Facebook Twitter

¹ბს-1180-1142(კ-08) 9 დეკემბერი, 2009 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი(მოპასუხე) _ კ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.08წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და კ. ა-ძისათვის მის სასარგებლოდ 1598,25 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კ. ა-ძემ მასთან 15.03.05წ. გააფორმა კონტრაქტი 4 წლის ვადით. გაწეული საქმიანობის გასამრჯელო განისაზღვრა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად განისაზღვრა კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები. მოსარჩელის განცხადებით, კ. ა-ძემ დაარღვია კონტრაქტის პირობები და იგი ვალდებული იყო აენაზღაურებინა თავდაცვის სამინისტროსათვის მასზე დახარჯული თანხა _ 1598,25 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.06წ. განჩინებით საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე კ. ა-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა მოპასუხე კ. ა-ძისათვის 1598,25 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.07წ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. ა-ძეს დაეკისრა 1598,25 ლარის გადახდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამხედრო ნაწილი ¹15810 გაუქმებულ იქნა თავდაცვის მინისტრის 27.05.05წ. ¹179 ბრძანების საფუძველზე, რის შემდეგაც კ. ა-ძე ჩარიცხულ იქნა ¹15248 სამხედრო ნაწილში. თვითდათხოვნაში მყოფი კ. ა-ძე ¹15248 ნაწილის მეთაურის 11.08.05წ. ბრძანება ¹166-ით მოხსნილ იქნა ყველა სახის კმაყოფიდან, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.10.05წ. ¹2660 ბრძანებით ... ბატალიონის მართვის უზრუნველყოფის ოცეულის საინჟინრო ჯგუფის უფროსი კაპრალი კ. ა-ძე დათხოვნილი იქნა პირობების დარღვევის გამო მე-2 ქვეითი ბრიგადის შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანხმად, რაც კ. ა-ძის მიერ არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სამხედრო ძალებში სულ მცირე 1 წლის სამსახური. აღნიშნული გარემოება აუცილებელი პირობა იყო ამ ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის სახით სამინისტროსათვის კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების ჯარიმის სახით ასანაზღაურებლად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტრო სარჩელით ითხოვდა არა ჯარიმის დაკისრებას კ. ა-ძისათვის, არამედ ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც მათი მხრიდან გაწეული იქნა კ. ა-ძის მომზადებაზე და რომლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მხარემ ხელახლა უნდა გაიღოს ახალი სამხედრო მოსამსახურის მოსამზადებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ა-ძემ და სააპელაციო პალატის 06.06.08წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება გააკეთა, როცა მიუთითა, რომ მოსარჩელე სარჩელით არ ითხოვდა ჯარიმის დაკისრებას, არამედ ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას, რასაც კასატორის მოსაზრებით, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 03.06.09წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნოგბილი და სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცობილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 15.03.05წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. ა-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის 1.1 მუხლის თანახმად სამინისტრომ იკისრა სამხედრო მოსამსახურის დასაქმების ვალდებულება, ხოლო სამხედრო მოსამსახურემ, ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად იკისრა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვის ვალდებულება. მე-2 ქვეითი ბრიგადის ... ბატალიონის მართვის უზრუნველყოფის ოცეულის საინჟინრო ჯგუფის უფროსმა სერჟანტმა კ. ა-ძემ სამხედრო სამსახური გააგრძელა ¹15810 სამხედრო ნაწილში. კონტრაქტის მოქმედების ვადა ოთხი წლით განისაზღვრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.05.05წ. ¹179 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა ¹15810 სამხედრო ნაწილი, რის შემდეგაც კ. ა-ძე ჩარიცხულ იქნა ¹... სამხედრო ნაწილში, რომლის მეთაურის 11.08.05წ. ¹166 ბრძანებით, თვითდათხოვნაში მყოფი კ. ა-ძე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.10.05წ. ¹2660 ბრძანებით, პირობების დარღვევის გამო, კ. ა-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, რაც კ. ა-ძის მიერ არ გასაჩივრებულა კარნონით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ. ა-ძე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა კონტრაქტის პირობების დარღვევის და არა რეორგანიზაციის, სამხედრო ნაწილის გაუქმების გამო. უკანასკნელი არ ყოფილა მოპასუხის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის საფუძველი.

საქმეში დაცული სამხედრო ნაწილის 24.10.05წ. ¹703 ცნობის თანახმად კ. ა-ძის ანაზღაურება თვეში 405.68 ლარს შეადგენდა, კ. ა-ძემ ხელფასის სახით 2005 წლის 1 მაისიდან 2005 წლის 11 აგვისტომდე 1373,85 ლარი მიიღო (ს.ფ. 22). 24.10.05წ. ¹704 ცნობის მიხედვით კ. ა-ძეზე გაცემულმა კვების ხარჯმა 224,40 ლარი შეადგინა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. ა-ძეს ჩაბარებული აქვს მასზე რიცხული სანივთე ქონება და აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ არსებობს (ს.ფ.10).

მხარეთა შორის 15.03.07წ. დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სამხედრო ძალებში სულ მცირე 1 წლის სამსახური, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ამდენად, არ არსებობს მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების სახით საჯარიმო თანხების გამოყენების საფუძველი. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინიტრო სასარჩელო განცხადებით ფაქტიურად ითხოვს კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად კ. ა-ძეზე დახარჯული თანხების ანაზღაურებას, სამინისტროს მოთხოვნა არ ეხება ხელშეკრულების (კონტრაქტის) 7.3 მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმას. სამინისტროს მოთხოვნა ეხება მოპასუხისათვის ხელშეკრულების არა 7.3 მუხლში მითითებული ჯარიმის თანხას, არამედ კ. ა-ძეზე დახარჯული თანხის – 1598,25 ლარის სამინისტროსათვის ანაზღაურებას, რომლიდანაც 1373,85 ლარი წარმოადგენს ხელფასს, ხოლო 224,40 ლარი კვების ხარჯს.

სზაკ-ის მე-2 მუხლის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. სზაკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდქსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.10.05წ. ¹2660 ბრძანებით კ. ა-ძე კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ (სკ-ის 352.1 მუხ.). შეძენის (მიღებული შესრულების – მოპასუხის მიერ გაწეული სამსახურის და გაწეული სამსახურის შედეგად გადახდილი ხელფასის თანხის) ხასიათიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია ხელფასის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის თანამად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა დამსაქმებლის ვალდებულებას შეადგენდა, ამდენად მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელფასის თანხის დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის თანხის 1373.85 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილს უარი უნდა ეთქვას. ვინაიდან სასურსათო ულუფის (224,40 ლარი) ხარჯი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულების გასვლა განპირობებული იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის 5.1 მუხლის «ა», «უ» ქვეპუქტების, სასკ-ის მე-9.1 მუხლის, სსკ-ის 55-ე მუხლების შესაბამისად მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. კ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

ა) გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.06.08წ. გადაწყვეტილება ხელფასის _ 1373 ლარის და 85 თეთრის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

ბ) უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.06.08წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ კ. ა-ძისათვის _ 224 ლარისა და 40 თეთრის დაკისრების ნაწილში;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.