Facebook Twitter
ბს-1198-1160(კ-08) 22 აპრილი, 2009წ

ბს-1198-1160(კ-08) 22 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ბ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ბ-შვილმა 2006 წლის აგვისტოში სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახდო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 27 ივლისის ბრძანება ¹226 და 2006 წლის 11 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა ¹98 ბათილად ცნობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 ივნისის ¹98 საგადასახადო მოთხოვნა და თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 27 ივლისის ¹226 ბრძანება; დაევალა თელავის საგადასახადო ინსპექციას საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 ივნისის ¹98 საგადასახადო მოთხოვნა და თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 27 ივლისის ბრძანება ¹226 გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 ივნისის ¹98 საგადასახადო მოთხოვნით ვ. ბ-შვილს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის საფუძველზე 2006 წლის 11 ივნისის მდგომარეობით დაერიცხა ბიუჯეტის დავალიანება 29940, 51 ლარი. მათ შორის: დღგ _ ძირითადი თანხა 6472 ლარი, სანქცია 1618, საურავი 16741, 88 ლარი; საშემოსავლო გადასახადი _ ძირითადი თანხა 1199 ლარი, სანქცია 200 ლარი, საურავი 2 525,19 ლარი; მიწის გადასახადი (სასოფლო) _ ძირითადი თანხა 163 ლარი, საურავი 65,01 ლარი; სოც დაზღვევის გადასახადი _ სანქცია 200 ლარი; ქონების გადასახადი _ 200 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 ივნისის ¹98 საგადასახადო მოთხოვნის და 2006 წლის 27 ივლისის ¹226 ბრძანების ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სადავო აქტებით მოსარჩელე ვ. ბ-შვილს დაეკისრა გადასახადების (ძირითადი თანხა, საურავი, სანქცია) გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლზე და ჩათვალა, რომ ,,საგადასახადო მოთხოვნის” (გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის შესახებ) წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს ვადა აითვლება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან; სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამადასტურებელი მტკიცება იმის თაობაზე, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა ვ. ბ-შვილს წარედგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქციით) 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 24000 ლარს, ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საგადასახაო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებისათვის. ამდენად მოცემულ მუხლში არ არის მითითება იმის შესახებ, რომ დღგ-ს დაუბეგრავი თანხა შეადგენს 24000 ლარს, და რომ მხოლოდ ამ თანხის ზევით არსებული შემოსავლები უნდა იქნეს დაბეგრილი დღგ-ს გადასახადით. საშემოსავლო გადასახადში არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე აღიარებს, რომ არ ჰქონდა დეკლარაციაზე დართული დანართები, რომლითაც დასტურდება გაწეული ხარჯების ნამდვილობა, ასეთი დოკუმენტის გარეშე კი საგადასახადო ორგანო ვერ განსაზღვრავს თუ რა თანხა უნდა გააკლდეს შემოსავლებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 ივნისის ¹98 საგადასახადო მოთხოვნით ვ. ბ-შვილს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის საფუძველზე 2006 წლის 11 ივნისის მდგომარეობით დაერიცხა ბიუჯეტის დავალიანება 29940, 51 ლარი. მათ შორის: დღგ _ ძირითადი თანხა 6472 ლარი, სანქცია 1618, საურავი 16741, 88 ლარი; საშემოსავლო გადასახადი _ ძირითადი თანხა 1199 ლარი, სანქცია 200 ლარი, საურავი 2 525,19 ლარი; მიწის გადასახადი (სასოფლო) _ ძირითადი თანხა 163 ლარი, საურავი 65,01 ლარი; სოც დაზღვევის გადასახადი _ სანქცია 200 ლარი; ქონების გადასახადი _ 200 ლარი.

საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემული საქმის განმხილველი სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოსარჩელე სადავო საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული თანხებიდან ნაწილს ეთანხმება (ს.ფ. 113). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე ვ. ბ-შვილის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პრეტენზია არ გააჩნიათ 543 ლარის გადახდაზე და ამიტომ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს დანარჩენ ნაწილში (ს.ფ. 53); აღნიშნული განმარტების მიუხედავად სასამართლოებმა მთლიანად ბათილად ცნეს თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 ივნისის ¹98 საგადასახადო მოთხოვნა და თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 27 ივლისის ¹226 ბრძანება, რის გამოც დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება; ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ზემოაღნიშნული ნორმა, რადგან სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ იყო შეუძლებელი თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მოტივებზე იმის შესახებ, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საკმარისი იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის მოცულობა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს პირველ ყოვლისა თვითონ უნდა დაედგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, გამოეკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულ ინკვიზიციურობის პრინციპზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.