Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1146-1093(კ-09) 22 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს «...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.09წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს 02.06.09წ. გადაწყვეტილება 04.09.09წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.09.09წ. განჩინებით შპს «...» შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შპს «...» განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურებიდან (ფორმა 119) ირკვევა, რომ შპს «...» და მის წარმომადგენელს მ. კ-ძეს ხსენებული განჩინება 30.09.09წ. ჩაჰბარდათ. ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 10.10.09წ. ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, შპს «...» მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია ხარვეზის შესახებ განჩინებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის _ 2115,15 ლარის გადახდის ქვითარი და არც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. რაც შპს «...» საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 70-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «...» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.09წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.