Facebook Twitter

¹ბს-1135-1082 (2კ-09) 02 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (მოპასუხე)

ს/ს «...» (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, შპს «...» (მოსარჩელე)

მესამე პირი _ რ. ს-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს «...» 2008 წლის 17 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილების მე-3 მუხლის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ს/ს «...» განცხადების განხილვის შედეგად, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითხოვდა ქ. ფოთში შთM მულტიპლექსორის პორტებთან დაშვებას, საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი არხების უზრუნველყოფის მიზნით, ხოლო ასეთი რესურსის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური აპარატურის მონტაჟის განხორციელებაზე ნებართვის გაცემას. კომისიის გადაწყვეტილების მე-3 მუხლის თანახმად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოთხოვნა და დაევალა შპს «...» ს/ს «...» დაშვება მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში, ს/ს «...» მიერ სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში.

შპს «...» სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის ,,გ» პუნქტი, ამავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი შ.პ.ს. «...» მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი და მოსაზრებები, არ მოხდა ტექნიკური საკითხების სრულად შესწავლა, არ იქნა პასუხი გაცემული იმ ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, რაც კომისიის წინაშე შპს «...» არაერთხელ დააყენა, სადავო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობის უდავო საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმული იქნა სს «...». ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში ს/ს «...» ნაცვლად მესამე პირად ჩაბმულ იქნა მისი უფლებამონაცვლე ს/ს «...». ამავე სხდომაზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა რ. ს-ია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს ¹498/9 გადაწყვეტილებით შპს «...» ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და მას დაკისრებული ჰქონდა «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები. სს «...» 2008 წლის 11 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოპასუხე შპს «...»-ს მიმართ და მოითხოვა ქ. ფოთში მოპასუხის კუთვნილ შთM მულტიპრექსორთან ს.ს. «...» დაშვების დავალდებულება, ასევე მოპასუხის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება. 2008 წლის 18 აპრილს სს «...»-მ დაზუსტებული განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ასევე მოითხოვა კომპანია «...» პირდაპირი ოპტიკური არხით (წყვილით) ფოთი-სოჭი-ნოვოროსიისკის მაგისტრალური კაბელის მეშვეობით მიერთების დავალდებულება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ს.ს. «...» და შპს «...»-ს შორის დავის განხილვის შესახებ 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს «...» მოთხოვნა ქ. ფოთში შპს «...»-ს კუთვნილ შთM მულტიპლექსორთან საერთაშორისო არხებთან, ასევე ფოთი-სოჭი-ნოვოროსისკის ოპტიკურ კაბელთან დაშვების შესახებ. Aასევე არ დაკმაყოფილდა სს «...» მოთხოვნა შპს «...» სანქცირების შესახებ. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს «...» მოთხოვნა და დაევალა შპს «...», სს «...» დაშვება შპს «...»-ს მაგისტრალის ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში, სს «...» მიერ სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი კავშირის დამყარება ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ხოლო შპს «...» საკუთარი ფართი ქალაქ ფოთში არ გააჩდა და როგორც მოქირავნე შეზღუდული იყო მესაკუთრის თანხმობის გარეშე გაეცა ნებართვა თანალოკაციის ფართში დაშვებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «...» დაკისრებული ჰქონდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ქსელის შესაბამის რესურსთან დაშვების სპეციფიკური ვალდებულება. იგი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის ქ. ფოთში), რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს და ზემოაღნიშნული საკანონდებლო აქტის შასაბამისად ვალდებული იყო უზრუნველეყო მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება. ამასთან, მასვე უნდა მოეწესრიგებინა სამართლებრივი ურთიერთობა გამქირავებელთან თუ თანამესაკუთრეებთან იმგვარად, რომ დაუბრკოლებლად წარემართა თავისი საქმიანობა «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და კომისიის გადაწყვეტილების მოთხოვნათა შესაბამისად.

სასამართლომ მიუთითა ასევე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს წარმოდგენილ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ქ. ფოთში, სხვა ოპერატორის დაშვება შპს «...»-ს კუთვნილ მაგისტრალურ ქსელთან, შესაძლებელი იყო სათანადო აპარატურის შეძენის შემთხვევაში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტის იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს, რის გამოც მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, მოპასუხის მიერ აქტის გამოცემისას დაცული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 თავით დადგენლი დებულებანი, სადავო გადაწყვეტილება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცული იყო ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...» და განმარტა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონის მე-5 თავით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის «რ» ქვეპუნქტის, 29-ე და 34-ე მუხლების სწორი შეფასების შემთხვევაში სასამართლო ნათლად შეაფასებდა, რომ კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადაჭარბებას, როდესაც მან თავისი გადაწყვეტილებით შპს «...» თვითონ დაუდგინა დაშვების კონკრეტული პირობები, მაშინ, როდესაც კანონით ამის უფლება მინიჭებული ჰქონდა თავად ოპერატორს. კომისიას უფლება ჰქონდა განესაზღვრა ზოგადი დაშვების პირობები, რომლის დროსაც უნდა გაეთვალისწინებია კანონით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილების შეზღუდვის ფაქტორები. ამასთან, კომისიამ იმსჯელა იმ ქონებაზე, რომელიც სამი ქვეყნის იურიდიული პირის თანასაკუთრებას წარმოადგენდა და მისი მართვა რეგულირდებოდა შესაბამისი შეთანხმებით. სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლიდა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულად ცნო მხოლოდ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2008 წლის 18 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე ისე, რომ არც მის შინაარსზე, არც «...» მიერ კომისიაში წარდგენილ ტექნიკურ დასკვნებსა და სასამართლო სხდომაზე «...» წარმომადგენლის დეტალურ განმარტებებზე არ უმსჯელია. აღნიშნული დასკვნები და განმარტებები ასაბუთებდნენ შპს «...» პოზიციას და მათი გათვალისწინება პირდაპირ ევალებოდა კომისიას, ვინაიდან ეხებოდა დაშვების ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობას, დაშვების ქსელის ელემენტების თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებს და მოთხოვნილი სიმძლავრეების არსებობას, ასევე ოპერატორის მიერ გასაწევი ინვესტიციების მოცულობას და შესაბამის საინვესტიციო რისკებს.

აპელანტი მიიჩნევდა, რომ ქსელის ელემენტების განცალკევება ტექნიკურად და ტექნოლოგიურად შეუძლებელი იყო და გამოიწვევდა ქსელის მთლიანობის დარღვევას, ამასთან დაშვების განხორციელება ქ. ფოთში არ იყო გამოწვეული დაშვების აუცილებლობით, ვინაიდან იგივე მომსახურების მიღება შესაძლებელი იყო ... მიერ გამოცხადებულ დაშვების წერტილში, ქ. თბილისში. აპელანტი მიიჩნევდა, რომ კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს ¹498/9 გადაწყვეტილების თანახმად, შპს «...» მოწვევის ოფერტა გამოაქვეყნა კანონით განსაზღვრულ ვადაში და იგი შესაბამისობაში იყო კომისიის გადაწყვეტილებასთან, ვინაიდან კომისიას კანონით განსაზღვრულ ვადაში და არც შემდგომ მოუთხოვია მასში რაიმე სახის ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ოფერტით დაშვების წერტილად დადგენილ იქნა ქ. თბილისი, ... ქ. ¹16, დადგენილ იქნა ასევე მომსახურების ტარიფებიც. კომისიამ არათუ არ დაავალდებულა ს/ს «...» უპირობოდ მიეღო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვების შეთავაზების წინადადებით განსაზღვრული პირობები, არამედ შეცვალა ისინი და სრულიად სხვა, კანონსაწინააღმდეგო ვალდებულებები დააკისრა მას. აღნიშნული კანონდარღვევა აპელანტის მოსაზრებით არ შეუფასებია სასამართლოს.

სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლიდა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ შპს «...» დავალებული ჰქონდა ქ. ფოთში ამ მისამართზე დაშვება ან ეს ფართი წარმოადგენდა თანალოკაციის ფართს. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ არც კომისია და არც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეეზღუდა კერძო პირთა უფლება _ ხელშეკრულება დადონ თავისუფლად. სასამართლომ მტკიცებულებებზე მიუთითებლად მიიჩნია, რომ შპს «...» და რ. ს-იას შორის ფართის ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2009 წლის 1 იანვარი, მაშინ, როცა აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ იყო განსაზღვრული და მხარეები დღემდე განაგრძობენ ურთიერთობას. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ვერც ს/ს «...» და ვერც კომისია ვერ ასაბუთებენ, თუ რა სამართლებრივი ან ეკონომიური ინტერესი ჰქონდა ქ. ფოთში ორმეგაბიტწამიან პორტებთან დაშვების უზრუნველყოფას, მაშინ, როცა იგივე მომსახურება, იგივე ტარიფებით შეთავაზებულ იქნა ქ.თბილისში.

სააპელაციო საჩივრის ავტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შპს «...»-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, შპს «...»-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას და მიუთითა, რომ «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «რ» ქვეპუნქტის თანახმად, დაშვება გულისხმობს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს, თუ რა უნდა იქნეს გათვალისწინებული კომისიის მიერ დაშვების ვალდებულების დაკისრებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებს ელექტრონული ქსელის ოპერატორის უფლებამოსილებას, უარი განაცხადოს ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევებაზე, თუ მისი განხორციელება ტექნოლოგიურად შეუძლებელია.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება _ არსებული ციფრული მაგისტრალური სატელეკომუნიკაციო არხებით მომსახურეობის შეთავაზების წინადადების გამოქვეყნება, შპს «...»-ს მიერ შესრულებულ იქნა, კერძოდ დაშვების წერტილად გამოცხადდა ქ. თბილისი, ... ქ. ¹16; სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების, 2008 წლის 18 სექტემბრის მონიტორინგის სამსახურის დასკვნისა და სადავო 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების მიღებისას და არც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დღისათვის შპს «...» ფოთში არ გააჩნდა ტექნიკური საშუალება ქ. ფოთში რუსეთის მიმართულებით კუთვნილ მაგისტრალურ ქსელთან სხვა ოპერატორის დაშვებისათვის, ხოლო ტექნიკური საშუალება შთM-16-ზე 2 მეგაბიტის დონეზე ჩართვისათვის შესაძლებელი იყო მხოლოდ ქ. თბილისში.

სააპელაციო პალატამ საქმეში «...» წარმომადგენლის წერილზე დაყრდნობით, დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ფოთი-სოჭი-ნოვოროსიისკის ოპტიკური კაბელი წარმოადგენდა კონსორციუმის საკუთრებას და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მაგისტრალის მართვის პირობების დადგენა არ შედიოდა მხოლოდ ერთი მხარის კომპეტენციაში. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტისას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებული იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია დაინტერესებული მხარე, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან, შპს «...» არ იყო უფლებამოსილი კონტრაჰენტისათვის უსაფუძვლოდ შეეთავაზებია ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. ამასთან, განმარტა, რომ «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნასა და ფიზიკურ პირ _ რ. ს-იასთან დადებულ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, იმოქმედებდა კანონით გაწერილი ვალდებულებები. შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი ვალდებული იყო დაეცვა კანონის მოთხოვნები და კერძო სამართლის ორ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო კანონთან.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილი წინააღმდეგობაში იყო «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და ს/ს «...».

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 105-ე მუხლი და საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების გარეშე, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა მონიტორინგის სამსახურის 2008 წლის 18 სექტემბრის დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების შეძენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მაგისტრალურ ქსელთან სხვა ოპერატორის დაშვება. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული დასკვნა ეფუძნება მხოლოდ მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს ¹498/9 გადაწყვეტილების შესრულებად ურთიერთჩართვის წერტილად თბილისი, ... ქუჩა ¹16-ის გამოცხადება და განმარტა, რომ «ელექტრონული კომინიკაციების შესახებ» კანონის 31.2 მუხლის შესრულების მიზნით «...» ვალდებული იყო საჯარო გაეხადა ინფორმაცია, როგორც თავისუფალი, ისე დატვირთული ელემენტების სიმძლავრეებისა და ტერმინალური ელემენტების მისამართების თაობაზე. ამ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა არ ათავისუფლებდა მას კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისაგან. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, თითქოს კომისიამ 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილებით დაადგინა დაშვების კონკრეტული პირობები. «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ მიღებული გადაწყვეტილებით მოახდინა ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელთან სხვა ოპერატორის დაშვება, რაც შეეხება პირობებს, აღნიშნული კომისიას არ დაუდგენია, ეს იქნება მხარეთა შორის შეთანხმების საგანი. კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, გასაჩივრეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების ფაქტობრივად შეუძლებლობის გამო მის ბათილად ცნობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, არამედ ქმნის მის არარად გამოცხადების შესაძლებლობას. კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლომ არათუ იმსჯელა სარჩელის საფუძვლებზე, არამედ თავისი ინიციატივით შეცვალა ისინი.

ს/ს «...» ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორი შეფასება მიეცა მონიტორინგის სამსახურის დასკვნას და სასამართლომ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე მიიჩნია, რომ სათანადო აპარატურის შეძენის შემთხვევაში ფოთში რომელიმე სხვა მომხმარებლის მიერთება გამოიწვევდა კავშირის შეწყვეტას. გასაჩივრებული აქტი სრულ შესაბამისობაშია «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნებთან. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ «ელექტრონული კომინიკაციების შესახებ» კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტი, ვინაიდან საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არის შეუძლებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება ტექნოლოგიურად ან აღნიშნული რატომ დაარღვევს ქსელის მთლიანობას. კასატორმა ასევე განმარტა, რომ კომისიამ 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილებით დააკონკრეტა 2007 წლის 31 აგვისტოს ¹489/9 გადაწყვეტილებით შპს-სათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები, რისი უფლებამოსილებაც გააჩნდა «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონის 30.3 მუხლის შესაბამისად. კასატორი ასევე მიუთითებს კომპანია «...» წერილზე და თვლის, რომ აღნიშნული წერილი არ ეხება კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილით დადგენილ საკითხს, შესაბამისად სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებია აღნიშნული წერილი.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია, არასწორად განმარტა კანონი, ამასთან, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ს/ს «...» საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ს/ს «...» საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავის დაწყების საფუძველი გახდა სს «...» და «...» შორის ქ. ფოთში შპს «...» მეშვეობით კავშირის მოწყობის სანაცვლოდ შპს «...» შეთავაზება ხსნებული კავშირის დასამყარებლად ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში კავშირის მოწყობის თაობაზე.

დადგენილია, რომ ს.ს. «...» და შპს «...» შორის დავის განხილვის შესახებ 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს «...» მოთხოვნა და დაევალა შპს «...», სს «...» დაშვება შპს «...»-ს მაგისტრალის ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში, სს «...» მიერ სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «...» არ გააჩნდა ქ. ფოთში ტექნიკური საშუალება საქართველო-რუსეთის ოპტიკურ მაგისტრალთან მიერთების უზრუნველსაყოფად სხვა ოპერატორის დაშვებისა, ვინაიდან აღნიშნული მაგისტრალი არ წარმოადგენდა მის ერთპიროვნულ საკუთრებას, ამასთან, მაგისტრალზე დაკავშირება ხორციელდებოდა 2,4 მგბიტ/წმ დონეზე და სხვა მომხმარებლის მიერთება გამოიწვევდა კავშირის შეწყვეტას საერთაშორისო მაგისტრალთან, ამასთან, მას ასევე არ გააჩნდა თანალოკაციისათვის საჭირო ფართი.

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონის 34-ე მუხლზე, რომლის თანახმად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. გარდა ამისა, ამავე ნორმის მე-3 პუნქტი, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით, მნიშნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს ავალდებულებს უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობებისა და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის 2008 წლის 18 სექტემბრის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ქ. ფოთში, სხვა ოპერატორის დაშვება შპს «...» კუთვნილ მაგისტრალურ ქსელთან, შესაძლებელი იქნება სათანადო აპარატურის შეძენის შემთხვევაში. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონის მოთხოვნებსა და კერძო სამართლის ორ სუბიექტს შორის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში მოქმედებს კანონით დადგენილი ვალდებულებები. ამასთან, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ფოთში ტერმინალურ კომპლექსზე თანასაკუთრების უფლების არსებობა წარმოადგენდა დაშვების დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან სადავო არაა ის გარემეობა, რომ შპს «...» დაკისრებული აქვს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ქსელის შესაბამის რესურსთან დაშვების სპეციფიკური ვალდებულება. იგი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირია საქართველოს მთელ ტერიტორიზე (მათ შორის ქ. ფოთი), რომელიც ფლობს ელეტრონულ საკომუნიკაციო ქსელს და მიუხედავად სახელშეკრულებო შეზღუდვისა იგი ვალდებულია უზრუნველყოს მის ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სს «...» მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შპს «...» გააჩნდა როგორც კანონისმიერი ვალდებულება ასევე ტექნიკური შესაძლებლობა მოეხდინა მისი დაშვება შპს-ს მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის, კომპანიის მიერ სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში. იგი ასევე ვალდებული იყო სახელშეკრულებო ურთიერთობა მიესადაგებია კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ ვალდებულებებისა და კომისიის გადაწყვეტილებისათვის, მისი აღსრულების მიზნით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ფოთში სხვა მომხმარებლის მიერთება გამოიწვევდა კავშირის შეწყვეტას საერთაშორისო მაგისტრალთან. მონიტორინგის სამსახურის დასკვნის თანახმად, ქ. ფოთში სათანადო აპარატურის საშუალებით სხვა მომხმარებლის მიერთება არ გამოიწვევს საერთაშორისო კავშირის შეწყვეტას, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო საფუძვლის მქონე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიამ შპს «...» თავად დაუდგინა დაშვების კონკრეტული პირობები მაშინ, როდესაც კანონის საფუძველზე ამის უფლება მინიჭებული ჰქონდა თავად ოპერატორს. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 ნაწილით კომისიამ «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონის მე-11 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მხოლოდ მოახდინა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. რაც შეეხება დაშვების კონკრეტული პირობების განსაზღვრას, აღნიშნული გათვალისწინებულია ამავე კანონის 34-ე მუხლის შესაბამისი დათქმებით და წარმოადგენს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადასაწყვეტ პირობებს.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარედ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია ოპტიკურ კაბელზე თანასაკუთრების მქონე სუბიექტები, ვინაიდან ფოთი-სოჭი-ნოვოროსიისკის ოპტიკური კაბელის მესაკუთრე კონსორციუმი არ წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს, შპს «...» უშუალოდ, სხვა პირებისაგან დამოუკიდებლად არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის ¹538/16 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის მავალდებულებელი ხასიათი მიმართულია მხოლოდ შპს «...» და იგი არ შეეხება ოპტიკური კაბელის მესაკუთრე სხვა სუბიექტების ინტერესებს, არ გამოიწვევს მათი სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას. ამასთან, რაც შეეხება კომპანია «...» წერილს, აღნიშნული წერილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სწორად იქნა გამოყენებული 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების პირველი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც ეხებოდა ს/ს «...» ფოთი-სოჭი-ნოვოროსიისკის ოპტიკურ კაბელთან დაშვებაზე უარის თქმას, ხოლო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ წერილს შემხებლობა არ აქვს გადაწყვეტილების მე-3 ნაწილით დადგენილ საკითხთან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, სააპელაციო პალატის მიერ სრულად იქნა გამოიკვლეული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სადავო საკითხის გადაწყვეტა აღარ საჭიროებს დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საქმეზე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ს/ს «...» საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებით საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს «...»-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სსსკ-ს 53.1-ე მუხლის თანახმად, შპს «...» უნდა დაეკისროს კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 411-ე მუხლით, 53-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ს/ს «...» საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;

3. შპს «...»-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს «...» დაეკისროს ს/ს «...» სასარგებლოდ მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

5. შპს «...» დაეკისროს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სასარგებლოდ მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.