ბს-117-112(2კ-კს-09) 19 მარტი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ ,,...”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 26 ნოემბერს ი/მ ,,...-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹ს/დ-665-ფ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, მის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული 15000 ლარის გაუქმებასა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისათვის დარიცხული საურავების მოხსნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო ამავე სასამართლოს 2008 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით - შპს ,,...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ,,...-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹ს/დ-665-ფ საგადასახადო მოთხოვნა და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
2008 წლის 1 ოქტომბერს ი/მ ,,...-ის” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტების საფუძველზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, იმ მოტივით, რომ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება საადვოკატო ხარჯების - 800 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ი/მ ,,...-ის” ინტერეების დამცველი ადვოკატის დ. ე.-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნების გამო, რომლის შესახებაც მხარეეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისი, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებაზე.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ,,...-მა”.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და მოწინააღმდგე მხარისათვის საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ “...-ის” წარმომადგენლის დ. ე.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლი 15 დეკემბრის განჩინება და დ. ე.-ის განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, საკასაციო სასამართლო გამოიყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის ნორმებს და აღნიშნავს: სსკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯები მოიცავს სასამართლოს ხარჯებს და სასამართლოს გარეშე ხარჯებს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მხარეთა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების პირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-5 მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზეც, საბიუჯეტო დაწესებულებები და მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებისაგან.
ასეთ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, საგულისხმოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესი, რომლის პირველი ნაწილი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ ესა თუ ის მხარე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ იმ სასამართლო ხარჯებისაგან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იქნეს შეტანილი, რაც არ ნიშნავს მხარის გათავისუფლებას იმ ხარჯებისაგან, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა იქნეს გადახდილი. იგივე 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი შეიცავს ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლები განსაზღვრავს საადვოკატო (წარმომადგენლობითი) ხარჯების ანაზღაურების მექანიზმს. რაც შეეხება წინამდებარე შემთხვევას, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ გასცდებოდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოტივაციას ვერ მიიჩნევს მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად და მიუთითებს შემდეგზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომელიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში წარმოებისას.
ამდენად, უდავოა, რომ სასამართლო ხარჯები არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ხარჯებით, რომელიც მხარემ გასწია პირველი ინსტანციის სასამართლოში, უფრო მეტიც, შესაძლოა, მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საერთოდ არ გააჩნდეს სასამართლოს გარეშე ხარჯი, რის გამოც მისი ანაზღაურების უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარმოეშობა.
საკასაციო სასამართლო ცალსახად გაიზიარებდა სააპელაციო საჩივრის ფარგლების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ შემთხვევაში, თუ: ი/მ “...-ი” პირველი ინსტანციის სასამართლოში წააგებდა პროცესს და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით არ მოითხოვდა სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას; ი/მ “...-ი” სადავოდ გახდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ხარჯების გადანაწილების საკითხში.
საკასაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში, როდესაც მხარეს მოგებული აქვს პროცესი, გადაწყვეტილება სრული მოცულობით გამოტანილია მის სასარგებლოდ, არ არსებობს არცერთი პროცესუალური მექანიზმი, გარდა შუამდგომლობისა, რომელიც მას მისცემდა სააპელაციო და/ან საკასაციო სასამართლოში გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას.
ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ მხარეს წარმოდგენილი უნდა ჰქონოდა ხარჯების ნაწილში სააპელაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარის მიერ შესაგებელში დაყენებული შუამდგომლობა, სააპელაციო, ისევე როგორც საკასაციო სასამართლოსათვის, წარმოადგენს საკმარის საფუძველს, იმსჯელოს ხარჯების მხარეთა შორის გადანაწილების თაობაზე, თუმცა, აღნიშნული სასამართლოს არ ართმევს უფლებას, გადაამოწმოს ხარჯის რეალურობა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი/მ “...-ის” ადვოკატის დ. ე.-ის განცხადება განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს, რეალურად იქნა თუ არა მხარის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და იმავ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რა ოდენობის თანხა დაექვემდებარება ანაზღაურებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ “...-ის” ადვოკატის დ. ე.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება და დ. ე.-ის განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.