ცნო თ. ს.-ის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ს.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, თ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს თ. ს.-ის დეკრეტული შვებულების თანხის _ 600 ლარის ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394. ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თ. ს.-ის მიერ სსსკ-ის 407.2 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული ... ცენტრის 2007 წლის 15 ივნისის ¹182 წერილის თანახმად, თ. ს.-ე 2006 წლის 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში და შრომისუუნარობის ფურცლის თანახმად, მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 170 ლარს. შპს ¹1 ქალთა კონსულტაციის მიერ 2006 წლის 8 ივნისის საავადმყოფო ფურცლის თანახმად, სადეკრეტო შვებულების გამო თ. ს.-ე სამუშაოდან გათავისუფლებული იყო 2006 წლის 9 ივნისიდან 2006 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. თ. ს.-ს განაცხადი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დახმარების დაფინანსების შესახებ შედგენილია 2007 წლის 11 ივნისს, დამსაქმებელმა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ წერილობითი მოთხოვნით მიმართა 2006 წლის 21 ივნისს. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2007 წლის 28 ივნისის წერილით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იმ მოტივით, რომ საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის დროისათვის გასული იყო ექვსი თვე, რაც ეფუძნებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანების ნორმებს.

საკასაციო სასამართლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» 10.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელსა და მის ასლს წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს მისგან ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართლის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში. ამავე წესის 10.7 მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დარღვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» 10.7 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა, რამდენადაც, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ, ს.ფ. 4-ზე მდებარე საავადმყოფო ფურცლის თანახმად, მოსარჩელე დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა 2006 წლის 9 ივნისიდან იმავე წლის 12 დეკემბრის ჩათვლით; საავადმყოფო ფურცელი გაიცა 2006 წლის 8 ივნისს, ხოლო საავადმყოფო ფურცელი სადეკრეტო შვებულების შესახებ დაიხურა 2006 წლის 12 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 4/. ს.ფ. 7-ზე მდებარე თ. ს.-ის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილთა შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დახმარების დაფინანსების განაცხადის თანახმად, თ. ს.-მ განაცხადი დამსაქმებელთან წარადგინა 2007 წლის 11 ივნისს, მაშინ, როცა საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან განაცხადის წარდგენამდე ექვსი თვე იწურებოდა 12 ივნისს, ანუ მოსარჩელემ უფლების რეალიზაცია დამსაქმებელთან მოახდინა ნორმატიული აქტით დადგენილ 6 თვიან ვადაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის გარემოება, რომ დამსაქმებლის ვალდებულება _ წარდგენილი განაცხადი გადაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, შესრულდა 2006 წლის 21 ივნისს, ვერ გახდება წინაპირობა, მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევისათვის, რამდენადაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» 10.7 მუხლით დადგენილია დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ზოგადი ხანდაზმულობის ვადა _ 6 თვე, თუმცა არ არის ცალსახა მითითება, რომ დამსაქმებლის მიერ სწორედ 6-თვიან ვადაში უნდა მოხდეს განაცხადის ფონდისათვის გადაგზავნა, რაც უნდა განიმარტოს შემდეგნაირად, რომ დასაქმებულის მიერ განაცხადის წარდგენა დამსაქმებელთან 6 თვიან ვადაში (რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა) ნიშნავს, რომ მან უზრუნველყო უფლების რეალიზაცია კანონით დადგენილ ვადაში. მეტიც, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» 6. «გ» მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონის ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დასაქმებული/დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარადგინოს დაფინანსების განაცხადი, ანუ სწორედ დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენს განაცხადის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გადაგზავნა. ამასთან, ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი დასაქმებულის არათუ ვალდებულება, არამედ უფლებამოსილება განაცხადი თავად წარუდგინოს უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აგრეთვე, არ არის განსაზღვრული, რომ დამსაქმებლის მიერ განაცხადის ფონდისათვის გადაგზავნის ვადის დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულის დეკრეტული შვებულება არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» 10.1 მუხლის თავდაპირველი რედაქციის თანახმად, დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს და მის ასლს წარუდგენდა დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვდა მისგან ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო, რის შემდგომაც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებდა საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს და წერილობით მიმართავდა დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ფონდის შესაბამის ფილიალს. 2007 წლის 27 ივნისს განხორციელებული ცვლილებით მითითებული მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, რომ: დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელსა და მის ასლს წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს მისგან ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართლის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ პუნქტში 2007 წლის 27 ივნისს განხორციელებული ცვლილება ვერ გავრცელდება მოსარჩელის მიმართ, რამდენადაც მოსარჩელემ უფლების რეალიზაცია მოახდინა 2006 წელს /ცვლილების შეტანამდე/ მოქმედი კანონქვემდებარე აქტის მოქმედების პერიოდში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს თ. ს.-ის სასარგებლოდ დეკრეტული შვებულების თანხის 600 ლარის ანაზღაურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე, სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხეს _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს თ. ს.-თვის დეკრეტული შვებულების თანხის _ 600 ლარის ანაზღაურება;

5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.