¹ბს-1138-1085(კ-09) 30 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 10 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1138-1085(კ-09) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კასაციის განაცხადი არ შეესაბამებოდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რადგან კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმებას მთლიანად. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით კი მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ იყო გაზიარებული. გარდა აღნიშნულისა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.2 მუხლის მოთხოვნას, რადგანაც კასატორს საკასაციო საჩივარი არ ქონდა წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღე (იხ. ს.ფ. 90-92 ტ. II)
2009 წლის 23 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი ხარვეზის შევსების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.
საკასაციო სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ საპროცესო ვადაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ელისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა კვების კოპენსაციის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამდენად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ იქნა გაზიარებული. მიუხედავად აღნიშნულისა თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა.
მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირს უფლება აქვს გაასაჩივროს მხოლოდ თავისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის მიზნით, კასატორს უფლება ჰქონდა ედავა მხოლოდ მისთვის სახელფასო დავალიანების დაკისრების ნაწილში გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რასაც კასატორის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს და რის თაობაზეც მას მიეთითა 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე წარდგენილი კასაციის განაცხადი შესაბამისობაში იყოს სსსკ-ის 396.1 მუხლის მოთხოვნებთან..
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის მიერ ხარვეზი ასლის თაობაზე გამოსწორდა. თუმცა, კასატორს საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია სსსკ-ის 396.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, კასაციის განაცხადი არ შეესაბამება საკასაციო საჩივრის საპროცესო კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის პროცესუალური უფლება გულისხმობს, რომ მხარეს შეუძლია მოითხოვოს საკასაციო სასამართლოსგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვა, მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილებულ ნაწილში გადაწყვეტილება ვერ იქნება კასაციის ობიექტი.
კასატორმა- ადმინისტრაციულმა ორგანომ ხარვეზის დადგენის შემდეგაც არ შეასრულა კანონის მოთხოვნა (წარმოდგენილი კასაცია თავდაპირველი საჩივრის იდენტურია), არ მოიყვანა შესაბამისობაში საპროცესო კანონთან კასაციის განაცხადი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.