ბს-1169-1131(კ-08) 15 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,...”
დავის საგანი – პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.08წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
28.03.07წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და შპს «...-თვის» სახელმწიფო შესყიდვის პირობების დარღვევით გამოწვეული საჯარიმო თანხის, 43 537 ლარისა და 56 თეთრის დაკისრება მოითხოვა. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს «...-მა» აიღო ვალდებულება 2006 წლის ბოლომდე 115552 ლარის სანაცვლოდ მიეწოდებინა ფინანსთა სამინისტროსათვის 32000 ცალი ერთჯერადი ლუქი. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე დროულად მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით. შპს «...-მა» დაარღვია მიწოდების ვადები, რისთვისაც პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 43 537,56 ლარი.
შპს «...-მა» უარყო სასარჩელო მოთხოვნა და წარდგენილი შესაგებლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს «...-ს» შორის გაფორმებული 18.10.06წ. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, რადგან ვადების დარღვევა გამოწვეული იყო ფინანსთა სამინისტროს ბრალით, ამასთან, საჯარიმო სანქცია 1%-ის ოდენობით არ შეესაბამებოდა გამოცხადებული ტენდერის პირობებს, რომელიც 0.1% ითვალისწინებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს «...-ს» დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 18.10.06წ. ¹517 ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული საჯარიმო თანხის 0.1%-ის გადახდა, შპს «...-ის» შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 18.10.06წ. ¹517 ხელშეკრულების 6.1 პუნქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს და მიუთითა შემდეგი: «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფირმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა ჩატარების შესახებ განცხადება. ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია, მან ცალმხრივად შეცვალა პირობა, ათჯერ გაზარდა პირგასამტეხლოს ოდენობა და ნაცვლად 0.1%-ისა მიუთითა 1%, რითაც დაარღვია ზემოხსენებული ნორმა. სასამართლომ, ასევე, არამართებულად მიიჩნია «მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის გამოყენების შესაძლებლობა, რადგან იგი არ ეხება საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ასეთის შემთხვევაში განხორციელებულ ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.08წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება დაუსაბუთებლად მოხდა. ამასთან, შპს «...» თავისი ხელმოწერით დაეთანხმა ხელშეკრულების პირობას. «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების 6.1 პუნქტი უკანონოდ ცნო ბათილად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 01.11.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე 28.11.08წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წარმოადგინა მოსაზრება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად. საკასაციო პალატის 21.01.09წ. განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის შპს «...-ის» წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.08წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს ,,...-ს” შორის 18.10.06წ. დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ¹517, რომლის მიხედვითA შპს ,,...-ს” სამინისტროსათვის უნდა მიეწოდებინა 32000 ერთჯერადი ლუქი. მიწოდება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით, ეტაპობრივად, დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით, 2006 წლის ბოლომდე. აღნიშნული ხელშეკრულება დადებული იყო სამინისტროს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება ემსახურება სახელმწიფოს აუცილებელ ფუნქციათა განხორციელებისათვის საჭირო რესურსების შესყიდვას, ამდენად, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადებაზე ორმხრივი და ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენის შემდეგ, ხელშეკრულება თანაბარი ძალით ხდება ორივე მხარისათვის სავალდებულო და არ დაიშვება მისი პირობების ცალმხრივი შეცვლა, უკანასკნელი ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტთან შეთანხმების არსს.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების წესს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 03.01.06წ. ¹1 ბრძანებით დამტკიცებული დებულება ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ”. ამდენად, სატენდერო პირობის ცალმხრივად შეცვლის საფუძველს არ ქმნიდა ხელშეკრულების 6.1 პუნქტში მითითებული «მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ» კანონის მე-9 და მე-17 მუხლები, ვინაიდან ხსენებული კანონი არ არეგულირებს სახელმწიფო შესყიდვებს, ხოლო «მომხმარებლად» მიიჩნევს პირადი საჭიროებისათვის საქონლის შემძენ, შემკვეთ ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქეს. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შესყიდვა როგორც წესი ხორციელდება ტენდერის საშუალებით. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ტენდერის გამოყენების შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაიცვას ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონითა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულებით დადგენილი მოთხოვნები. საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-12 მუხლზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ და მასში უნდა მიეთითოს ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისათვის. სახელმწიფო, ასეთი პირობების დადგენით და წინასწარი გამოქვეყნებით, ადასტურებს თავის ნებას შეიბოჭოს ამ პირობებით და სწორედ მათი გათვალისწინებით დადოს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან. სწორედ, ინფორმაციის გამოქვეყნების იურიდიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება. ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს ტენდერის მონაწილეთა ინტერესების დაცვას, რომელთაც კანონიერი ნდობა ჰქონდათ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ და სწორედ მას დაუკავშირეს ტენდერში მონაწილეობისა და ხელშეკრულების დადების სურვილი, რადგან, კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებული ინფორმაცია იქცევა ხელშეკრულების პირობად, რომლის შესრულება სავალდებულოა მხარისათვის.
ამდენად, ხელშეკრულების პირობებში ცვლილების შეტანის უფლება, უკავშირდება სანაცვლო ვალდებულების შესრულებას _კანონით დადგენილი წესით ცვლილების შესახებ ინფორმაციის გამოაქვეყნებას საჯაროდ, იმავე საინფორმაციო საშუალებაში, რომელშიც თავდაპირველი განცხადება განთავსდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს ზემოაღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია. კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე. აღნიშნული ნორმის მე-3 პუნქტი ადგენს იმ მონაცემთა ჩამონათვალს, რომელსაც უნდა შეიცავდეს სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორის, ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი (,,ვ” ქვეპუნქტი). საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 03.01.06წ. ¹1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია წარმოადგენს დოკუმენტთა პაკეტს, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე. მე-4 პუნქტში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელსაც უნდა შეიცავდეს სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორისაა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძირითადი პირობების შესახებ ცნობები. ამავე დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების, დამტკიცების, მასში ცვილებებისა და დამატებების შეტანის და პრეტენდენტების მიერ მისი მიღების წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-14 მუხლითA და ამ დებულებით. ნებისმიერი ცვლილებისა და სიახლის შესახებ უნდა ეცნობოს ყველა პრეტენდენტს. დებულების 19-ე მუხლის მე-3 პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციით და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე. ამავეს ადასტურებს ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტიც, რომლის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების პირობების გათვალისწინებით ხდება ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტის შედგენა.
ამდენად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება უკვე გამოქვეყნებული და გამარჯვებულ პრეტენდენტთან წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად. სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი თვითნებურად შეეცვალა პირგასამტეხლოს ოდენობა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მიუხედავად მხარის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ შეტანილი ცვლილება ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად ვერ იქცევა, მით უფრო, რომ ადგილი აქვს მხოლოდ ერთი მხარის მდგომარეობის გაუარესებას, კერძოდ, ხელშეკრულების 6.2 პუნქტი შემსყიდველის მიერ თავის ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობას 0.1%-ით განსაზღვრავს, რაც მიმწოდებლისათვის დადგენილ სანქციასთან შედარებით ათჯერ უფრო მცირეა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას შებოჭილია კანონით და უფლება არ აქვს მისი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მის მიერ უფლებამოსილების გადამეტებით განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობდა შპს «...-თვის» პირგასამტეხლოს 0.1%-ით და არა 1%-ით გადახდის დაკისრების, აგრეთვე 18.10.06წ. ¹517 ხელშეკრულების 6.1 პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.08წ. განჩინება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.