ბს-1162-1124(კ-08) 25 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიკა ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 8 აპრილს ნ. რ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სახელფასო დავალიანების _ 1272,38 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
საქმეში წარმოდგენილი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2008 წლის 30 იანვრის ¹3-11/736 ცნობის თანახმად, ნ. რ.-ის კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა _ 1272,38 ლარს, მათ შორის: ხელფასი _ 333,17 ლარს, კვების კომპენსაცია _ 670,64 ლარს, ჯილდო _ 207,42 ლარს, ხოლო მატერიალური დახმარება _ 61,15 ლარს (ტ. I, ს. ფ. 13).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. რ.-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისრტოს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. რ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1272,38 ლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის “თ” პუნქტით სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, ხელფასის არსზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას, უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნას 1998-2000 წლებში მოქმედი “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა მოგვარებული უნდა იქნას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს, (კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს “დანამატის” სტატუსი.
კასატორის განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ირკვევა, რომ “დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით. რაც შეეხება კვების კომპენსაციას, ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, “დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და ის ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი საწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 დეკემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა მისი საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. რ.-სათვის ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნ. რ.-სათვის ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ამ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 670,64 ლარის ნ. რ.-სათვის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 670,64 ლარის ნ. რ.-სათვის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს 2009 წლის 12 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. რ.-სათვის ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ნ. რ.-სათვის ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 670,64 ლარის ნ. რ.-სათვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს 2009 წლის 12 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე;
მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე დაშვებულ ნაწილში წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.