Facebook Twitter
ბს-1176-1123(2კ-09) 18 ნოემბერი, 2009წელი

ბს-1176-1123(2კ-09) 18 ნოემბერი, 2009წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჭ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ჭ-ძემ 17.06.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის კუთვნილი დავალიანებების დაზუსტებული თანხების ანაზღაურების, კუთვნილი დავალიანებების დროული აუნაზღაურებლობით მიყენებული ზიანის, ასევე საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის საფუძველზე, დავალიანებების ანაზღაურების ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.08წ. გადაწყვეტილებით ა. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების სახით 571 ლარისა და 75 თეთრის და ადვოკატის ხარჯის 250 ლარის გადახდა, ა. ჭ-ძეს უარი ეთქვა კვების საკომპენსაციო თანხისა და ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე. ამავე სასამართლოს 29.12.08წ. განჩინებით ა. ჭ-ძის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ა. ჭ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ა. ჭ-ძის სასარგებლოდ დავალიანების სახით 571 ლარისა და 75 თეთრის, ადვოკატის ხარჯის 250 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. ა. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. ჭ-ძის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალიანების სახით 323 ლარისა და 90 თეთრის ანაზღაურების ნაწილში, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის, ადვოკატის ხარჯის _ 250 ლარისა და ზიანის ანაზრაურებაზე ა. ჭ-ძისათვის უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ა. ჭ-ძემ. ა. ჭ-ძემ გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მისი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჭ-ძის საკასაციო საჩივარები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჭ-ძის საკასაციო საჩივარები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჭ-ძის საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.