Facebook Twitter
ბს-1133-1080(გ-09)

ბს-1133-1080(გ-09) 24 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1133-1080(კ-09), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრისა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განჩინებაზე, ნ. შ-იას სარჩელისა გამო, მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

2009 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, შემდეგი მოტივით:

მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქმედების განხორციელება (ე.წ. “ყვითელი ცნობის” გაცემა). თავდაცვის სამინისტროს მოპასუხედ ყოფნა განპირობებული იყო: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.04.2006 წლის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეირარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის “ტ” ქვეპუნქტის ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ფუნქცია იყო “მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანაო ცნობის გაცემით”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული დებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ¹448 ბრძანებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 იანვრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის “ჟ” ქვეპუნქტის ჩანაწერით, დეპარტამენტის ფუნქცია (მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო შემოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით) შეიცვალა დაინტერესებული პირებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევით, კერძოდ, “იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს”.

ამდენად, განმცხადებლის მითითებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში აღარ შედის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით. შესაბამისად, შეუძლებელი იქნება მისი აღსრულებაც. შუამდგომლობის წარდგენის პერიოდისათვის საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დადასტურების შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ერთეულის მიერ გაცემული ცნობის წარდგენის საჭიროებას ვეტერანის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მოსაპოვებლად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის მინისტრის 25.02.08 წლის ¹50/ნ ბრძანებაში (“ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ) განხორციელებული ცვლილების თანახმად, მე-6 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორციხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებების, სამხედრო ტრამვის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვა.) მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი ამავე სამხედრო ფორმირების მეთაურთა შემადგენლობიდან და იმავე სამხედრო ფორმირების ორი თანამებრძოლი (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დეპარატამენტის მონაცემთა ბაზაში). ხელმოწერები დადასტურებული უნდა იქნეს ბეჭდით (ასეთი არსებობის შემთხვევაში).

ამდენად, შუმადგომლობის ავტორმა სსსკ-ის 272-ე მუხლის «ა მუხლის საფუძველზე დავის საგნის არარსებობის გამო მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

2009 წლის 18 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ _ ნ. შ-იამ, რომელშიც აღნიშნა, რომ ეთანხმებოდა შუამდგომლობას და მოითხოვა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ.ს.ფ.).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება ნ. შ-იას სარჩელზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა, რასაც

წერილობით დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. შ-ია (იხ.ს.ფ.).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. შ-ია დაეთანხმა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობას საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირის ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. შ-იას სარჩელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 «აI" მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე «აI» პუნქტის, 372-ე, 390-ე მუხლებით და

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება; ნ. შ-იას სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.