საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-119-114(კ-09) 13 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. რ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი. რ-შვილის სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის გ. ტ-შვილის მონაწილეობით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესწორების შესახებ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 22 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-119-114(კ-09) ი. რ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით ი. რ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩვირების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობის შესახებ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ასევე საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 368.2 მუხლის მიხედვით, არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარც მონაწილეობს საქმეში. შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 200-201).
ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩიება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს თ. მ-ელს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ამ უკანასკნელისათვის გადასაცემად ჩაჰბარდა მეზობელს ნ. ლ-ავას 2009 წლის 7 თებერვალს (იხ. ს.ფ. 207), მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით კასატორს საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
2009 წლის 9 მარტს ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება გაეგზავნა კასატორს, ასევე განმეორებით გაეგზავნა მის წარმომადგენელს (იხ. ს.ფ. 208). საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კასატორს _ ი. რ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 14 მარტს, ხოლო მისი წარმომადგენლისათვის გადასაცემად ჩაჰბარდა მეზობელს ნ. ლ-ავას (იხ. ს.ფ. 209-210), მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ი. რ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს – ი. რ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 14 მარტს, ხოლო მის წარმომადგენელ თ. მ-ელისათვის გადასაცემად ჩაჰბარდა მეზობელს ნ. ლ-ავას, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებებით (იხ. ს.ფ. 209-210). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 24 მარტს, კასატორის მიერ კი აღნიშნულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული და წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. რ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. რ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.