Facebook Twitter
ბს-1184-1146(კ-08) 16 აპრილი, 2009 წელი

ბს-1184-1146(კ-08) 16 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი _ ი. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. ქ-ძე

წარმომადგენელი _ გ. ფ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 8 აგვისტოს ა. ქ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 9 ივლისის ¹775 ბრძანების შესაბამისად, შეთანხმებულ იქნა მაღაზია-კაფეს მშენებლობა. მან აღნიშნული მაღაზია-კაფეს რკინის კიბის რეკონსტრუქცია და რემონტი განახორციელა. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, 2007 წლის 6 ივლისის ¹00000108 მიწერილობის საფუძველზე, 2007 წლის 25 ივლისის ¹დ-164-07 დადგენილებით, ა. ქ-ძე დააჯარიმა, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 25 ივლისის ¹დ-164-07 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ქ-ძის სასარჩელო განცხადება მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის ¹დ-164-07 დადგენილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონისა და «მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» საქართველოს მთავრობის ¹140 დადგენილების მე_3 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომლებიც იწვევს შენობა-ნაგებობის იერსახის არსებით შეცვლას, დაიშვება მხოლოდ გამარტივებული წესით პროექტის შეთანხმებით (II) სტადია, ასევე, გამარტივებული წესით (II და III სტადიები) გაიცემა ნებართვა შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები. იმავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს მხოლოდ I სტადიას, I და II სტადიებს ან მხოლოდ II სტადიას, სანებართვო პროცედურების დამამთავრებელი ადმინისტრაციული წარმოების შესაბამისად, I და II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორც III სტადიაზე გამოცემულს და იგი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოცემის საფუძველია. ა. ქ-ძის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები საჭიროებდა სათანადო ნებართვას, რომელიც მას არ გააჩნდა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელის განმარტებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 დეკემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 5 მარტს, 11.30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, თბილისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,...” ტერიტორიაზე შესასვლელი კიბის უჯრედისა და ბაქნის უნებართვო მშენებლობის თაობაზე 2007 წლის 6 ივლისს შედგენილ იქნა ¹0000108 მიწერილობა, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის გამო, ხოლო 2007 წლის 25 ივლისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ¹0000108, რის საფუძველზეც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 25 ივლისს მიღებულ იქნა დადგენილება ¹დ-164-07, რითაც ა. ქ-ძეს უნებართვო მშენებლობისათვის დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით, მიწერილობის შეუსრულებლობისათვის 3000 ლარის ოდენობით და დაევალა დარღვევის გამოსწორება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ 2007 წლის 12 სექტემბრის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სპს ,,...-ს” დირექტორად რეგისტრირებულია კ. გ-ძე, ხოლო საზოგადოების იურიდიული მისამართია თბილისი, ... ქუჩა ¹1.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლის 15 თებერვლის შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ა. ქ-ძე მუშაობდა სპს ,,...-ს” მენეჯერად და სპს ,,...-ს” დირექტორის _ კ. გ-ძის 2006 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით მას დაევალა თბილისში, ... ქუჩის ¹1-ში მდებარე ფართის უკანა გასასვლელ კართან სახანძრო ჩასასვლელი კიბის აღდგენა-გამაგრება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც სამუშაოს უკვეთავს საპროექტო ან/და სამშენებლო ორგანიზაციას,” ხოლო ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ,,მენარდე არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს”. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაეკისრებათ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტებს, რომლებიც ითვლებიან დამკვეთებად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა დ მენარდის ფუნქცია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგან ა. ქ-ძე შრომის ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სპს ,,...-ს” მენეჯერად და იგი უშუალოდ სპს-ს დირექტორის 2006 წლის 12 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე ასრულებდა თბილისში, ... ქუჩის ¹1-ში მდებარე ფართის უკანა გასასვლელ კართან სახანძრო ჩასასვლელი კიბის აღდგენა-გამაგრების სამუშაოებს, მასზე ვერ გავრცელდება ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება, ა. ქ-ძე მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს არც მენარდეს და არც შემკვეთს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და საქმეზე მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.