ბს-1189-1151(2კ-08) 12 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
კასატორი (მესამე პირი) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. მ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 29 თებერვალს ი. მ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2007 წლის 26 იანვრის ¹127-ა ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 7 სექტემბრის ¹2287-პ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹2809-პ ბრძანების საფუძველზე, გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹3119-პ ბრძანებით გადაყვანილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2007 წლის 26 იანვრის ¹127-ა ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად (გათავისუფლება საკუთარი ინიციატივის საფუძველზე) გათავისუფლება სამსახურიდან.
მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურდან გათავისუფლების ბრძანება უკანონო იყო და ლახავდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება მას არ დაუწერია და არც ხელი მოუწერია მასზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2007 წლის 26 იანვრის ¹127-ა ბრძანება და ი. მ.-ე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ.-ის სასარჩელო განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2007 წლის 26 იანვრის ¹127-ა ბრძანება და ამავე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში; ი. მ.-ს უარი ეთქვა გათავისუფლებულ თანამდებობაზე აღდგენაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმაც (საგადასახადო ინსპექცია) გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იყო იმ მოსამართლის მიერ (ლ. მ.-ი), რომელიც საქმის განხილვაში საერთოდ არ მონაწილოებდა, ხოლო მოსამართლე (თ. ე.-ი), რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში, გადაწყვეტილებას ხელს არ აწერდა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იყო დაცული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნებს.
კასატორები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალებას, ვინაიდან თუ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დაწერილი იყო არა მოსარჩელის მიერ და აღნიშნული წარმოადგენდა სადავო ბრძანების უპირობო გაუქმების საფუძველს, მაშინ გაუგებარი იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს რა გარემოება უნდა ყოფილიყო გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 დეკემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და საკასაციო საჩივრების განხილვა დაინიშნა 2009 წლის 12 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, კასატორები საკასაციო საჩივრებში მიუთითებენ, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერს ის მოსამართლე, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში.
საკასაციო სასამართლომ კასატორების პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა ზემოაღნიშნული დარღვევის არსებობის ფაქტი და მიიჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნული.
საქმეში, ს.ფ. 148-153-ზე წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის სხდომის ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განხილვაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები _ ნ. ჭ.-ი, მ. ჩ. და თ. ე.-ი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ მოსამართლეები _ ნ. ჭ-ი, მ. ჩ.-ი და ლ. მ.-ი.
ამდენად უდავოა, რომ ადგილი არა აქვს საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა და გადაწყვეტილებაზე ხელმომწერ მოსამართლეთა ვინაობის თანხვედრას, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი შეიცავს იმ საპროცესო დარღვევების ჩამონათვალს, რომლებიც კანონმდებლის მიერ შეფასებულია იმ სახის დარღვევად, რომელიც უცილობლად იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ვ" პუნქტით დადგენილი გარემოება, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებას და თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.