Facebook Twitter
საქმე ¹ბს-113-108(კ-09) 6 აპრილი, 2009 წელი

საქმე ¹ბს-113-108(კ-09) 6 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

დ. ა-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე – თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 1-2/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო შეტყობინება და საგადასახადო მოთხოვნა; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა /იხ. ს.ფ. 131-136/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზეYუარის თქმა /იხ. ს.ფ. 139-143/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება /იხ. ს.ფ. 172-178/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 182-190/.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ. ს.ფ. 194-195/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ დ. ა-ძემ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 199-200/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორმა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დასაშვებად ცნობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის საფუძველზე /იხ.ს.ფ. 202-204/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.