ბს-1207-1169(კ-08) 5 აგვისტო, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე) – შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, წარმომადგენელი გ. გ-უა (მინდობილობა 08.07.09წ., ¹6/38-1-551), ზ. ს-შვილი (მინდობილობა 11.05.09წ., ¹6/38-1-395).
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ. ხ-ძე
დავის საგანი – სასამსახურო სახლის სანაცვლოდ სამაგიერო ბინის გადაცემა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ხ-ძემ 21.09.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 704,52 ლარის ანაზრაურების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ გადაცემის და სასამსახურო სახლის სანაცვლოდ სამაგიერო საცხოვრებელი ბინის გადაცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1993 წლიდან 2002 წლის ნოემბრამდე მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, საიდანაც 2002 წლის დეკემბერში დათხოვნილ იქნა რეზერვში. არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, დაავადება მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის პერიოდში. «ომისა და სამხედო ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად იგი წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ვეტერანს, ხოლო ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად დაწესებული აქვს შემდეგი უფლებები და შეღავათები: ერთდროული გასასვლელი ფულადი დახმარების მიღება 6 თვის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ მიღება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან მებაღეობა-მებოსტნეობის მეურნეობის მოსაწყობად, დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების დაუშვებლობა სამაგიერო ბინის მიუცემლად. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მისი ხელფასი შეადგენდა 117,42 ლარს და სამსახურებრივი დანიშნულების ბინიდან გამოსახლებულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინების გარეშე.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.02.05წ. სასამართლო სხდომაზე რ. ხ-ძემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების 704,52 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.02.05წ. გადაწყვეტილებით რ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის უზრუნველყოფის სამმართველოს დაევალა უზრუნველყოს რ. ხ-ძეზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ და სასამსახურო სახლის სანაცვლოდ სამაგიერო საცხოვრებელი ბინის გადაცემა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08წ. საოქმო განჩინებით სსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – შსს სასაზღვრო პოლიციით. დაკმაყოფილდა აგრეთვე მოსარჩელის შუამდგომლობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის თაობაზე და სსკ-ის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.02.05წ. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.02.05წ. გადაწყვეტილება რ. ხ-ძისთვის სასამსახურო სახლის სანაცვლოდ სამაგიერო საცხოვრებელი ბინის მიცემის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რ. ხ-ძის სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან იგი სამსახურებრივი ბინიდან გამოასახლეს 1999 წელს, ხოლო სასამართლოს კი სარჩელით მიმართა 2004 წელს. სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლის მიხედვით უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობა 6 წელია. ამრიგად, რ. ხ-ძის მოთხოვნა სასამსახურო ბინის სანაცვლოდ სამაგიერო საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ ხანდაზმული არ არის, რადგან უფლების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე 6 წლიანი ვადა არ იყო გასული. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რადგანაც რ. ხ-ძე ჯერ კიდევ არ იყო სამხედრო ძალების ვეტერანი, შესაბამისად იგი მართებულად გამოასახლეს სადავო ბინიდან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-17 მუხლი ვიწროდ არ უნდა იყოს განმარტებული, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სანამ რ. ხ-ძე არ იქნებოდა დათხოვნილი სამხედრო ძალებიდან (საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან), იგი ვერ გახდებოდა ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, თუმცა აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს არაკეთილსინდისიერად უნდა ესარგებლა ამ გარემოებით (ანუ სანამ რ. ხ-ძე ვეტერანი გახდებოდა) და იგი ჯერ კიდევ როგორც მოქმედი სამხედრო მოსამსახურე (კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს) გამოესახლებინა სამსახურებრივი ბინიდან. ამის სამართლებრივი (და არც მორალური) უფლება საზღვრის დაცვის დეპარტამენტს (ამჟამად შს სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიცია) არ ჰქონდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვით «თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს». სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ბინიდან გამოსახლების შემდეგ რ. ხ-ძეს გადაეცა სამსახურებრივი ბინა ან მის სანაცვლოდ სხვა ბინა. უფრო მეტიც აპელანტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხადებულა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და რ. ხ-ძისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ რ. ხ-ძე სადავო ბინას ფლობდა 1999 წლის თებერვლიდან 1999 წლის ივლისამდე. ბინა წარმოადგენდა სასაზღვრო რაზმ «...» დახურული სამხედრო ქალაქის საბინაო ფონდის ნაწილს, რომელიც სასაზღვრო რაზმის მოსამსახურეებს გადაეცემოდათ სამსახურებრივი დანიშნულებით, დროებით სარგებლობაში. 1999 წელს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანადებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, რის შემდეგაც მას მიეცა წინადადება გაეთავისუფლებინა დაკავებული საცხოვრებელი ფართი. მოსარჩელის მიერ ბინა გათავისუფლდა 1999 წელს. მოსარჩელე სასაზღვრო ძალებში მსახურობდა 2002 წლის დეკემბრამდე, დათხოვნილ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და დათხოვინის შემდეგ მიიღო სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი. შესაბამისად სასამართლოს მტკიცება, რომ მოპასუხეს მიუხედავად ყველაფრისა მაინც ეკუთვნის სანაცვლო ფართი, უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელის ბინიდან გამოსახლება განხორციელდა 1999 წელს, რის შემდეგაც იგი სამი წლის განმავლობაში მსახურობდა სასაზღვრო ძალებში და 2002 წელს დათხოვნის შემდეგ მიიღო ვეტერანის სტატუსი, ამდენად კასატორის მოსაზრებით, იურიდიულ ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის არავითარი კავშირი არ არის.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის – შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე – რ. ხ-ძემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცველელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაძღვრებას. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ რ. ხ-ძე 1993-99წწ. მსახურობდა სასაზღვრო რაზმ “...” და 1999წ. თებერვლიდან 1999წ. ივლისამდე ცხოვრობდა სასამსახურო დანიშნულების ბინაში საზღვრის დაცვის ¹2 რეგიონალური სამმართველოს დახურილი სამხედრო ქალაქის ¹3 კორპუსის 21- ბინაში, რომელიც გადაცემული იყო სამსახურის ვადით. აღნიშნული ბინიდან რ. ხ-ძე გამოსახლდა კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რ. ხ-ძეE 2000-02წ. მსახურობდა ... სასწავლო ცენტრში, სამსახურის ახალ ადგილას რ. ხ-ძეE არ ფლობდა სამსახურებრივ ფართს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის 03.12.02წ. ¹849 ბრძანებით მოსარჩელე 2002 წლის 25 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხოლოდ სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შემდეგ არის შესაძლებელი ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭება არ ემყარება საკანონმდებლო საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ ვინაიდან სამსახურებრივი ბინის გამოყოფის მოთხოვნა ეფუძნება “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17.7 მუხლით გათვალისწინებულ და 23.12.05წ. კანონით მუხლში შეტანილ ცვლილებამდე მოქმედ შეღავათს, კერძოდ სასამსახურო საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების Dდაუშვებლობას სამაგიერო ბინის მიუცემლად, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაირკვეს მოსარჩელის ვეტერანის სტატუსით სარგებლობის საკითხი, უნდა დადგინდეს აგრეთვე ვეტერანთა ის კატეგორია, რომელსაც განეკუთვნება რ. ხ-ძე (კანონის მე-6 – მე-10 მეხ.). მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო სამართალურთერთობის გადაწყვეტა საჭიროებს არა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, არამედ სასამსახურო ბინიდან გამოსახლების მომენტში რ. ხ-ძის მიერ კანონით გათვალისწინებული სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსით სარგებლობის საკითხის გარკვევას. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სასაზღვრო რაზმ “...” დახურული სამხედრო ქალაქის სამსახურებრივი ბინიდან გამოსახლების შემდეგ, რ. ხ-ძემ სამი წელი იმსახურა სასაზღვრო ძალებში. ვეტერანად მიჩნევის საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს აგრეთვე ინვალიდობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ახალციხეში მდებარე სასაზღვრო რაზმიდან დათხოვნისას რ. ხ-ძე არ იყო ინვალიდი, მოსარჩელე ავადმყოფობის გამო გათავსუფლდა სამხედრო სამსახურიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 03.12.02წ. ¹849 ბრძანებით. სამხედრო სამსახურისათვის შეზღუდული ვარგისიანობა რ. ხ-ძეს დაუდგინდა მოგვიანებით, კერძოდ საშტატო სამხედრო საექიმო კომისიის 14.11.02წ. დასკვნის საფუძველზე. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ ახალციხის რაისაავადმყოფოს განმეორებითი შემოწმების 25.01.08წ. აქტის ამონაწერის მიხედვით, შესაძლებლობის შეზღუდვა არ უკავშირდება სამხედრო სამსახურის დროს მოვალეობის შესრულებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ რ. ხ-ძის სარჩელის გამო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 29.05.02წ. განჩინებით საქმეზე დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლის მიხედვით დეპარტამენტმა იკისრა ვალდებულება რ. ხ-ძეს გადაუხადოს იძულებითი განაცდური 1000 ლარის ოდენობით, მითითებული პირობების შესრულების შემდეგ მოსარჩელეს სხვა რაიმე პრეტენზია არ ექნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობის გარკვევის მიზნით, უნდა დადგინდეს ხსენებულ დავაში მოსარჩელის მიერ დასმული მოთხოვნები.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითი ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართევლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.