Facebook Twitter

¹ბს-1211-1173(კ-08) 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 3 იანვარს მ. ჩ-.ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹317 ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელის შრომითი მოწყობის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება დაევალა.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2007 წლის 11 აპრილს გამოსცა ¹53 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების პირველი და მეორე პუნქტები ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, რომლითაც მოპასუხეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. 2007 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელეს ჩაჰბარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის ¹85 ბრძანება “აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოფილი მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მ. ჩ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მისი შრომითი მოწყობის შესახებ”.

მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ სადავო ბრძანების გამოცემით არ შესრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებები.

მოსარჩელის განმარტებით, მას შესთვაზეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობა. ამასთან, მოპასუხემ სადავო ბრძანებაში აღნიშნა, რომ საშტატო ნუსხით არ იყო გათვალისწინებული ის თანამდებობა, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა და ამიტომ შესთავაზეს აღნიშნული სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შტატგარეშე თანამდებობა. ამდენად, მოპასუხეს, მსგავსი თანამდებობის არარსებობაზე მითითების ნაცვლად უნდა ემსჯელა, იძლეოდა თუ არა მოსარჩელის კვალიფიკაცია იმის შესაძლებლობას, რომ დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ხსენებული შეუძლებელი იქნებოდა, უნდა დაესაბუთებინა აღნიშნული, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხეს უნდა გამოერკვია, რა საშტატო ერთეულები იყო გათვალისწინებული აღნიშნულ სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად და ხომ არ იყო სხვა სამსახური, რომელზეც მოსარჩელე თანხმობას განაცხადებდა. ამასთან, სადავო ბრძანებით, მოსარჩელე ჯერ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შემდეგ შესთავაზეს შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობა, რაც კანონს არ შეესაბამებოდა, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯერ უნდა მომხდარიყო მუშაკისთვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება, ხოლო უარის შემთხვევაში _ მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სადავო ბრძანებით არ განისაზღვრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 11 აპრილის ¹53 ბრძანების მე-3 პუნქტში ცვლილების შეტანაზე, რაც, მოსარჩელის განმარტებით, არასწორი იყო, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა მომატებული ხელფასის მიხედვით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაზე და არა ზოგადად გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაზე, რადგან აღნიშნული უკვე განსაზღვრული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველ, მე-2, მე-5, 22-26-ე, 32-ე მუხლებზე, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 62-ე და 63-ე მუხლებზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის ¹84 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებების შესაბამისად ახალი აქტის გამოცემა და მის სამუშაოზე აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მ. ჩ-ის საქმეზე სრულყოფილად იქნა შესწავლილი საქმის მასალები და მოსარჩელეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებების შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის ¹84 ბრძანებით გამოკვლეულ იქნა ვაკანტურ თანამდებობებზე მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამისობა და იმის გამო, რომ არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს მოსარჩელის კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა, მ. ჩ-ის შეთავაზებულ იქნა იმავე სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობა განუსაზღვრელი ვადით, თუმცა მოსარჩელე არ დათანხმდა ხსენებულ შეთავაზებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11 ივლისის გადაწყვეტილებათა შესაბამისად. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო ნუსხით დასტურდებოდა, რომ მ. ჩ-ის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობდა, ხოლო მისი შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად არსებული თანამდებობები და მოსარჩელის აღნიშნულ თანამდებობებაზე დანიშვნის შესაძლებლობა, მაგრამ მოსარჩელისთვის სამინისტროში შესაფერისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, მას შესთავაზეს შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობა, რაც შეესაბამებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ”Mსაქართველოს კანონის (2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 97-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნას.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე მოწყობამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, მ. ჩ-ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 11 აპრილის ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი მისი გათავისუფლებიდან გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჩ-ეს განაცდური ხელფასი აღებული ჰქონდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყევტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩვრა მ. ჩ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 8 იანვრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.