Facebook Twitter
¹ბს-120-115(კ-09)

¹ბს-120-115(კ-09) 9 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარეები _ ე. ხ-ია, დ. ქ-აია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ხ-იამ, დ. ქ-აიამ და ნ. რ-ძემ 2005 წლის 23 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისათვის ... ქ. ¹27-ში მდებარე და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზის (საკადასტრო რუკა) დამზადების და გაცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებაში მიუთითეს, რომ ... ქუჩის ¹27-ში მდებარეობდა მათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლი 1303 კვ.მ (დაუზუსტებელ) მიწის ნაკვეთთან ერთად. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა წილობრივ საკუთრებას. ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საარქივო მონაცემებით ვერ დადგინდა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, რის გამოც მათ მიწის ნაკვეთის გეგმის გაცემის თაობაზე წერილობით მიმართეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს, რომლის კომპეტენციაშიც შედის ამგვარი ნახაზის დამზადება და გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ნ. რ-ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ხ-იასა და დ. ქ-აიას სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალა ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლთმფლობელობის მიწის ნაკვეთის დაზუსტებული გეგმა-ნახაზის (საკადასტრო რუკის) მომზადება-გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება, ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი ქმედების განხორციელებაზე უკანონო იყო და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და ინტერესს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით _ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოსარჩელეთათვის 2004 წლის 12 ოქტომბერს გაცემული ¹6-192 პასუხით და სასამართლოს საოქმო განჩინებაზე 2006 წლის 07 აპრილის ¹7670/ი/1207-06 პასუხით მოწოდებული ინფორმაციით, დადგენილი იყო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დაუზუსტებელი მონაცემებით ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე 1303 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო როგორც სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრება, ხოლო მასზე განთავსებულ სახლთმფლობელობაზე წილობრივი მონაცემებით 1/15 რეგისტრირებული იყო მოსარჩელედ წარმოდგენილ პირთა, ე. ხ-იასა და დ. ქ-აიას საკუთრების უფლება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ი» პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ფუნქციას განეკუთვნებოდა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დასახული პოზიციების კოორდინაცია. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 31 იანვრის ¹02.12.54 დადგენილების თანახმად კი, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დამატებით მიენიჭა საზღვრების დადგენა-დაზუსტების უფლებამოსილება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტის მონაცემებისა და არსებული მდგომარეობის მონაცემთა კონფიგურაციული და მითითებული ფართობების შეუსაბამობის შემთხვევაში. ამავე დადგენილების თანახმად, ტექნიკური ინვენტარიზაციის მიერ მითითებული ფართობის ცდომილების დასაშვები ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს მითითებული მონაცემის 15%-ს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა სახლთმფლობელობის მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად დაუზუსტებელი იყო და შეადგენდა 1303 კვ.მ-ს, ხოლო მოსარჩელეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, შპს «...»-ს და ე. ხ-იას შორის 2003 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემსრულებლის მიერ 2004 წლის 18 სექტემბერს შედგა შესაბამისი აზომვითი ნახაზი და ობიექტის დაზუსტებული ფართი დადგენილი იქნა 1499 კვ.მ. ოდენობით, რაც დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის მონაცემის 15%-ს არ აღემატებოდა და, ამდენად, მითითებული ფართობის ცდომილების დასაშვებ ზღვარში თავსდებოდა.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით პირველი ინსტანციის სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეესტრის ჩანაწერების თანახმად წარმოადგენენ ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹27-ში მდებარე 1303 კვ.მ. დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის სახლთმფლობელობის 1/15 წილზე (თითოეული) საკუთრების უფლების მქონე სუბიექტებს, ხოლო კომბინატი «...»-ს რაიმე სახის უფლება მოცემულ მიწის ნაკვეთზე კი საჯარო რეეტრის ჩანაწერებში არანაირი სამართლებრივი ფორმით არ იყო დარეგისტრირებული. აღნიშნული გარემოებების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 18 აპრილის ¹კლ-183-ით მოსარჩელეებზე გაცემული უარყოფითი პასუხი ქმედების განხორციელებაზე, კერძო მფლობელობაში არსებული მიწის გეგმა-ნახაზის მომზადებაზე, არ გამომდინარეობდა ფაქტობრივი საფუძვლებიდან და უკანონო იყო, ვინაიდან იგი წარმოადგენდა ერთადერთ საქალაქო სამსახურს, რომელსაც ევალებოდა ქალაქ-გეგმარებითად ამა თუ იმ ნაკვეთზე გეგმარებითი პოზიციის გათვალისწინებით გეგმა-ნახაზის შედგენა. აღნიშნული ფუნქციის განუხორციელებლობით კი მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და ინტერესს უდაოდ ადგებოდა პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი, რისი გათვალისწინებითაც სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლით განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა და მისი გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ძალაშია თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 დეკემბრის ¹23.31.795 გადაწყვეტილება ... ქ. ¹27-ის მიწის ნაკვეთის კომბინატ «...» გადაცემის თაობაზე. ასევე ქ. თბილისის დიდუბის რაიონის საკრებულოს 1991 წლის 09 სექტემბრის ¹698 განკარგულება კომბინატ «...» და ... ქ.¹27-ის ერთ-ერთ მობინადრეს შორის ურთიერთვალდებულებების წარმოშობის თაობაზე. ზემოაღნიშნული აქტების საფუძველზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 02 აგვისტოს ¹908 ბრძანებით შეთანხმებული იყო საცხოვრებელი სახლის პროექტი «...». სადაო მიწაზე დაწყებული იყო მშენებლობა და გაწეული იყო ხარჯები, ხოლო მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს მიერ არ იქნა მოწვეული და ჩართული მხარედ კომბინატი «...».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქმეში ჩაება ქ. თბილისის მერია.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქმეში ასევე ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ე. ხ-ია წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, იგი არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. კასატორმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ ვინაიდან ე. ხ-ია არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არც საკუთრებისა და არც სხვა სანივთო უფლების მატარებელ პირს, მას არანაირი ზიანი არ მიადგა ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით და შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ე. ხ-იას ნაწილში სარჩელი უნდა ეცნო დაუშვებლად.

კასატორმა აღნიშნა, რომ «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 და 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკადასტრო გეგმა და რუკა გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ძალაში მყოფ საკადასტრო მონაცემებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელი დაუშვებელია, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის უარი არავითარ ზიანს არ აყენებს მოსარჩელეებს, ვინაიდან ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს. ამდენად, გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი იქნა დაკმაყოფილებული, ვერ აღსრულდება, ვინაიდან მოსარჩელეთა მოთხონის დაკმაყოფილების უფლებამოსილება არ გააჩნია მოპასუხე მხარეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 28 მაისს 11:30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 დეკემბრის ¹23.31.795 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კომბინატ «...» თხოვნა და გამოეყო მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებით სამმართველოს დაევალა, კომბინატ «...» მიერ 1:500 მასშტაბში ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო კომუნიკაციებზე დატვირთვების წარდგენის შემდეგ, მისივე დაკვეთით შეესრულებინა სამშენებლო პასპორტის შედგენასთან, წითელი ხაზების დამუშავებასა და მათ ადგილზე გადატანასთან დაკავშირებული სამუშაოები. კომბინატ «...» დაევალა აღმასკომთან შეთანხმებით ... ქ. ¹27-ში არსებული სახლების დანგრევა და იქ მცხოვრები მობინადრეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება, პროექტის შედგენისას კვარტლის კეთილმოწყობისა და გარე კომუნიკაციების მშენებლობაში ტერიტორიულ-დარგთაშორისი გაერთიანების მონაცემების მიხედვით წილობრივი მონაწილეობისათვის საჭირო კაპიტალური დაბანდება და მშენებლობის დაწყებამდე მისი საქალაქო საბჭოს აღმასკომისათვის გადაცემა. მშენებლობის ჩატარების შემდეგ შესრულებული სამუშაოების ტოპოგრაფიული გადაღება მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით და მისი მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს გეოლოგიური მასალების არქივისათვის გადაცემა. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 2 აგვისტოს ¹908 ბრძანებით «...» შეთანხმებული იქნა პროექტი და მიწის ნაკვეთზე გაწეული იქნა გარკვეული სამუშაოები და ხარჯები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებებზეც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2005 წლის 30 მაისის ამონაწერის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული მონაცემებით ... ქუჩის ¹27-ში მდებარე 1303 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო, როგორც სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრება, საიდანაც თითო მეხუთმეტედ ნაწილზე აღრიცხული იყო მოსარჩელეების: დ. ქ-აიას (კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე) და ე. ხ-იას (ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე) საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 დეკემბრის ¹23.31.795 გადაწყვეტილებაში მითითებულ კომბინატ «...» უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ არსებობს ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 02 აგვისტოს ¹908 ბრძანებით «...» შეთანხმებული პროექტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ, რომელიც ძალაშია და არ გაუქმებულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 დეკემბრის ¹23.31.795 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კომბინატ «...» თხოვნა და გამოეყო მიწის ნაკვეთი ... ქ. ¹27-ში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, ხოლო თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 დეკემბრის ¹23.31.795 გადაწყვეტილებაში მითითებულ კომბინატ «...» უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, ისე დაადგინა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე 1303 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახლთმფლობელობის 1/15 წილზე საკუთრების უფლების მქონე სუბიექტებს, რომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და სრულყოფილად არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები, რომელიც გაზიარებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ, წინააღმდეგობრივია, მითუმეტეს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები იყო დაუზუსტებელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა, თუ ვის მფლობელობაში იმყოფება ამჟამად სადავო მიწის ნაკვეთი. ამასთან, არ გამოიკვლია, იმყოფება თუ არა ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹27-ში არსებული ტერიტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი ბალანსზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 3 აპრილის განჩინებით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-961-925(2კ-08) განჩინებით) დადგენილად მიიჩნია, რომ 1988 წელს, ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹27-ში არსებული ტერიტორია დაუმაგრდა საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტს, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად და მას უნდა ეწარმოებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და განაწილება, რის საფუძველზე ზიანი აუნაზღაურა ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მცხოვრებ ნ. თ-ძე-ა-აიას, შ., ს. და ი. ა-აიებს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებები ერთმანეთს არსებითად, რადიკალურად ეწინააღმდეგება, შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს, რაც მთლიანობაში ობიექტურად შეუძლებელს ხდის საქმის გარემოებების სრულყოფილ სამართლებრივ შეფასებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისას არ გამოუკვლევია ზემოაღნიშნული, ამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა და ობიექტური სამართლებრივი შეფასება აუცილებელია წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ» და «ე» ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე და სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.