Facebook Twitter
ბს-114-109(კ-09)

ბს-114-109(კ-09) 2 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 13 სექტემბერს შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის ივნისიდან სექტემბრამდე შპს «..." უკანონოდ ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და ამის შედეგად შედგენილი აქტით შპს «..." ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა: დღგ-ში _ 1030,20 ლარი, ქონების გადასახადში _ 185,56 ლარი, საშემოსავლო გადასახადში _ 5,88 ლარი, მიწის გადასახადში _ 565 ლარი, ბუნებრივ რესურსებზე გადასახადში _ 550 ლარი, სოციალურ გადასახადში _ 528,3 ლარი, სულ _ 2864,94 ლარი, დღგ-ზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლით _ 268,67 ლარი, ქონების გადასახადზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლით _ 46,39 ლარი, საშემოსავლო გადასახადზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლით _ 68,84 ლარი, სოციალურ გადასახადზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლით _ 132 ლარი, ხოლო ჯარიმა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის _ 3000 ლარი, აღურიცხავი საქონლისათვის _ 110030 ლარი, დღგ-ზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლით _ 321370 ლარი. საერთო ჯამში, 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, შპს «..." ძირითადი გადასახადისა და ჯარიმის სახით დაეკისრა 437780,84 ლარის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ შემოწმების დაწყებისთანავე შემმოწმებლებს არაერთგზის სთხოვა მისთვის გადაეცათ თელავის საგადასახადო ინსპექციის შესაბამისი ბრძანებები გეგმური საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. აღნიშნული ბრძანებებიდან მას გადასცეს 2005 წლის 30 ივნისის ¹110 (ჩაიბარა 2005 წლის 6 ივლისს), 2005 წლის 8 ივლისის ¹120 (ჩაიბარა 2005 წლის 12 ივლისს), 2005 წლის 29 აგვისტოს ¹149 (ჩაიბარა 2005 წლის 5 სექტემბერს) ბრძანებები. სხვა ბრძანებები კი მისთვის არ წარუდგენიათ. ასევე, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არ წარუდგინეს და ვერ გაეცნო გეგმური შემოწმების თანდართულ პროგრამას. გადასახადის გადამხდელის უფლებების შესახებ განმარტება მოსარჩელემ მიიღო და უფლება-მოვალეობების ნუსხა გადაეცა შემოწმების დამთავრების პერიოდში _ 2005 წლის 30 აგვისტოს შემმოწმებელ გ. შ-შვილის მიერ, რაც აღნიშნული იყო ხსენებული ნუსხის ბოლო გვერდზე და სხვა დამსწრეებთან ერთად, მას ხელს აწერდა შემმოწმებელი კ. გ-შვილი, ხოლო გ. შ-შვილმა აღნიშნულის ხელმოწერით დადასტურებაზე უარი განაცხადა.

მოსარჩელის მტკიცებით, შემოწმების აქტში მითითებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღი და ნომერი მისთვის ცნობილი არ იყო, იგი შემოწმების პერიოდში შედგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდ დადგენილი იყო ის გარემოება, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის ¹149 ბრძანებით (დათარიღებული 2005 წლის 29 აგვისტოთი) შემოწმების ვადა განსაზღვრული იყო 2005 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შემმოწმებლების მიერ არ იქნა შედგენილი არანაირი აქტი და შესაბამისად, მოსარჩელეს იგი არ ჩაჰბარებია, რაც 2005 წლის 7 სექტემბერს უკანონოდ შედგენილი აქტის ბათილობის უცილობელი პირობა იყო. ამასთანავე, მიუხედავად მოპასუხე საგადასახადო ორგანოსადმი მოსარჩელის არაერთი წერილობითი მიმართვისა, შემოწმების ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი გადაწყვეტილება შპს ,,..." არ გადაუციათ, რითაც მოსარჩელეს მოესპო უფლება, დამატებით დაედასტურებინა მისი სასარჩელო განცხადების საფუძვლიანობა, რადგან შესაბამისი ბრძანებებისა და დოკუმენტების გადაცემით კიდევ ერთხელ დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ შპს ,,..." სრულად ჰქონდა გადახდილი ყველა გადასახადი და სახელმწიფოსთან ანგარიშსწორება ნაწარმოები, რის გამოც არ არსებობდა მისთვის თანხების დაკისრების საფუძველი. გეგმური შემოწმების მოტივით, მიზანმიმართულად განხორციელდა შპს ,,..." თითქმის ნახევარი მილიონი ლარის დარიცხვა, რითაც შპს ,,..." არათუ ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა, არამედ აუცილებლად გაკოტრდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა თავისი სამართლებრივი შედეგებით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს «...» წარმომადგენლის განცხადებას მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის ოდენობით დაკისრებაზე უარი ეთქვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის დამატებით გადაწყვეტილებაზე (განჩინება) სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინება) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თელავის საგადასახადო ინსპექციისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება; შპს «...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 5000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შპს ,,..." მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ საქმის წარმოების შეჩერების თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დავალება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი შპს «...» ძირითადი თანხის _ 2864,94 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2005 წლის 7 სექტემბერს გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტი, შპს ,,...” ძირითადი თანხის _ 2864,94 ლარის დაკისრების ნაწილში, შეცვლილ იქნა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს კომპანია ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,...” დღგ-ს სახით დაეკისრა _ 422 ლარი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის _ 132,5 ლარი და მიწის გადასახადის სახით _ 565 ლარი; დანარჩენ ნაწილში შპს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი; მხარეს მიეცა უფლება, 2009 წლის 30 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინა მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 2 აპრილამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.