ბს-1173-1135(კ-08) 12 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ს. შ.-ი,
წარმომადგენელი _ კ. კ.-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტო (სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» უფლებამონაცვლე),
წარმომადგენელი _ ე. ს.-ი
მესამე პირი _ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დახმარების გაცემა და მიუღებელი დახმარების სრულად ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 29 ოქტომბერს ს. შ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 28 ნოემბრიდან იღებდა მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისათვის გათვალისწინებულ დახმარებას 22 ლარის ოდენობით. 2007 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელეს აღნიშნული დახმარების გაცემა შეუწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ 2007 წლის 16 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას და იმ მიზეზების ახსნა მოითხოვა, თუ რის საფუძველზე შეუწყდა მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისთვის გათვალისწინებული დახმარების გაცემა, რაზედაც განემარტა, რომ დახმარების გაცემის შეწყვეტის მიზეზი იყო პირადობის მოწმობის არქონა, რაც, მოსარჩელის განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მით უფრო, რომ მისი პირადობის მოწმობა გაცემული იყო 2006 წლის 7 ნოემბერს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის ¹35/ნ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისთვის გათვალისწინებული დახმარების _ 22 ლარის გაცემა და 2007 წლის 1 იანვრიდან მიუღებელი დახმარების ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» 2007 წლის 28 სექტემბრის წერილით უარი ეთქვა, იმ მოტივით, რომ მოსარჩელის პირადი საქმე სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» რაიონულ განყოფილებაში არ იყო გადაცემული, ხოლო ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის წერილიდან ჩანდა, რომ სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტომ» არ გადაიბარა მოსარჩელის პირადი საქმე, რის მიზეზადაც ს. შ.-ის პირადობის მოწმობის არქონა დაასახელა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელის განმარტებით, მან ორივე ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა პირადობის მოწმობა და დაასაბუთა, რომ მისთვის დახმარების გაცემაზე უარის თქმის არანაირი მიზეზი არ არსებობდა.
მოსარჩელემ სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» 2007 წლის 28 სექტემბრის წერილი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით იქნა გამოცემული, რის გამოც სადავო აქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» 2007 წლის 28 სექტემბრის ¹10/10-6168 წერილის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისათვის გათვალისწინებული დახმარების გაცემისა და 2007 წლის 1 იანვრიდან მიუღებელი დახმარების სრულად ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» 2007 წლის 28 სექტემბრის ¹10/10-6168 წერილი; სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» ს. შ.-თვის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისათვის გათვალისწინებული დახმარების გაცემა და 2007 წლის 1 იანვრიდან მიუღებელი დახმარების სრულად ანაზღაურება დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტომ», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. ასევე დარღვეულ იქნა იმავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი, კერძოდ, გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» 2007 წლის 28 სექტემბრის ¹10-10-6168 წერილი წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის დ» ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, სასამართლოს მისი ბათილად ცნობის თაობაზე უნდა ემსჯელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ს. შ.-ს განემარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების თანახმად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალურ (საოჯახო) დახმარებას სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტო» ადმინისტრირებას უწევდა 2007 წლის 1 იანვრიდან და რომ განმცხადებლის _ ს. შ.-ის პირადი საქმე სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში არ იყო გადაცემული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების» სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 ნოემბრის ¹547 განკარგულებაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული განკარგულების პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ 2007 წლის 1 იანვრამდე უზრუნველეყოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის ¹44/ნ ბრძანებით დამტკიცებული «უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების» სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება, ხოლო 2006 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრადე პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა იურიდიული პირის _ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის გადაცემა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის მასშტაბით სოციალური დახმარების პროგრამების შესრულების საკითხი დარეგულირდა «მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹254 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც თბილისის ტერიტორიაზე საოჯახო დახმარების პირადი საქმეების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ 2007 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი და რომ დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. შ.-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
Kკასატორი აღნიშნავს, რომ ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹254 დადგენილების თანახმად, გამგეობას 2007 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე უნდა გადაეცა სააგენტოსათვის მოსარჩელის პირადი საქმე. თუმცა, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პირადი საქმე არ გადაიბარა თავად სააგენტომ, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹შ-2788 წერილით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ «სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილ ურთიერთობათა რეგულირება. იგივე აზრია ჩამოყალიბებული ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტშიც, რომლის თანახმად, საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ საოჯახო დახმარების შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
კასატორის განმარტებით, ზემოხსენებული ნორმების შინაარსი არაორაზროვნად ადგენდა, რომ სააგენტოს უნდა უზრუნველეყო დახმარების დანიშვნა-გაცემა, შეჩერება, აღდგენა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტა. მას შემდეგ, რაც ს. შ.-მა სააგენტოს განცხადებით მიმართა, სააგენტო «სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-101 მუხლის მე-2 პუქტის «დ” ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, გამგეობიდან გამოეთხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საჭირო იყო საოჯახო დახმარების გადაანგარიშების, შეჩერების, განახლების ან/და შეწყვეტის საკითხის გადასაწყვეტად. მოცემულ შემთხვევაში ეს ინფორმაცია იყო კასატორის პირადი საქმე. პირადობის მოწმობა კასატორს წარდგენილი ჰქონდა და შესაბამისად, არ არსებობდა მის კანონიერ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა «სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-101 მუხლის მე-2 პუნქტის «დ” ქვეპუნქტი, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი. გამოიყენა «მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹254 დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლები, რომლებიც არასწორად განმარტა, რის გამოც არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტით დადგენილი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. შ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 დეკემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ს. შ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის «5 მარტს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ს. შ.-ს სოციალური დახმარება, როგორც მარტოხელა პენსიონერს, დაენიშნა 2005 წლის 1 დეკემბრიდან. 2007 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელეს აღნიშნული დახმარების გაცემა შეუწყდა. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ს. შ.-თვის დახმარების გაცემის შეწყვეტის მიზეზად პირადობის მოწმობის არქონა დაასახელა. საქმეში წარმოდგენილი იყო ს. შ.-ის პირადობის მოწმობა, რომელიც გაცემულ იყო 2006 წლის 7 ნოემბერს (ს.ფ. 6). 2007 წლის 20 სექტემბერს ს. შ.-მა განცხადებით მიმართა სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის ¹35/ნ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისათვის გათვალისწინებული დახმარების _ 22 ლარის გაცემა და 2007 წლის 1 იანვრიდან მიუღებელი დახმარების ანაზღაურება მოითხოვა (ს.ფ. 11-13). სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» 2007 წლის 28 სექტემბრის ¹10/10-6168 წერილით ს. შ.-ს განემარტა, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ განიხილა ამავე სააგენტოში შესული ს. შ.-ის 2007 წლის 20 სექტემბრის განცხადება და აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების თანახმად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალურ (საოჯახო) დახმარებას სააგენტო ადმინისტრირებას უწევდა 2007 წლის იანვრიდან, თუმცა ს. შ.-ის პირადი საქმე სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში არ იყო გადაცემული (ს.ფ. 7). საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹შ-2788 წერილი, რომლის თანახმად სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტომ» არ გადაიბარა მოსარჩელის პირადი საქმე, ვინაიდან საქმეში ინახებოდა ძველი, საბჭოთა პასპორტი (ს.ფ. 8).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ს. შ.-ს 2007 წლის 1 იანვრიდან ეკუთვნის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისათვის გათვალისწინებული დახმარება და განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს ხსენებული ვალდებულების შესრულება _ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას თუ სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» (სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» უფლებამონაცვლე).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების» სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 ნოემბრის ¹547 განკარგულებაზე, რომლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ 2007 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის ¹44/ნ ბრძანებით დამტკიცებული «უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების» სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება, ხოლო 2006 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრადე პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა იურიდიული პირის _ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის გადაცემა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის მასშტაბით სოციალური დახმარების პროგრამის შესრულების საკითხი დარეგულირდა ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹254 დადგენილებით ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ 2007 წლის 1 აპრილამდე უზრუნველეყოთ იმ პირთა პირადი საქმეების საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის გადაცემა (გადაბარება), რომლებიც იღებდნენ საოჯახო დახმარებას და რომელთაც შეჩერებული ჰქონდათ საოჯახო დახმარება.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზებას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ს. შ.-ის პირადი საქმე 2007 წლის 1 იანვრისათვის არ იყო გადაცემული სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოში», მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ დაევალებოდა მარტოხელა პენსიონერისათვის დახმარების გაცემა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა უზრუნველეყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირება. იმავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფენ საოჯახო დახმარების შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთუთებს, რომ «სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით დახმარების დანიშვნა-გაცემა, შეჩერება, აღდგენა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირების ფუნქცია 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ გადაეცა სააგენტოს. ამდენად, 2007 წლის 1 იანვრიდან მას ხსენებული ფუნქციის განსახორციელებელ თანხებთან ერთად გადაეცა აღნიშნულის ადმინისტრირების ფუნქციაც, კერძოდ, ხსენებული დადგენილების მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფდა: ა. დანიშნული დახმარების გადაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, აღდგენას ან/და გაცემის ორგანიზებას; ბ. საოჯახო დახმარების მიმღებ პირთა აღრიცხვას; გ. სტატისტიკის წარმოებას. ხსენებული ფუნქციების განსახორციელებლად, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო (სააგენტო) უფლებამოსილი იყო შესაბამისი დაწესებულებიდან, ასევე ორგანოზაციებიდან გამოეთხოვა ინფორმაცია, რომელიც საჭირო იყო საოჯახო დახმარების გადაანგარიშების, შეჩერების, განახლების ან/და შეწყვეტის საკითხის გადასაწყვეტად. მოცემულ შემთხვევაში ეს ინფორმაცია იყო ს. შ.-ის პირადი საქმე, რომელიც საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს _ სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» უნდა გამოეთხოვა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობიდან, თუ გამგეობამ ასეთი არ წარუდგინა შესაბამისი საქმეების გადაბარების დროს, ვინაიდან სწორედ სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» ეკისრებოდა საოჯახო დახმარების მიმღებ პირთა აღრიცხვა. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ს. შ.-ს გააჩნდა ახალი პირადობის მოწმობა, გაცემული 2006 წლის 7 ნოემბერს, რაც ცნობილი იყო ორივე ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» 2007 წლის 28 სექტემბრის ¹10/10-6168 წერილის ბათილად ცნობის, სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის» ს. შ.-ის სასარგებლოდ მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისათვის გათვალისწინებული დახმარების გაცემისა და 2007 წლის 1 იანვრიდან მიუღებელი დახმარების სრულად ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველია. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. შ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდება, კერძოდ, ბათილად იქნება ცნობილი სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» 2007 წლის 28 სექტემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დახმარების გაცემასა და მიუღებელი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» (სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» უფლებამონაცვლე) დაევალება ს. შ.-თვის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისათვის გათვალისწინებული დახმარების გაცემა და 2007 წლის 1 იანვრიდან მიუღებელი დახმარების სრულად ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს. შ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» 2007 წლის 28 სექტემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დახმარების გაცემასა და მიუღებელი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» (სსიპ «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» უფლებამონაცვლე) დაევალოს ს. შ.-თვის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისათვის გათვალისწინებული დახმარების გაცემა და 2007 წლის 1 იანვრიდან მიუღებელი დახმარების სრულად ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.