ბს-1154-1116(კ-08) 14 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი –შპს «ს. ს. ს.» (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები _ აჭარის ა/რ მთავრობა, აჭარის /რ სააღსრულებო ბიურო, ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), ქ. ბათუმის მერია, შპს «დ. ა.», სს «ს. ბ.» (მოპასუხეები), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
დავის საგანი: სარჩელში _ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის ჩათვლა დარიცხული გადასახადების ანგარიშში, ყადაღის მოხსნა, აღსრულების გაუქმება, აუდიტორული დასკვნის ბათილად ცნობა, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს დადგენილების ბათილად ცნობა, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა
შეგებებულ სარჩელში _ სესხის დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება (გადაწყვეტილება) _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და იმავე სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის საოქმო განჩინების გაუქმება სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში და იმავე სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება; ახალი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შპს «ს. ს. ს.» სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,ს. ს. ს." 2002 წლის ივლისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების აჭარის ა/რ საგადასახადო ინსპექციის, ქ. ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შემდეგი: ბათუმის საგადასახადო ინსპექციას დაევალოს საქართველოს ფინანსთა მინისტროს 2003 წლის 4 თებერვლის ¹43 ბრძანების და საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის 2003 წლის 21 მაისის ¹138 ბრძანების შესასრულებლად განახორციელოს სანაოსნოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 1999 წლის 1 აპრილისათვის ზედმეტად გადახდილი თანხების ჩათვლა დარიცხული გადასახადების ანგარიშში და აღნიშნულზე გამოცემული იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი; მოიხსნას შპს «ს. ს. ს.» უძრავ-მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა; ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარის თ. დ-ის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება (განკარგულება, აქტი), რომელიც დაკავშირებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2002 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებასთან და შეეხება 2002 წლის 12 ივნისის და 9 აგვისტოს გამართულ აუქციონებსა და მის შედეგებს, მათ შორის 2002 წლის 15 ნოემბრის განკარგულებას საქმის აცილებისა და აღმასრულებელ პ. ს-ე გადაცემის თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი შპს «დ.-ა-ის» 2002 წლის 10 ივნისის აუდიტორული დასკვნა; ბათილად იქნას ცნობილი სასამართლო აღმასრულებელ პ. ს-ის ყველა განკარგულება, რომელიც მიღებულ იქნა მის მიერ, თ. დ-ის მიერ 2002 წლის 15 ნოემბრის განკარგულებით გადაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით. ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003 წლის 27 იანვრის ¹5 დადგენილება; საქმის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს «ს. ს. ს.» სასარგებლოდ დაეკისროს 2,5 მილიონი აშშ დოლარი თურქმენეთიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის დავალიანების დაფარვით წარმოშობილი დავალიანება გადახდის დღისათვის არსებული კურსით (1 აშშ დოლარი 1,67 ლარი), რაც საერთო ჯამში შეადგენს 4175000 ლარს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2003 წლის მაისში შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,ს. ს. ს." 711 888 აშშ დოლარის დაკისრება 1999 წლის 13 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. ს. ს." სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის შპს ,,ს. ს. ს." სასარგებლოდ დაეკისრა თურქმენეთიდან საქართველოსათვის მოწოდებული ბუნებრივი აირის დავალიანების დაფარვისათვის 1994 წლის 22 თებერვალს ჩარიცხული 2 500 000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული 10 900 000 აშშ დოლარის, სულ 13 400 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით ეროვნულ ვალუტაში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, ბათუმის საგადასახადო ინსპექციასთან ერთად დაევალა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი და მასზე დასაბრუნებელი თანხების გაანგარიშების და ურთიერთანგარიშსწორების მოხდენა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე შპს ,,ს. ს. ს." უძრავ-მოძრავი ქონების მიმართ გამოცემული ყველა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გამოცემულია მოსარჩელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გამო, კერძოდ, მოპასუხის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული ყოველგვარი გადაწყვეტილება, განკარგულება, აქტი და აშ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003 წლის 27 იანვრის ¹5 დადგენილება შპს ,,ს. ს. ს." ქონების ქ. ბათუმის მერიისათვის გადაცემის შესახებ; მოიხსნა შპს ,,ს. ს. ს." უძრავ-მოძრავ ქონებაზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით დადებული ყოველგვარი ყადაღა; უარი ეთქვა შპს ,,ს. ს. ს." სარჩელს ბათუმის სააღსრულებო ბიუროსათვის ჯარიმის სახით 457200 აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარის დაკისრების ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,ს. ს. ს." დაეკისრა 1999 წელს აღებული გადაუხდელი სესხის 206 000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული ჯარიმის და საურავის, 505 888 აშშ დოლარის, სულ 711 888 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა, გადახდის დღისათვის გათვალისწინებული კურსის მიხედვით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, აჭარის ა/რ მთავრობამ და შპს ,,ს. ს. ს.».
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს ,,ს. ს. ს." სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 13.400 000 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ეკვივალენტური თანხის დაკისრების, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციისათვის მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი და მასზე დასაბრუნებელი თანხების გაანგარიშების და ურთიერთ ანგარიშსწორების განხორციელების დავალების ნაწილში; აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003 წლის 27 იანვრის ¹5 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში; შპს ,,ს. ს. ს." საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული ყოველგვარი გადაწყვეტილება (განკარგულება, აქტი და ა.შ.), აგრეთვე შპს ,,ს. ს. ს." 711.888 აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარის დაკისრების ნაწილში; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს ,,ს. ს. ს." უძრავ-მოძრავ ქონებაზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით დადებული ყოველგვარი ყადაღის გაუქმების ნაწილში; საქმე გაუქმებულ ნაწილებში განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს; აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს «ს. ს. ს.» შემდეგი მოთხოვნები: ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 4 თებერვლის ¹43 ბრძანების და საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 21 მაისის ¹138 ბრძანების შესასრულებლად სანაოსნოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 1999 წლის 1 აპრილისათვის ზედმეტად გადახდილი თანხების ჩათვლა დარიცხული გადასახადების ანგარიშში და აღნიშნულზე გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი; სანაოსნოს უძრავ-მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა მოხსნილ იქნეს; ბათუმის სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარის თ. დ-ის ყველა გადაწყვეტილება (განკარგულება, აქტი), რომელიც დაკავშირებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2002 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებასთან და შეეხება 2002 წლის 12 ივლისს და 9 აგვისტოს გამართულ აუქციონებს და მათ შედეგებს, მათ შორის 2002 წლის 15 ნოემბრის განკარგულება საქმის აცილების შესახებ და პ. ს-ე გადაცემის შესახებ ბათილად იქნეს ცნობილი; შპს «დ.» 2002 წლის 10 ივნისის აუდიტორული დასკვნა ბათილად იქნეს ცნობილი, სასამართლო აღმასრულებელ პ. ს-ის ყველა განკარგულება, რომელიც მიღებული იქნა მის მიერ თ. დ-ის 2002 წლის 15 ნოემბრის განკარგულებით გადაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით ბათილად იქნეს ცნობილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2003 წლის 27 იანვრის ¹5 დადგენილება ბათილად იქნეს ცნობილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს შპს «ს. ს. ს.» სასარგებლოდ 2,5 მილიონი აშშ დოლარი თურქმნეთიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის დავალიანების დაფარვით წარმოშობილი დავალიანება გადახდის დღისათვის არსებული კურსით (1 აშშ დოლარი 1,67 ლარი), რაც შეადგენს 4, 175 000 ლარს; არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი შპს «ს. ს. ს.» მათ სასარგებლოდ 711 888 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დაკისრების თაობაზე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და შპს ,,ს. ს. ს.».
ქუთასის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შპს «ს. ს. ს.» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში Mმიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს «ს. ს. ს.» დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 771888 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსით, დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს. ს. ს.» და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შპს «ს. ს. ს.» სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის აზრით, აჭარის არ საგადასახადო ინსპექციამ საგადასახადო კოდექსის 240–ე მუხლის სრული იგნორირებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დასარიცხი 2,7 მილიონი ლარის ანგარიშში დღემდე არ ჩათვალა თუნდაც საქართველოს კონტროლის პალატის 2002 წლის 18 იანვრის აქტით სანაოსნოს მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილად აღიარებული 1154300 ლარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გამოწერამდე (სააღსრულებო ფურცელი გამოწერილი იქნა 2002 წლის 22 აპრილს) «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-20, 25-ე და 26-ე მუხლების დარღვევით, ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიურომ სააღსრულებლო მოქმედებები დაიწყო. კასატორის განმარტებით, აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სანაოსნოს წარმომადგენელი საერთოდ არ ყოფილა გამოძახებული სააღსრულებო ბიუროში, ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით უწყება აღსრულების შესახებ სანაოსნოს არ ჩაბარებია. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე მუხლის დარღვევით, საგაზეთო განცხადებაში არასწორად იქნა მითითებული ობიექტის ფასები, რომლებიც შპს “დ.» 2002 წლის 10 ივნისის აუდიტორიული დასკვნით განისაზღვრა; ასევე, არ არის მითითებული უძრავი ქონების მოკლედ აღწერა და რაც მთავარია აუქციონის პირობები. კასატორი თვლის, რომ როგორც პირველი, ასევე განმეორებითი აუქციონიც «სააღსრულებო წარმოების შესახებ» კანონის 77-ე მუხლისა და მთელი რიგი სხვა ნორმების დარღვევით ჩატარდა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სანაოსნოს მოთხოვნა და მოცემულ საქმეზე არ დანიშნა სასამართლო ექსპერტიზა იმის დასადგენად, შესრულდა თუ არა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტროს 2003 წლის 4 თებერვლის ¹43 ბრძანება და საგადასახადო დეპარტამენტის თავჯდომარის 2003 წლის 21 მაისის ¹138-ს ბრძანება. სასამართლომ არ გამოიკვლია შპს ”დ.” განხორციელებული შეფასება შეესაბამება თუ არა საბაზრო ფასებს. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს. ს. ს.» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს ,,ს. ს. ს.» საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან შპს ,,ს. ს. ს.» გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 8000 (რვა ათასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ აღნიშნული თანხის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს ,,ს. ს. ს.» საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებაზე და იმავე სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე;
2. შპს ,,ს. ს. ს.» დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.