ბს-1193-1139(2კ-09) 29 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ც. კ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ქ. ბათუმის რეგიონალური ცენტრისა და შპს «...» მონაწილეობით და მოითხოვა ადმინისტაციული აქტის ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 2-3; ტ.I; 2-3; ტ.II./.
საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ც. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნა ¹2169, რომლის თანახმად, ი/მ ც. კ-ძეს გადასახდელად დაეკისრა ბიუჯეტის დავალიანება დამატებითი ღირებულების გადასახადი - ძირითადი გადასახადის - 7505,13 და საურავის - 9328,67, სულ 16,833,8 ლარის ოდენობით /იხ. ს.ფ. 154-160; ტ.II./.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრსო შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 170-177; ტ.II./.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 179-189; ტ.II./.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწვეტილება, რომლითაც ც. კ-ძის სარჩელი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმეზე შეწყდა სამართალწარმოება; ც. კ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ /იხ. ს.ფ. 267-273; ტ.II./.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ც. კ-ძემ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება /იხ. ს.ფ. 278-281; ტ.II./.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განჩინებით ც. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება და ც. კ-ძის სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 312-317; ტ.II./.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 21-29; ტ.III./.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 37-46; ტ.III./.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 48-58; ტ.III./.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრები ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრები ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.