ბს-1193-1155(კ-08) 17 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. წ-ელი, თ. და მ. კ-ძეები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. წ-ელმა, თ. და მ. კ-ძეებმა 2006 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 14 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, სამშენებლო პროექტის დარღვევის, კერძოდ, პროექტისაგან განსხვავებით მოწყობილი ფანჯრის ღიობების გამო, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 21 ივლისის ¹000093; ¹000095 და 000131 დადგენილებების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 2005 წლის 24 დეკემბრის ¹57-3 დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. ა-ძემ 2006 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹დ-102-¹000309 დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი. გ-ელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანებულ იქნა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ. წ-ლის, თ. და მ. კ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ქ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹000309 დადგენილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 18 აგვისტოს ¹000131 დადგენილების თანახმად, მ. კ-ძე «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 3000 ლარით; თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 14 ივლისის ¹000093 დადგენილების თანახმად, მ. წ-ელი დაჯარიმებულ იქნა 3000 ლარით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 14 ივლისის ¹000095 დადგენილების თანახმად, თ. კ-ძე დაჯარიმებულ იქნა 3000 ლარით.
სასამართლომ გამოიყენა «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტი, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ვ» ქვეპუნქტი, ამავე კანონის მე-5 მუხლი და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა თითოეულმა ცალკ-ცალკე შეიძინეს ფიზიკური პირებისაგან აღნიშნულ მშენებარე ბინაში საცხოვრებელი ფართები და შესაბამისად, მათ ცალკ-ცალკე აქვთ შეთავსებული დამკვეთის ფუნქციები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად სამართალდამრღვევთა გაფრთხილების, მიწერილობაში (რომელიც მოსარჩელეებს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით), 14 დღიან ვადაში მოყვანილი ყოფილიყო მშენებლობა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში და 3 დღის ვადაში დაწყებულ ყოფილიყო სამუშაოები პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად, სამართალდამრღვევების მიერ არ იქნა შესრულებული; ხოლო მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, მოსარჩელეებს ნებაყოფლობით გამოესწორებინათ დარღვევები და სამუშაოები პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანათ, 2006 წლის 14 ივლისს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს_თბილისის ზედამხედველობის მერიის საქალაქო სამსახურის მიერ მ. წ-ლისა და თ. კ-ძის მიმართ დანიშნული იქნა საქმის ზეპირი განხილვა, მ. კ-ძის მიმართ კი 2006 წლის 18 აგვისტოს, განხილვის თარიღის შესახებ დაზღვეული გზავნილით ეცნობათ სამართალდამრღვევებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოდ ჩათვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. წ-ელმა, თ. და მ. კ-ძეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. წ-ლის, თ. და მ. კ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. წ-ელმა, თ. და მ. კ-ძეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორთა განმარტებით, ისინი ჯარიმის არსს ეთანხმებიან, მაგრამ სადავოდ ხდიან თანხის ოდენობას, ისევე როგორც დარღვევის გამოსწორებას და ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას. კასატორთა აზრით, იმის გამო, რომ მათ მიერ დაირღვა ერთი პროექტი, დაჯარიმებაც მხოლოდ ერთი პროექტის დარღვევისთვის უნდა მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ სამი სხვადასხვა საცხოვრებელ ფართია; კასატორები თვლიან, რომ მათი მისამართი ერთია და პროექტიც შეთანხმებულია ... გასავალი პირველი, ¹7-ზე –მთლიანობაში ერთ საცხოვრებელ სახლზე, რომელიც რამდენიმე სართულისგან შედგება. კასატორთა მოსაზრებით, სამივე მაცხოვრებელმა ერთობლიობაში უნდა გადაიხადონ 3000_თითოეულმა ათას-ათასი ლარი.
კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა აპელანტების ძირითადი მოთხოვნა პროექტის შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძანებულების საფუძველზე თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მაისის ბრძანებით მათ მოახდინეს აღნიშნული ქონების ლეგალიზაცია და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; მათი აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ზემოაღნიშნული ბრძანების, ასევე სასამართლოში წარდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო რუკის მიხედვით მათი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას, არამედ ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას და დემონტაჟს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მ. წ-ლის, თ. და მ. კ-ძეების საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. წ-ლის, თ. და მ. კ-ძეების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება: თ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნაზე_ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 21 ივლისის ¹000095 დადგენილების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე) მესამე პუნქტის, რომლითაც თ. კ-ძეს დაევალა მოახდინოს ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა, ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში; ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» 2005 წლის 24 დეკემბრის ¹57-3 დადგენილების მეორე პუნქტის იმ ნაწილის, რომლითაც თ. კ-ძეს დაევალა დარღვევის გამოსწორება, ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე მ. წ-ლის სასარჩელო მოთხოვნაზე_ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 21 ივლისის ¹000093 დადგენილების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე) მესამე პუნქტის, რომლითაც მ. წ-ელს დაევალა მოახდინოს ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა, ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე მ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნაზე_ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 29 აგვისტოს ¹000131 დადგენილების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე) მესამე პუნქტის, რომლითაც მ. კ-ძეს დაევალა მოახდინოს პროექტის დარღვევით განხორციელებული ქმედების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას; ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 21 ივლისის ¹000095 დადგენილებით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე) თ. კ-ძე დაჯარიმდა 3000 ლარით; თ. კ-ძეს დაევალა ჯარიმის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ არაუგვიანეს 30 დღისა; მოცემული დადგენილების მესამე პუნქტით მასვე დაევალა ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 29 აგვისტოს ¹000131 დადგენილებით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე) მ. კ-ძე დაჯარიმდა 3000 ლარით; მ. კ-ძეს დაევალა ჯარიმის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ არაუგვიანეს 30 დღისა; მოცემული დადგენილებით მასვე დაევალა ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 21 ივლისის ¹000093 დადგენილებით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე) მ. წ-ელი დაჯარიმდა 3000 ლარით; მ. წ-ელს დაევალა ჯარიმის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ არაუგვიანეს 30 დღისა; მოცემული დადგენილებით მასვე დაევალა ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» 2005 წლის 24 დეკემბრის ¹57-3 დადგენილებით თ. კ-ძე დაჯარიმდა 3000 ლარით და მას დაევალა დარღვევის გამოსწორება ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე პროექტისა და მშენებლობისათვის სათანადო ნებართვის გარეშე მანსარდის დაშენებისათვის (ტI. სფ.56-57).
სადავოდ გამხდარ დადგენილებებში აღნიშნულია, რომ მ. წ-ელმა და მ. კ-ძემ ქ. თბილისში, ... I გასასვლელი ¹7 ბ. ¹3-ში პროექტის დარღვევით მოაწყვეს ფანჯრის ღიობები; ხოლო თ. კ-ძემ პროექტის დარღვევით ფანჯრის ღიობებთან ერთად მოაწყო ასევე სახურავზე ლიფტის შახტა და დააშენა მანსარდა; მანსარდის დაშენებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» მიერ 2005 წლის 24 დეკემბერს გამოტანილი იქნა ¹57-3 დადგენილება მოქ. თ. კ-ძის დაჯარიმებისა და დარღვევის გამოსწორების მიზნით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული დადგენილებებით თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით ცალ-ცალკე არ უნდა დაკისრებოდათ სამ-სამი ათასი ლარი; საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორები დაუსაბუთებლად თვლიან, რომ დაჯარიმება უნდა მომხდარიყო ერთი პროექტის დარღვევისათვის, რაც შეადგენს 3000 ლარს და ეს თანხა უნდა გადანაწილდეს 3 ფიზიკურ პირზე და თითოეულს უნდა დაეკისროთ 1000-1000 ლარი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სადავო დადგენილებების მიღების დროს მოქმედი «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი; ამ ნორმის თანახმად ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების მიერ პროექტის დარღვევა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობა ქ. თბილისის ტერიტორიაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, კანონით განსაზღვრული ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, ან ამხანაგობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამუშაოს უკვეთავს საპროექტო ან/და სამშენებლო ორგანიზაციას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. წ-ელს, თ. და მ. კ-ძეებს მართებულად განესაზღვრათ თითოეულს ცალ-ცალკე ჯარიმის გადახდა იმის გათვალისწინებით, რომ მათ აღნიშნულ მშენებარე ბინაში საცხოვრებელი ფართები შეიძინეს ცალ-ცალკე, შესაბამისად მათ დამოუკიდებლად აქვთ შეთავსებული დამკვეთის ფუნქციები.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს გასაზიარებლად მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის ნაწილში გასაჩივრებული დადგენილებების ბათილად ცნობაზე; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტ.II სფ. 239-ზე წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მაისის ¹ლეგ-1360 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოქალაქეების თ. კ-ძის, მ. კ-ძის, მ. წ-ლის, ი. დ-ძის, ქ. ვ-ძის, ქ. ა-ძის, ე. ჩ-ინის და შპს «...» დირექტორის გ. შ-იას განცხადება; ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რ-ში, ... I გას. ¹7-ში პროექტის დარღვევით აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; ამავე ბრძანებით ობიექტს მიენიჭა «შეუსაბამო» უძრავი ობიექტის სტატუსი. აღნიშნული ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ აღნიშნული ბრძანება მტკიცებულების სახით დაერთო საქმეს (ტ.III სფ. 242), მაგრამ სააპელაციო სასამართლომ იგი შეაფასა მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელეთათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან განთავისუფლების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას; ხოლო ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და წარდგენილ დოკუმენტებს არ მისცა სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში არ გამოიკვლია და შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა; ამ ნორმის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება სადავო ობიექტების შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. წ-ლის, თ. და მ. კ-ძეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება: თ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნაზე_ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 21 ივლისის ¹000095 დადგენილების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე) მესამე პუნქტის, რომლითაც თ. კ-ძეს დაევალა მოახდინოს ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა, ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში; ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» 2005 წლის 24 დეკემბრის ¹57-3 დადგენილების მეორე პუნქტის იმ ნაწილის, რომლითაც თ. კ-ძეს დაევალა დარღვევის გამოსწორება, ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე მ. წ-ლის სასარჩელო მოთხოვნაზე_ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 21 ივლისის ¹000093 დადგენილების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე) მესამე პუნქტის, რომლითაც მ. წ-ელს დაევალა მოახდინოს ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა, ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე მ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნაზე_ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 29 აგვისტოს ¹000131 დადგენილების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე) მესამე პუნქტის, რომლითაც მ. კ-ძეს დაევალა მოახდინოს პროექტის დარღვევით განხორციელებული ქმედების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.