Facebook Twitter

ბს-1150-1097 (2კ-09) 21 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა:

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 19.10.2009 წ. და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 20.10.2009 წ. შუამდგომლობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.09წ. გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას 2004 წლის 19 ნოემბერს სარჩელით მიმართა შპს «...» მოპასუხეების _ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს, შპს «...» და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის 2003 წლის 21 იანვარს დადებული «გერმანიის საკრედიტო ინსტიტუტიდან (KFჭ) ენერგოსექტორის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების გადაცემის შესახებ» ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შესაბამისი სასესხო-სამართლებრივი და ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებულად აღიარება მოითხოვა.

«საერთო სასამართლოების შესახებ» კანონის მე-15 მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საოლქო სასამართლოებსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოების წარმოებაში 2005 წლის 15 ივლისამდე არსებული საქმეები განსჯადობით დაექვემდებარა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოებს. განსახილველი საქმე გადაეცა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტლებით მოსარჩელე _ შპს «...» სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ _ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შპს «...» და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის 2003 წლის 21 იანვარს დადებული «გერმანიის საკრედიტო ინსტიტუტიდან (KFჭ) ენერგოსექტორის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების გადაცემის შესახებ» ხელშეკრულების ბათილად ცნობის, შესაბამისი სასესხო-სამართლებრივი და ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებულად აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე _ შპს «...», რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოპასუხე _ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნულ ბანკს, შპს «...» და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის 2003 წლის 21 იანვარს დადებული «გერმანიის საკრედიტო ინსტიტუტიდან (KFჭ) ენერგოსექტორის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების გადაცემის შესახებ» ხელშეკრულება მისი დადების მომენტიდან, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი სასესხო-სამართლებრივი და ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები აღიარებულ იქნა არარსებულად.

ამავე გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეებს სოლიდარულად დაეკისრათ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში შპს-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა შპს «...» სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 2009 წლის 19 ოქტომბერს და 2009 წლის 20 ოქტომბერს შუამდგომლობებით მომართეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელთაც საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 16.10.09 წ. ¹08-01/14051 მინდობილობით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველს მ. კ-იანს, რათა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად წარმოადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს საერთო სასამართლოებში შპს «...» საქმეებზე. 2009 წლის 19 ოქტომბერს, მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე მ. კ-იანმა წარმოადგინა შუამდგომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასატორების შუამდგომლობების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს საპროცესო შეზღუდვა, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კასატორებმა _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმით მოახდინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ" პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო;

3. კასატორებს განემარტოთ, რომ საკასაციო საჩივაზე უარის თქმის გამო მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ იგივე გადაწყვეტილება საკასაციო წესით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.