ბს-116-111(კ-09) 13 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხაშურის დაცვის პოლიციის განყოფილებამ 13.01.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონის სასამართლოს, მოპასუხეების - ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს, ხაშურის რაიონის გამგეობისა და ხაშურის რაიკოოპერატივის მიმართ. მოსარჩელემ დაცვის მომსახურების თანხის – 2660 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრება მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 19.05.03წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიკოოპერატივის გამგეობას ხაშურის დაცვის პოლიციის განყოფილების სასარგებლოდ დაცვის მომსახურების ხარჯების - 2660 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, მოპასუხეების – ხაშურის რაიონის გამგეობისა და სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიკოოპერატივმა.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მოპასუხე - ხაშურის რაიკოოპერატივმა 797 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ცნო, მოსარჩელემ კი შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებისთვის 1863 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ამასთან, საქმეში მოპასუხედ იქნა ჩაბმული სახაზინო საწარმო ,,...” ყოფილი დირექტორი ნ. ლ-ძე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.02.04წ. გადაწყვეტილებით ხაშურის რაიკოოპერატივის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 19.05.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხაშურის დაცვის პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიკოოპერატივს მოსარჩელის სასარგებლოდ 1863 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიკოოპერატივმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.11.04წ. განჩინებით ხაშურის რაიკოოპერატივის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.02.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. გადაწყვეტილებით ხაშურის რაიკოოპერატივის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 19.05.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ 1863 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, მოპასუხეების – შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსა და სახაზინო საწარმო ,,...” დირექტორის – ნ. ლ-ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.