Facebook Twitter

ბს-1133-1095(კ-08) 27 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ ი/მ “მ. კ-ია”, წარმომადგენელი მ. ბ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი მ. გ-ლი; 2. ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი, წარმომადგენელი გ. ლ-ე

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 28 ივნისს ი/მ “მ. კ-ამ” სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 14 ივნისის ¹4924 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 მარტის ¹309480 ბრძანების ბათილად ცნობა და ჯარიმის განსაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139.5 მუხლის შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ქ. თბილისში, ..... ქ. ¹47-ში, სადაც მომხმარებელთან ნაღდ ფულად ანგარიშსწორებას ახდენდა ¹127090 საკონტროლო სალარო აპარატით. 2006 წლის 8 მაისამდე მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ქ. თბილისში, .... ქ. ¹7-ში მდებარე სილამაზის სალონში, სადაც მომხმარებელთან ნაღდ ფულად ანგარიშსწორებას ახდენდა ¹108903 საკონტროლო სალარო აპარატით. 2006 წლის 8 მაისიდან საკონტროლო სალარო აპარატი მოიხსნა რეგისტრაციიდან, ხოლო იმავე დღიდან მითითებულ სალონში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ი/მ “თ. უ-ია”. 2006 წლის 16 ივნისს სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 ივლისის ¹303812 საგადასახადო მოთხოვნით დაჯარიმდა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ჯარიმა უნდა დარიცხოდა არა ი/მ “მ. კ-ას”, არამედ ი/მ “თ. უ-ას”, რადგან ეს უკანასკნელი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას ქ. თბილისში, ..... ქ. ¹7-ში მდებარე სილამაზის სალონში. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ განაცხადა საგადასახადო ინსპექციაში, ასევე ი/მ “თ. უ-ამ” განცხადება შეიტანა თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ჯარიმის გადატანის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელემ თავის სამეწარმეო ადგილზე, ქ. თბილისში, .... ქ. ¹47-ში მიიღო თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹305614 საგადასახადო მოთხოვნა სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის 500 ლარით დაჯარიმების თაობაზე. აღნიშნული ჯარიმები 2007 წლის თებერვალში გადაიხადა მოსარჩელე ი/მ “მ. კ-ამ”. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 აპრილის ¹309480 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ი/მ “მ. კ-ას” დაერიცხა ჯარიმა საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის საგადასახადო კოდექსის 139.6 მუხლის საფუძველზე, 2500 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია სადავო საგადასახადო მოთხოვნა, რადგან ჯარიმა უნდა დარიცხოდა საგადასახადო კოდექსის არა 139.6, არამედ 139.5 მუხლის საფუძველზე, რადგან 2006 წლის 16 ივნისს არასწორად დაჯარიმდა. შესაბამისად, მოსარჩელე პირველად დაჯარიმდა 2006 წლის 2 ოქტომბერს, რის გამოც 2007 წლის 15 აპრილს უნდა დაჯარიმებულიყო სალარო აპარატის მეორედ გამოუყენებლობისათვის (იხ. ს.ფ. 1-4).

ი/მ “მ. კ-ას” სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 95).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი/მ “მ. კ-ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ “მ. კ-ია” თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 ივლისის ¹303812 და 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹305614 საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და მან საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხადა სრულად. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აგვისტოს ¹305614 ბრძანებაში თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 14 მაისის ¹01-05/213 ბრძანებით შევიდა ცვლილება და ი/მ “მ. კ-ია” საკონტროლო-სალარო აპარატის განმეორებით გამოუყენებლობისათვის დაჯარიმდა 1500 ლარით, რაც მხარეს ასევე სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155.3 მუხლის შესაბამისად, ი/მ “მ. კ-ას” მიერ რეალურად აღიარებულ იქნა მითითებული საგადასახადო მოთხოვნები. აღნიშნულის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139.6 მუხლი სადავო 2007 წლის 21 მარტის ¹309480 ბრძანებისა და 2007 წლის 16 აპრილის ¹309480 საგადასახადო მოთხოვნის მიღებისას (იხ. ს.ფ. 99-103).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “მ. კ-ამ” და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ი/მ “თ. უ-ამ” 2006 წლის 14 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის საგადასახადო ინსპექციას, რომლითაც ითხოვდა ი/მ “მ. კ-ის” არასწორად დარიცხული ჯარიმების გადატანას, იმ მოტივით, რომ 2006 წლის 14 მარტიდან თვითონ აწარმოებდა სამეწარმეო საქმიანობას ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე სილამაზის სალონში. ამდენად, 2006 წლის 16 ივნისს არასწორად იქნა შედგენილი ¹303812 ოქმი საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ.

ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები (იხ. ს.ფ. 109-110).

ი/მ “მ. კ-ას” სააპელაციო საჩივარი არ ცნო შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 121-126).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ თბილისის რეგიონალური ცენტრით (იხ. ს.ფ. 134).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ი/მ “მ. კ-ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155.3 მუხლის თანახმად, ი/მ “მ. კ-ას” მიერ აღიარებულ იქნა საგადასახადო მოთხოვნები. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო 2007 წლის 21 მარტის ¹309480 ბრძანებისა და 2007 წლის 16 აპრილის ¹309480 საგადასახადო მოთხოვნის მიღებისას მართებულად იქნა გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 139.6 მუხლი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს (იხ. ს.ფ. 145-148).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “მ. კ-ამ” და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად, შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რითაც დაარღვია სსსკ-ის 393.2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნები.

კასატორის მითითებით, 2006 წლის 16 ივნისს არასწორად იქნა შედგენილი ¹303812 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2006 წლის 14 მარტიდან ქ. თბილისში, ..... ქ. ¹7-ში მდებარე სილამაზის სალონში სამეწარმეო საქმიანობას აწარმოებდა არა ი/მ “მ. კ-ია”, არამედ ი/მ “თ. უ-ია” და ქ. თბილისში, ..... ქ. ¹47-ში მდებარე მაღაზიაში საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობა ჩათვალა პირველად ქმედებად და ჯარიმა განსაზღვრა 500 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება 2006 წლის 28 ივლისის ¹305614 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით.

კასატორის მითითებით, ი/მ “მ. კ-ია” აღიარებს იმ ფაქტს, რომ .... ქ. ¹47-ში მდებარე მაღაზიაში ორჯერ იქნა დაჯარიმებული საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის, რაც საგადასახადო კოდექსის 139.5 მუხლის შესაბამისად, იწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, პირველი ჯარიმის – 500 ლარისა და მეორე ჯარიმის – 1500 ლარის ჯამი არის 2000 ლარი, რასაც აღიარებს მოსარჩელე (იხ. ს.ფ. 166-174).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი ი/მ “მ. კ-ას” საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 196-200).

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეებმა არ ცნეს ი/მ “მ. კ-ას” საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი/მ “მ. კ-ას” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის “ე1" პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კასატორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალების თანახმად, ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ¹303812 ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, .... ქ. ¹7-ში მდებარე ობიექტში ი/მ “მ. კ-ია” ახორციელებდა ფულად ანგარიშსწორებას საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების გარეშე, რის გამოც თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 5 ივლისის ¹303812 ბრძანებით ი/მ “მ. კ-ას” განესაზღვრა სანქციის სახით ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 139.4 მუხლის შესაბამისად, 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე, 2006 წლის 24 ივლისს საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემულ იქნა ¹303812 საგადასახადო მოთხოვნა. მითითებული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ოქმი შედგა ქ. თბილისში, .... ქ. ¹7-ში მდებარე ობიექტში, თუმცა ამავე ოქმში იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად მითითებულ იქნა ასევე ქ. თბილისი, .... ქ. ¹47. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ თბილისის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში, .... ქ. ¹7-ში არსებულ ობიექტში. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ¹305614 ოქმით დადგინდა ქ. თბილისში, .... ქ. ¹47-ში მდებარე ობიექტში ანგარიშსწორების წარმოება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების გარეშე, რის გამოც 2006 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 139.4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაზეც გაიცა 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹305614 საგადასახადო მოთხოვნა. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 14 მაისის ბრძანებით შესწორება შევიდა ¹305614 ბრძანებაში და ი/მ “მ. კ-ას” სანქცია განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 139.5 მუხლის შესაბამისად 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა. აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 მარტის ბრძანებით, ი/მ “მ. კ-ია” სალარო აპარატის კვლავ გამოუყენებლობის გამო, საგადასახადო კოდექსის 139.6 მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 2500 ლარით.

სააპელაციო სასამართლომ, მითითებული საგადასახადო აქტების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ “მ. კ-ია” დაჯარიმებული იყო რა სალარო აპარატის ორჯერ გამოუყენებლობისათვის 2006 წლის 24 ივლისის ¹303812 და 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹305614 საგადასახადო მოთხოვნებით, საგადასახადო კოდექსის 139.6 მუხლის შესაბამისად, მართებულად დაჯარიმდა 2500 ლარით, განმეორებით ჩადენილი დარღვევისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას, კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 8 მაისის ¹47 ცნობის თანახმად, ი/მ “მ. კ-ას” კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი, საქარხნო ნომრით 108903, განთავსებული ქ. თბილისში, ...... ქ. ¹7-ში, მოხსნილი იყო რეგისტრაციიდან. საკონტროლო-სალარო აპარატის ¹2352 სარეგისტრაციო ბარათის თანახმად, საკონტროლო-სალარო აპარატი, საქარხნო ნომრით 108903, რომელიც დადგმული იყო ქ. თბილისში, ..... ქ. ¹7-ში, რეგისტრირებულ იქნა ი/მ “თ. უ-ას” სახელზე. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ი/მ “მ. კ-ას” მიერ 2006 წლის 15 მაისს წარდგენილი მიმართვით, მოსარჩელემ საგადასახადო ინსპექციას აცნობა, რომ ქ. თბილისში, ..... ქ. ¹7-ში კუთვნილი სილამაზის სალონი, 2006 წლის მაისიდან დაიხურა და მან 2006 წლის მაისიდან სასურსათო მაღაზია გახსნა ქ. თბილისში, ..... ქ. ¹47-ში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა დადასტურებულად, რომ ი/მ “მ. კ-ია” 2006 წლის 24 ივლისის ¹303812 საგადასახადო მოთხოვნით დაჯარიმდა სალარო აპარატის პირველად გამოუყენებლობისათვის, არ შეუფასებია ზემოთ მითითებული მტკიცებულებები და არ უმსჯელია აპელანტის არგუმენტზე, რომ მითითებული საგადასახადო მოთხოვნით, ქ. თბილისში ..... ქ. ¹7-ში მდებარე ობიექტში ჩადენილი დარღვევისათვის ჯარიმა უნდა დაკისრებოდა ი/მ “თ. უ-ას”, რომელიც 2006 წლის მაისიდან ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას აღნიშნულ ობიექტში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 105.2 მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ემსჯელა, საფუძვლიანი იყო თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა სანქციის განსაზღვრისას საგადასახადო კოდექსის 139.6 მუხლის გამოყენების კანონიერების შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს. საგადასახადო სამართალი არეგულირებს სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს, რომლის ერთ-ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საგადასახადო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საგადასახადო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საგადასახადო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საგადასახადო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისგან, რაც გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ საგადასახადო კოდექსით (ისე, როგორც სხვა ნორმატიული აქტებით) გათვალისწინებული საგადასახადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, როგორც მმართველობით სფეროში წარმოშობილი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ნაწილს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოიკვლიოს კონკრეტულ შემთხვევაში 2006 წლის 16 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ¹303812 ოქმით დადგენილი სამართალდარღვევა ჩაიდინა თუ არა ი/მ “მ. კ-ამ”, რამდენადაც საგადასახადო პასუხისმგებლობა განსაზღვრულია, როგორც საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით აგოს პასუხი ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე.

აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველ, ასევე მე-9 მუხლში, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა მტკიცებულება (მათ შორის, ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით თავადვე მოიპოვოს) რათა საგადასახადო პასუხისმგებლობა არ დაეკისროს პირს, ვისაც იგი არ ჩაუდენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ი/მ “მ. კ-ას” საკასაციო საჩივრის მოტივები სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის პროცესუალური დარღვევებით განხილვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს არა აქვს პროცესუალური უფლებამოსილება, თავად გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ობიექტურად და სათანადოდ გამოიკვლიოს, რის შედეგადაც საქმეზე დადგინდეს ობიექტური, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი/მ “მ. კ-ას” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.