ბს-1168-1115(3კ-09) 15 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს “...” სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-9).
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება ნაწილობრივ, შპს “...” 1998-2001 წლებში დარიცხული მიწის გადასახადის ძირითადი თანხის 6603 ლარის და მასზე დარიცხული საურავის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა მოეხდინა შპს “...” პირადი აღრიცხვის ბარათების კორექტირება შპს “...” დარიცხული 1998-2001 წლების მიწის გადასახადის 6603 ლარისა და მასზე დარიცხული საურავის შემცირების გზით (იხ.ს.ფ. 133-137).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 155-165).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 183-189).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 219-226).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისატროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 280-191, ტ. II).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 301-309).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 311-318).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 321-330).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა კასატორებმა, რომლითაც მოითხოვეს საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.