ბს-1197-1143(2კ-09) 18 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები: ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები: კ. კ-შვილი; დ. მ-ელი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 16 იანვარს კ. კ-შვილმა და დ. მ-ელმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 1 ნოემბრის ¹12/43509 წერილის, ამავე სამსახურის 2008 წლის 19 დეკემბრის ¹12/79530 წერილის ბათილად ცნობასა და მათ მიერ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში წარდგენილი პროექტისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. კ-შვილისა და დ. მ-ელის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 11 ნოემბრის ¹12/43509 და ამავე სამსახურის 2008 წლის 19 დეკემბრის ¹12/79530 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; მოპასუხე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა მოსარჩელეთა მიერ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში წარდგენილი პროექტისა და დოკუმენტაციის საფუძველზე გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
2009 წლის 11 ნოემბერს კ. კ-შვილმა და დ. მ-ელმა განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადეს სარჩელზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კ. კ-შვილისა და დ. მ-ელის შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მათი შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება კ. კ-შვილისა და დ. მ-ელის სარჩელზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა – კ. კ-შვილმა და დ. მ-ელმა უარი განაცხადეს რა სარჩელზე, გამოხატეს ნება თავიანთი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საკასაციო სასამართლოს ასევე ნიშანდობლივად მიაჩნია მხარეებისათვის იმაზე მითითება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელზე უარს აცხადებენ ფიზიკური პირები კ. კ-შვილი და დ. მ-ელი რის გამოც, სასამართლო ვერ გამოიყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. კ-შვილისა და დ. მ-ელის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება.
ხოლო რაც შეეხება ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრებს, ვინაიდან მოსარჩელებმა: კ. კ-შვილმა და დ. მ-ელმა უარი განაცხადეს სასარჩელო განცხადებაზე და შეწყდა საქმის წარმოება, შესაბამისად აღარ არსებობს დავის საგანი, რომლის მიმართაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. კ-შვილისა და დ. მ-ელის განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. კ. კ-შვილისა და დ. მ-ელის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
4. მოსარჩელეებს განემარტოთ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.