Facebook Twitter
ბს-1185-1147(კ-08)

ბს-1185-1147(კ-08) 6 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. მ-ოვა

დავის საგანი –კვების კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.08წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

10.10.07წ. ნ. მ-ნოვამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 1998-1999-2000წწ. მიუღებელი ხელფასის, ჯილდოს, კვებისა და მატერიალური დახმარების, 1348 ლარისა 35 თეთრის, და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 996 ლარის და 37 თეთრის, სულ 2344 ლარისა და 72 თეთრის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.08წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ოვას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. მ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1348 (ათას სამას ორმოცდარვა) ლარისა და 35 (ოცდათხუთმეტი) თეთრის გადახდა, ნ. მ-ოვას უარი ეთქვა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.08წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო ვალის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში დაცული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის 08.10.07წ. ცნობით აღიარებული იქნა დავალიანება, რაც სადავო თანხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების საფუძველს ქმნიდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.08წ. განჩინება 21.08.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თავდაცვის სამინისტროსათვის სადავო თანხის ანაღაურების დაკისრებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.12.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. მ-ოვას სასარგებლოდ კვების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ოვას სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურისათვის წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000წწ. კვების კომპენსაცია(ს.ფ. 3). ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (10.10.07წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის 01.10.07წ. ¹855 ცნობა არ წარმოადგენს ვალის აღიარებას. ცნობა ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტროს მოსარჩელე ნ. მ-ოვას სასარგებლოდ უნდა დეკისროს სახელფასო დავალიანების, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურება, რაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი კვების კომპენსაციის, 672 ლარის, გამოკლებით შეადგენს 676 ლარი და 25 თეთრს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.08წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. მ-ოვას სასარგებლოდ კვების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს ნ. მ-ოვას სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.08წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.08წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. მ-ოვას სასარგებლოდ დაეკისროს 676 ლარი და 25 თეთრი (ექვსასსამოცდათექვსმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი);

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.