Facebook Twitter

ბს-1162-1109(კ-09) 9 დეკემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 21 აპრილს ვ. შ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების ¹4183 მოწმობის გ. ბ-ძის ნაწილში ბათილად ცნობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების ვ. შ-ძის ნაწილში ბათილად ცნობა, 2008 წლის 24 მარტის ჩუქების ხელშეკრულების (რეგისტრაციის ¹1-3216) ბათილად ცნობა, ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის დავალდებულება მიეღო გადაწყვეტილება ვ. შ-ძეზე 1955 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. შ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების ¹4183 მოწმობა გ. ბ-ძის ნაწილში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების გადაწყვეტილება გ. ბ-ძის ნაწილში; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება ვ. შ-ძის ნაწილში; 2008 წლის 24 მარტის ჩუქების ხელშეკრულება; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის დავალდებულება მიიღოს გადაწყვეტილება ვ. შ-ძის 1955 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ-ძემ, ჯ. ბ-ძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითც დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ვ. შ-ძემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით გ. ბ-ძის, ჯ. ბ-ძის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ვ. შ-ძის სააპელაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეებს განესაზღვრათ 10 (ათი) დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აპელანტებს განემარტათ, მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივრები არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრები უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გ. და ჯ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ვ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. შ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ იმ პერიოდისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საომარი მდგომარეობა და ითხოვდა, რომ საპატიოდ ჩათვლოდა მის მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის განჩინებით ვ. შ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით საქმიდან ვ. შ-ძის სარჩელისა გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გივი და ჯ. ბ-ძეების მიმართ, ცალკე წარმოებად გამოიყო ვ. შ-ძის სასარჩელო მოთხოვნა გ. და ჯ. ბ-ძეებს შორის 2008 წლის 24 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით გ. და ჯ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

მითითებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ძემ, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმება და ვ. შ-ძის სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი.

2009 წლის 9 ნოემბერს ვ. შ-ძემ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).»

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. გ. ბ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.