Facebook Twitter

ბს-1209-1153(კ-09) 2 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

მესამე პირი - სსიპ ,,იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი”

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 15 ივლისს ი. ც-ძემ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 ივნისის ¹42 გადაწყვეტილება, ქ. ქობულეთში ... ქ. ¹1–ის მიმდებარედ 672 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ავტოფარეხზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება მის სახელზე გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹1-ის მიმდებარედ 672 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ამავე სასამართლოს 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ,,იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი”.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ი. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინებით ი. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2009 წლის 15 სექტემბერს ი. ც-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ უარს აცხადებდა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ი. ც-ძის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებერ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა – ი. ც-ძემ უარი განაცხადა რა საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ" პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე და განმარტავს, რომ მითითებულ პუნქტს საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, პირის შესაძლებლობა, განკარგოს საკუთარი პროცესუალური უფლებები.

ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დააკმაყოფილოს ი. ც-ძის განცხადება და საკასაციო საჩივარზე შეწყვიტოს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ც-ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ი. ც-ძის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. კასატორს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.