ბს-1134-1081(2კ-09) 12 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელე ნ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მფრინავად სხვადასხვა ტიპის ავია ხომალდებზე, სადაც მისი საერთო ნაფრენი შეადგენდა 11987 საათს.
მოსარჩელის განმარტებით იგი დანიშნული იყო სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მთავარ ინჯინრად, შემდგომ თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე, საიდანაც 2006 წლის 1 ივნისიდან განთავისუფლდა ადმინისტრაციის რეორგანიზაციის გამო. 2006 წლის 17 ივლისს საქართველოს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის პროფ. დაავადებათა დამდგენმა კომისიამ მოსარჩელეს დაუდგინა პროფესიული ხასიათის სმენის დაქვეითება, ასევე შრომითი შესაძლებლობების შეზღუდვა ზომიერად გამოხატული, პროფესიული დაავადებების მიზეზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების და 2002 წლის 26 თებერვლის ¹872 განკარგულების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს უნდა დაკისრებოდა მისთვის ყოველთვიურად ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2934 ლარის ოდენობით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა თავის სასარჩელო განცხადებას და დამატებით განმარტა, რომ რომ მის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა უნდა გაყოფილიყო სამზე და გაყოფის შედეგად მიღებული თანხა 978 ლარის ყოველთვიურად აბაზღაურება უნდა დაკისრებოდა მოპასეხეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი 9780 ლარის ოდენობით; ნ. ბ-შვილის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის 2007 წლის 1 სექტემბრის შემდგომ ყოველთვიურად სარჩოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. კასატორმა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.