ბს-1210-1154(2კ-09) 29 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 17 თებერვალს ე. ლ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ზუგდიდის რეგიონალური ცენტრის, ზუგდიდის საფინანსო განყოფილებისა და ზუგდიდის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების 1357,50 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ 2)
საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სარჩელის მოთხოვნა და დააზუსტა, რომ ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა მას გადაუხადა 658,5 ლარი და დავის საგნის ღირებულებამ შეადგინა 699 ლარი (იხ. ს.ფ 45)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) ე. ლ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის ანაზღაურება 699 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ 47-48)
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ 55-63)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ 118-124).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ 136-147; 151-158)
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრისა და 22 ოქტომბრის განჩინებებით შემოსავლების სამსახურისა და ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 174-175; 192-193).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს შემოსავლების სამსახურმა, ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
შემოსავლების სამსახურმა და ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმის გარემოებები. არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. გადაწყვეტილება არასაკმარისად დასაბუთებულია. ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა მიუთითა, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად მოითხოვეს სასკ-ის 34.3 მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 205-215).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.