Facebook Twitter
ბს-1151-1098(კ-09) 25 ნოემბერი, 2009წ

ბს-1151-1098(კ-09) 25 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ო-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ო-შვილმა 06.02.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 13.06.07წ. ¹12/143 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წერილის) გაუქმება, სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, იძულებითი განაცდური ხელფასისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

მოგვიანებით მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების ნაწილში დააზუსტა მოთხოვნა და ამ ნაწილში 15 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.09წ. გადაწყვეტილებით ზ. ო-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელე ზ. ო-შვილის მიმართ დაევალა 13.06.07წ. ¹12/143 წერილის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზების საფუძველზე მისი სამსახურში მოწყობის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდში იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება. ზ. ო-შვილის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. იმავე სასამართლოს 07.04.09წ. განჩინებით მოსარჩელე ზ. ო-შვილის სასარჩელო მოთხოვნაზე, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წერილის) ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.04.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ო-შვილმა და საქართველოს ეკომონიკური განვითარების სამინისტრომ, ხოლო ამავე სასამართლოს 07.04.09წ. განჩინებაზე საქართველოს ეკომონიკური განვითარების სამინისტრომ შეიტანა კერძო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.09წ. გადაწყვეტილებით ზ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.09წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ზ. ო-შვილის მიმართ 13.06.07წ. ¹12/143 წერილის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზების საფუძველზე, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში მოწყობის შესახებ, შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ზ. ო-შვილის სამსახურიდან განთავისუფლების გაფორმება _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. გადაწყვეტილება იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების, სამუშაოზე აღდგენისა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ო-შვილმა. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.09წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.