¹ბს-1131-1078 (კ-09) 21 სექტემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.09წ. განჩინებაზე ზ. ჯ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზ. ჯ-იამ 26.02.09წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და სამივლინებო თანხის, 1960,80 ლარის დაკისრება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.03.09წ. გადაწყვეტილებით, ზ. ჯ-იას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ-იამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.09წ. განჩინებით ზ. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.09წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინების ასლი ზ. ჯ-იას წარმომადგენელს _ დ. ნ-ძეს გადაეცა 21.07.09წ., ხოლო ზ. ჯ-იას – 22.07.09წ. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იქნა 26.08.09წ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამდენად, ზ. ჯ-იას მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ჯ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ჯ-იას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.