ბს-1163-1110(2კ-09) 8 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სს ,,...» სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა დღგ-ს ჩათვლის აღდგენა და დარიცხული საურავის გაუქმება (იხ. ს.ფ. 1-5).
საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საგადასახადო ინსპექციის მიერ სს ,,...» დღგ-ს ძირითად თანხაზე 11642 ლარზე დარიცხული საურავი 20457 ლარის ოდენობით, ხოლო დღგ-ს ძირითადი თანხა 11642 ლარი სს ,,...» დარჩა გადასახდელი (იხ. ს.ფ. 62-65).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...» და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 70-78).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 127-138).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 140-145).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, თბილისის რეგიონალური ცენტრის და სს ,,...» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 199-203).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 214-218).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 221-228).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინეს კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრები ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე სს ,,...» წარმომადგენელმა გ. გ-ძემ, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.