ბს-1201-1163(კ-08) 20 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “მ.... ტ....” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 17 აგვისტოს შპს “მ... ტ.....” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 2 მაისის ¹4149 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება შპს “მ..... ტ....” კუთვნილი “მერსედეს-ბენც-0403” მარკის სამგზავრო ავტობუსის, სახელმწიფო ნომრით _ ¹34YშU22, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში და შპს “მ.... ტ....” აღნიშნული ავტობუსის დაბრუნება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შპს “მ.... ტ.....” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” მიმართ. მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” უფროსის 2007 წლის 26 მარტის ¹600/533/07 გადაწყვეტილებისა და 2007 წლის 23 მარტის საბაჟო სამართალდარღვევის ¹000855 ოქმის გაუქმება შპს “მ.... ტ....” კუთვნილი “მერსედეს-ბენც-0403” მარკის სამგზავრო ავტობუსის, სახელმწიფო ნომრით _ ¹34YშU22, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 დეკემბრის განმწესრიგებელ სხდომაზე შპს “მ.... ტ....” წარმომადგენელმა მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 2 მაისის ¹4149 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “...” უფროსის 2007 წლის 26 მარტის ¹600/533/07 გადაწყვეტილებისა და 2007 წლის 26 მარტის საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობა სატრანსპორტო საშუალების _ “მერსედეს-ბენც-0403” მარკის ავტობუსის, სახელმწიფო ნომრით _ ¹34YშU22, შპს “მ.... ტ....” ჩამორთმევის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ.... ტ....” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს “მ.... ტ....” კუთვნილი “მერსედეს-ბენც-0403” მარკის სამგზავრო ავტობუსის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” უფროსის 2007 წლის 26 მარტის ¹600/553/07 გადაწყვეტილება და 2007 წლის 23 მარტის ¹600/553/07 საბაჟო შეტყობინება, ასევე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 2 მაისის ¹4149 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება და შპს “მ..... ტ.....” დაუბრუნდა სატრანსპორტო საშუალება _ “მერსედეს-ბენც-0403” მარკის ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით _ ¹34YშU22; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟო “....”, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “მ.... ტ....ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ.... ტ....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “მ.... ტ.....” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “მ.... ტ....” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დამატებით მიუთითებს “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ¹4280-რს კანონის (ამოქმედდა 2007 წლის 1 იანვრიდან) მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2007 წლის 1 იანვრამდე მოქმედი 214-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირს შეუმცირდება ან გაუუქმდება სასჯელი (მათ შორის, სამართალდარღვევის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აღმოჩენის შემთხვევაში), ასეთ პირს (მათ შორის, იმ იურიდიულ პირს, რომელსაც წარმოადგენდა სამართალდამრღვევი) გაუქმებული ან შემცირებული სასჯელის სანაცვლოდ, ფინანსური პოლიციის ან შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა დაეკისროს 2007 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 240-ე და 242-ე მუხლებით დადგენილი სანქციები ჩადენილი ქმედების შინაარსისა და სიმძიმის ხასიათისა და მოხდილი ან მოსახდელი სასჯელის ოდენობის გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ¹4280-რს კანონის მე-2 მუხლის მოქმედება.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შპს “მ.... ტ.....” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 3500 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “მ.... ტ....” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება;
3. შპს “მ.... ტ....” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 3500 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.