Facebook Twitter
ბს-121-116(2კ-09)

ბს-121-116(2კ-09) 23 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორები (მესამე პირები): 1. სს «...», დირექტორი _ თ. მ-ძე, წარმომადგენელი _ ი. დ-ძე; 2. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, წარმომადგენელი _ ი. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელის უფლებამონაცვლე) _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, წარმომადგენელი _ გ. ც-ძე

მოპასუხეები სარჩელზე: 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური; 2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 3 მაისს სსიპ «ბათუმის საავიაციო ინსტიტუტმა» (წარმომადგენელი _ ე. პ-ძე) სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქობულეთის რაიონის გამგეობის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა სს «...».

მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში განიხილებოდა საქმე სსიპ «ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის» სააპელაციო საჩივრის გამო, მოპასუხე სს «...» მიმართ, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, გაცემული 2005 წლის 21 მარტს, რომელშიც მითითებული იყო, რომ «ქ. ქობულეთში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების, საერთო სასარგებლო ფართით _ 2895 კვ.მ, მესაკუთრე იყო სს «...». აღნიშნული რეგისტრაციის უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი მითითებული იყო ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება. დასახელებული განკარგულების ფაქტობრივ საფუძვლად მიეთითა იმაზე, რომ ტექნიკური პასპორტის მონაცემებით, «...» ირიცხებოდა შენობა-ნაგებობები, სადაც მიწის ნაკვეთი არ იყო მითითებული, ხოლო იმჟამინდელი მდგომარეობით, ამ სააქციო საზოგადოებას სარგებლობაში გააჩნდა 2,1 ჰა და ვინაიდან ცენტრალურ არქივებში არ მოიძებნა მიწის ფართობის გამოყოფის დოკუმენტაცია, სს «...» დირექცია მოითხოვდა მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის დაკანონებას. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონში იმპერატიულად იყო მითითებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირს ჰქონდა ამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ამ კანონის ამოქმედებამდე (1998 წლამდე) მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი.

მოსარჩელის მტკიცებით, არ არსებობდა მიწის ფართობის სს «...» გამოყოფის შესახებ დოკუმენტაცია და იმ დროისათვის ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობდა სსიპ «ბათუმის საავიაციო ინსტიტუტი» და არა სს «...». აქედან გამომდინარე, დარღვეული იყო «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება იყო ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მათ სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭება, ხოლო «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი იყო დადგენილი წესით ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, «დ» ქვეპუნქტის თანახმად კი, მიწის გამოყოფის დადგენილი წესი იყო მიწით მოსარგებლისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის გამოყოფის წესი. ამ მუხლის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით, გამოყოფილი მიწა იყო ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემული მიწა, ხოლო «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი იყო ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებოდათ მათთვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2005 წლის 21 მარტს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც სს «...» დაუკანონოდა საკუთრების უფლება და იგი პირველად სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა ქ. ქობულეთში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ, ისევე, როგორც ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება, იყო უკანონო და დაუსაბუთებელი.

მოსარჩელის მტკიცებით, ქობულეთის რაიონული პოლიკლინიკის მიერ არ ყოფილა წარდგენილი კანონით დადგენილი ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც აუცილებელი იყო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, კერძოდ, არ არსებობდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც იყო «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის იმპერატიული მოთხოვნა, ასევე _ კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა ყველა სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიენიჭებოდა ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში, ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, მე-2 პუნქტის თანახმად კი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაცია წარმოებდა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ოფიციალურად აღრიცხული და გაცემული იყო რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი რეგისტრატორს წარუდგენდა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს, კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ საბუთს, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლებოდა უარი თქმოდა, თუ იგი ვერ წარმოადგენდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საბუთებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 21 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერის, რომლითაც ქ. ქობულეთში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნა სს «...», ბათილად ცნობა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე სსიპ «ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის» უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში ჩაბმულ იქნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე მოსარჩელე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულების გაუქმების გამო, უარი თქვა ამ განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე, მოითხოვა ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა და დანარჩენ ნაწილში _ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო; დანარჩენ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 21 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც ქ. ქობულეთში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნა სს «...».

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით სს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სს «...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება და ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის უფლებამონაცვლის _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი, დასაშვებობის შემოწმების მიზნით, დაუბრუნდა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს; დადგინდა მხარეთათვის სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხის გადაწყვეტა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საკასაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2005 წლის 23 მარტს ქ. ქობულეთში, ... გამზირზე მდებარე უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ დაარეგისტრირა სს «...». გასაჩივრებული განჩინებით ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის უფლებამონაცვლის _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 27 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო სს «...».

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 262-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რაც წარმოადგენდა საქმის განსჯად სასამართლოში დაბრუნების საფუძველს.

საკასაციო სასამართლომ სასამართლოთა ყურადღება მიაქცია წინამდებარე სარჩელის ფორმას და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო შეცილების სარჩელი (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების თაობაზე), რომელიც შეიძლებოდა წარდგენილი ყოფილიყო მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელსაც შეეძლო დაემტკიცებინა, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იყო გასაჩივრებული აქტით ან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით. ამდენად, ამ ტიპის სარჩელი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დაინტერესებული მხარის მიერ. დაინტერესებულ მხარედ ითვლებოდა ის პირი, რომელთან დაკავშირებითაც, მიღებული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განსახორციელებელი რაიმე ქმედება, აგრეთვე, ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესებზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან მისი ქმედება.

საკასაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინტერესების არსებობა გულისხმობდა მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავდა თეორიული ინტერესების არსებობის შესაძლებლობას. ამასთან, სავალდებულო იყო, რომ პირის ინტერესი ყოფილიყო კანონიერი და საფრთხე ყოფილიყო შექმნილი სამართლებრივად დაცული უფლებისათვის. საგულისხმო იყო, რომ, მიუხედავად სასამართლოს მოთხოვნისა, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ვერც ერთი საფუძველი, რომელიც დაადასტურებდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ ინსტიტუტის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის არსებობისა თუ მისი დარღვევის ფაქტს.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტდა საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტდა საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლო, არსებითი განხილვისას წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეს განსახილველად დაუბრუნებდა განსჯად სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ, იხელმძღვანელა რა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებით, საჭიროდ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოეკვლია, სს «...» უძრავი ქონების რეგისტრაციით დაირღვა თუ არა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებები, მისი დარღვეული უფლებები და ინტერესები დაცული იყო თუ არა კანონით და რამდენად წარმოადგენდა იგი მოცემულ დავაში დაინტერესებულ მხარეს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებების დადგენა-გამოკვლევისა და დასაშვებობის სტადიის ხელახლა შემოწმების გარეშე, შეუძლებელი იყო საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე გადასვლა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი, ქ. ქობულეთში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში ქ. ქობულეთში, ... ¹...-ში მდებარე 17000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სს «...» საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვეოდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2005 წლის 23 მარტს ქ. ქობულეთში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების _ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების, საერთო სასარგებლო ფართით _ 2895 კვ.მ, მესაკუთრედ დაარეგისტრირა სს «...». უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად ამონაწერის შესაბამის განყოფილებაში მითითებული იყო ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება. ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულებით, იმის გამო, რომ ვერ მოიძებნა სს «...» მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტი და ამ პოლიკლინიკის დირექტორი მოითხოვდა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონებას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს «...» მის სარგებლობაში არსებული 2,1 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაკანონების თაობაზე, წარდგენილი ტექნიკური პასპორტის მიხედვით. ტექნიკური პასპორტით საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის 1998 წლის 25 თებერვლის ¹27-15(ლ) დადგენილება, ხოლო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ოდენობად მითითებული იყო 9063 კვ.მ, განაშენიანებული _ 570,186 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 158-159). საკადასტრო რუკის მიხედვით ირკვეოდა, რომ ქ. ქობულეთში, ... ¹...-ში მდებარე სს «...» კუთვნილი მიწის ფართობი იყო 17000 კვ.მ. ხსენებული რუკა შედგენილი იყო 2005 წლის 30 მარტს (ტ. 1, ს.ფ. 11).

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 იანვრის განკარგულებით არარად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა სათანადო ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში (ტ. 1, ს.ფ. 55). საქმეში წარმოდგენილი ქობულეთის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2004 წლის 27 თებერვლის ცნობიდან ირკვეოდა, რომ ქ. ქობულეთში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე შენობა-ნაგებობები იმყოფებოდა სს «...» საკუთრებაში. აღნიშნული შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ 2001 წლის 20 ივნისის ¹2532 რეესტრის ამონაწერით, რეგისტრირებული იყო სს «...» (ტ. 1, ს.ფ. 22). საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 21 მარტის საგადასახადო დავალებით დასტურდებოდა, რომ სს «...» მიერ გადახდილი იყო მიწის ერთჯერადი გადასახადი _ 2857 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 42). საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 21 მარტის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათიდან ირკვეოდა, რომ ქ. ქობულეთში, ... ¹...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის, საერთო სასარგებლო ფართით _ 2895 კვ.მ, მესაკუთრე იყო სს «...». ხსენებულ სააღრიცხვო ბარათში მიწის ნაკვეთის ფართობი მითითებული იყო _ 17000 კვ.მ. ამ სააღრიცხვო ბარათში უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებული იყო «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონი, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 21 ივლისის დადგენილება, გენგეგმა, გაცემული ქობულეთის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1998 წლის 5 ივლისს, ... 1973 წლის 14 სექტემბრის ¹232 ტექნიკური პასპორტი, სს «...» ტექნიკური პასპორტი, საინვენტარიზაციო ¹ს-255, ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება (ტ. 1, ს.ფ. 167). გენგეგმის მიხედვით, სს «...» მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართი იყო 16152 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 168).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს «...» წარმომადგენელთა განმარტებით, საწარმოს სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერის საფუძველი არ ყოფილა მხოლოდ ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება, რომელიც მოგვიანებით, არარა აქტად იქნა ცნობილი მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, მხარის პოზიციით, რეგისტრაცია განხორციელდა 1998 წლის 28 ოქტომბრის ზემოხსენებული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა 17000 კვ.მ მიწის ნაკვეთის სს «...» სახელზე რეგისტრაციის საფუძვლიანობა, მითითებულ კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. ხსენებული კანონის პირველი მუხლის «ვ” ქვეპუნქტში მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი განმარტებული იყო, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი. ამ მუხლის «ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამის სამსახურად მიიჩნეოდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოები. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (2005 წლის 28 დეკემბრის ცვლილებებამდე არსებული რედაქცია) თანახმად, საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიენიჭებოდა ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში, ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და «მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაცია წარმოებდა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, რომელიც ოფიციალურად აღრიცხული ან გაცემული იყო შესაბამისი სამსახურის მიერ. ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი წარადგენდა შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას; ბ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს; გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ საბუთს; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ასლს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სს «...” არ გააჩნდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი, ანუ მას არ გააჩნდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის «ბ” ქვეპუნქტით რეგისტრაციისათვის სავალდებულო მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 1998 წლის 28 ოქტომბრის «კანონის ამოქმედებამდე დადგენილ წესში” იგულისხმებოდა მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესი, დადგენილი საქართველოს სსრ მიწის კოდექსით, ვინაიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის სხვა წესი იმ დროისათვის არ არსებობდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, გააჩნდა თუ არა სს «...” 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული კანონის ამოქმედებამდე მიწა გამოიყოფოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. მიწის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემა ხორციელდებოდა მიზომვის წესით, შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო მიწის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა ყოფილიყო მიწის მიზომვის მიზანი და მიწით სარგებლობის ძირითადი პირობები. მაშასადამე, პირველ ყოვლისა, სავალდებულო იყო შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი გენგეგმა (ტ. 2, ს.ფ. 19), დამოწმებული ქობულეთის ტექინვენტარიზაციის ბიუროს ბეჭდით, რომელიც თარიღდებოდა 1996 წლის 5 დეკემბრით, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მიწით სარგებლობის დამადასტურებელ საბუთად, რადგან ტექინვენტარიზაციის ბიურო არ წარმოადგენდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის პირველი მუხლის «ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს, რომელიც უფლებამოსილი იყო, გაეცა ასეთი დოკუმენტი. ამასთან, ტექინვენტარიზაციის ბიურო დოკუმენტებს გასცემდა ტექპასპორტის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი სს «...” ტექნიკური დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა, რომ შენობაზე დამაგრებული მიწის ფართი შეადგენდა 17000 კვ.მ-ს. სასამართლოს რწმენას, რომ სს «...” არ გააჩნდა მიწის გამოყოფის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, ამყარებდა ის გარემოებაც, რომ თვით სს «...” მოითხოვა შესაბამისი რაიონის გამგეობისაგან, სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონება, ვინაიდან ვერ მოიძებნა მიწის გამოყოფის დოკუმენტაცია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა საკმარისი საფუძველი დაედგინა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სრულიად კანონშესაბამისად განხორციელდა. გაურკვეველია, მოწინააღმდეგე მხარის რა უფლება ილახება არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერებით, რა შედეგი დგება მისთვის სარჩელის დაკმაყოფილებით და რაშია გამოხატული მისი ინტერესი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად განმარტა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები.

კასატორის მტკიცებით, თავდაპირველად, ვერც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მოგვიანებით ვერც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ვერ მიუთითეს ვერანაირ საფუძველზე, რომლითაც დადასტურდებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ ამ უნივერსიტეტის ან სამინისტროს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების არსებობისა და შესაბამისად, მისი დარღვევის ფაქტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინების გათვალისწინებით, ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელი დაუშვებლად უნდა მიეჩნია და შესაბამისი განჩინებით შეეწყვიტა საქმის წარმოება. სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუამდგომლობა და არ უნდა განეხორციელებინა არასათანადო მოსარჩელის _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩანაცვლება, თითქოსდა სათანადო მოსარჩელით _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი. საბოლოოდ, სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია (კასატორი ამ პოზიციას სრულად იზიარებს), ამასთან, სათანადო მოსარჩელედ საქმეში ჩაბმული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც ასევე არ ჩათვალა დაინტერესებულ მხარედ (რასაც ასევე იზიარებს კასატორი), თუმცა ამის გათვალისწინებით, სასამართლოს სარჩელი დაუშვებლად უნდა მიეჩნია. ქობულეთის რაიონულ სასამართლოში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველი იყო ის, რომ, თითქოს სადავო ქონება სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ, საქმეში სათანადო მოსარჩელედ უნდა ჩაბმულიყო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერებით, სადავო ქონება კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით არის რეგისტრირებული სს «...” სახელზე და სრულიად მართლზომიერად წარმოადგენს მის საკუთრებას.

კასატორის განმარტებით, მხარე სრულიად უსაფუძვლოდ მიუთითებს ქობულეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულებაზე და აღნიშნავს, რომ ამ აქტის არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობის გამო, აღარ არსებობს შესაბამისი უძრავი ქონების სს «...” საკუთრებად რეგისტრაციის კანონისმიერი საფუძველი. საქმეში არის კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომლებიც ქმნიდა სრულ საფუძველს და აძლევდა კანონიერ შესაძლებლობას სარეგისტრაციო ორგანოს, კანონმდებლობის შესაბამისად განეხორციელებინა შესაბამის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ უძრავ ქონებაზე (შენობა-ნაგებობები) სს «...” საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამ კასატორს გააჩნდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი, კერძოდ: გენგეგმა, გაცემული ქობულეთის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1998 წლის 5 ივლისს; ... 1973 წლის 14 სექტემბრის ¹232-ბ ტექნიკური პასპორტი; სს «...” ტექნიკური პასპორტი, საინვენტარიზაციო ¹ს-255, რეესტრი ¹2532; ქობულეთის რაიონის ტექინვეტარიზაციის ბიუროს ცნობა შენობა-ნაგებობების საკუთრების შესახებ. ამასთან, ამ კასატორს გადახდილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ერთჯერადი საზღაური.

კასატორის მტკიცებით, ბათუმის საავიაციო ინსტიტუტისადმი ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 11 აპრილის პასუხში სრულად არის ჩამოთვლილი კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ის დოკუმენტაცია, რომლებიც ამ კასატორმა სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა. სწორედ აღნიშნული დოკუმენტები (და არა ქობულეთის რაიონის გამგებლის განკარგულება) გახდა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლის შესაბამისად, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ... საკუთრების უფლება ქონებაზე. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახეზეა კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი, ხოლო საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები აღწერილი და მითითებულია საკუთრივ საჯარო რეესტრიდან შესაბამის ამონაწერში. სადავო ქონებაზე ამ კასატორის საკუთრების დადასტურების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა არა გასაჩივრებული და შემდეგ არარად ცნობილი ქობულეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება, არამედ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მოთხოვნებიც ამ კასატორის მიერ სრულად იყო შესრულებული. ამასთან, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები კიდევ უფრო ამყარებს და ასაბუთებს კასატორის პოზიციის კანონშესაბამისობასა და მართებულობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი _ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიუთითებს სს «...» საკასაციო საჩივარში მოყვანილ გარემოებებზე, ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ქონება, არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით არის რეგისტრირებული სს «...” სახელზე და სრულიად მართლზომიერად წარმოადგენს მის საკუთრებას. მთავარი საკანონმდებლო აქტი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შეფასდეს საკუთრების რეგისტრირების ფაქტი და მისი კანონიერება, არის «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი. არსებობდა დადგენილი წესით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, შესაბამის უძრავ ქონებაზე სს «...” საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

კასატორის მტკიცებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სადავო ქონება კანონიერად აქვს რეგისტრირებული სს «...», რაც დასტურდება საქართველოს მთავრობის მითითებით იმის შესახებ, რომ შესაბამისი ქონება გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაფუძნებული სს «...” საკუთრებას წარმოადგენს. «აჭარის ა/რ-ის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის ¹37 დადგენილებაში (დანართითურთ) მითითებულია, რომ ბათუმის საავიაციო ინსტიტუტი (შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) განთავსებულია შენობაში (ქ. ქობულეთი, ... ¹...), რომელიც მის ბალანსზე არ ირიცხება და ეკუთვნის პროფკავშირებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2005 წლის 27 თებერვალს დადებული საჩუქრის დაპირების ხელშეკრულების შესაბამისად, «მჩუქებელი” (პროფკავშირების გაერთიანება) იღებს ვალდებულებას, «დასაჩუქრებულს” (სამინისტროს) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცეს თავის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაწილი, რაშიც არ შედის სს «...”.

კასატორის განმარტებით, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სადავო ქონება სს «...” საკუთრებას წარმოადგენს და აღნიშნული ფაქტი, მრავალი გარემოების გათვალისწინებით, თავად მოსარჩელისთვისაც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო ცნობილი. კასატორი მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 20 აპრილის ¹22/03-278 წერილზე შპს «...» დირექტორისადმი, ქობულეთის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2004 წლის 27 თებერვლის ცნობაზე, სადაც მითითებულია, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობა (ქ. ქობულეთი, ... გამზირი ¹...) არის პროფგაერთიანება ქობულეთის საკურორტო პოლიკლინიკის (სს «...”) საკუთრებაში, ასევე _ საკუთრივ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერზე, მიწის გადასახადის გადახდის დოკუმენტებზე.

კასატორის მტკიცებით, სადავო ქონება 1960 წლიდან პროფკავშირების საკუთრებაა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის 1998 წლის 25 თებერვლის ¹27-15(ლ) დადგენილების შესაბამისად, აჭარის ა/რ ქობულეთის საკურორტო პოლიკლინიკის ბაზაზე დაფუძნდა სს «...”, რომელმაც მოგვიანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინა მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული უძრავი ქონების რეგისტრაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს «...» და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 29 იანვრის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით სს «...» და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2009 წლის 19 მაისს, 14.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სს «...» და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან 2005 წლის 22 მარტს გაცემული ამონაწერის (ტ. 1, ს.ფ. 10) მიხედვით, ქ. ქობულეთში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების _ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების, საერთო სასარგებლო ფართით _ 2895 კვ.მ, მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა სს «...», ხოლო უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად, ამავე ამონაწერის შესაბამის განყოფილებაში მითითებულია ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება. საკადასტრო რუკის (ტ. 1, ს.ფ. 11) მიხედვით, ქ. ქობულეთში, ... ¹...-ში მდებარე სს «...» კუთვნილი მიწის ფართობი იყო 17000 კვ.მ. ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულების (ტ. 1, ს.ფ. 14) თანახმად, ტექნიკური პასპორტის მონაცემებით, «...» რიცხული იყო შენობა-ნაგებობები, სადაც მიწის ნაკვეთი არ იყო მითითებული, ხოლო იმჟამინდელი მდგომარეობით, ამ სააქციო საზოგადოებას სარგებლობაში გააჩნდა 2,1 ჰა და ვინაიდან ცენტრალურ არქივში ვერ მოიძებნა სს «...» მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტი და ამ ... დირექცია მოითხოვდა მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონებას, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს «...» მის სარგებლობაში არსებული 2,1 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაკანონების თაობაზე, წარდგენილი ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს კი ეთხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება. ქობულეთის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2004 წლის 27 თებერვლის ცნობის (ტ. 1, ს.ფ. 22) მიხედვით, ქ. ქობულეთში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე, ამავე ცნობაში ჩამოთვლილი შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა სს «...» საკუთრებას. «...» გენგეგმაში (ტ. 1, ს.ფ. 36) სს «...» მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართად მითითებულია 16152 კვ.მ. 2005 წლის 21 მარტის საგადასახადო დავალების (ტ. 1, ს.ფ. 42) თანახმად, სს «...» მიერ გადახდილ იქნა მიწის ერთჯერადი გადასახადი _ 2857 ლარი. ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 იანვრის განკარგულებით (ტ. 1, ს.ფ. 55), ვინაიდან შესაბამის საქმეში არ ინახებოდა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, არარად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა სათანადო ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ვერ გაიზიარებს კასატორის _ სს «...» მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაუშვებლად უნდა მიეჩნია და შესაბამისი განჩინებით შეეწყვიტა საქმის წარმოება. ხსენებული კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წინააღმდეგობრივია, რადგან სს «...», ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ სარჩელი იყო დაუშვებელი, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევას და აღნიშნულის ალტერნატიულად მიიჩნევს, რომ სასამართლოს სარჩელი დაუშვებლად უნდა მიეჩნია. ამავდროულად, კასატორი _ სს «...» თავისი საკასაციო საჩივრის დასასაბუთებლად მიუთითებს «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების მის მიერ დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად, სადავოდ ხდის სარჩელის საფუძვლიანობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელის დაუშვებლად ცნობა და სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევა ურთიერთგამომრიცხავია, ხოლო ამ შემთხვევაში, არც ერთი მათგანი არ არის სახეზე. ამასთან, ამ საქმეზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სათანადო მოსარჩელეობა დასტურდება «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის (ძალადაკარგულ იქნა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ¹5274-რს კანონით _ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის» დამტკიცების თაობაზე» საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე) მე-2 მუხლით, რომლითაც განსაზღვრული იყო ამ კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორების მიერ კასაციის მიზეზად იმაზე მითითებას, რომ სს «...” გააჩნდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი, კერძოდ: გენგეგმა, გაცემული ქობულეთის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1998 წლის 5 ივლისს; ... 1973 წლის 14 სექტემბრის ¹232-ბ ტექნიკური პასპორტი; სს «...” ტექნიკური პასპორტი, საინვენტარიზაციო ¹ს-255, რეესტრი ¹2532; ქობულეთის რაიონის ტექინვეტარიზაციის ბიუროს ცნობა შენობა-ნაგებობების საკუთრების შესახებ. კასატორები ასევე მიუთითებენ სს «...” მიერ კანონმდებლობით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. ამავე კანონის პირველი მუხლის «ვ” ქვეპუნქტში მოცემული იყო ტერმინის _ მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის _ დეფინიცია და იგი განმარტებული იყო, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი. ხსენებული მუხლის «ზ” ქვეპუნქტით (2005 წლის 28 დეკემბრამდე არსებული რედაქცია) შესაბამისი სამსახური იყო სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოები. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (2005 წლის 28 დეკემბრამდე არსებული რედაქცია) მიხედვით, საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიენიჭებოდა ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში, ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და «მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის (2005 წლის 28 დეკემბრამდე არსებული რედაქცია) თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაცია წარმოებდა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, რომელიც ოფიციალურად იყო აღრიცხული ან გაცემული შესაბამისი სამსახურის მიერ. ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტის (2005 წლის 28 დეკემბრამდე არსებული რედაქცია) მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი რეგისტრატორს წარუდგენდა შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას; ბ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს; გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ საბუთს; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ასლს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სს «...” არ გააჩნდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი, ანუ მას არ გააჩნდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის «ბ” ქვეპუნქტით რეგისტრაციისათვის სავალდებულო მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებში მითითებული დოკუმენტებიდან ვერც ერთი მათგანი ვერ ჩაითვლება მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთად _ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის (იმჟამად მოქმედი) კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის «ბ” ქვეპუნქტში დასახელებულ მტკიცებულებად. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ისიც, რომ კასატორების მტკიცება იმის შესახებ, რომ სადავო ქონების მესაკუთრეა სს «...”, დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის (იმ დროისათვის მოქმედი) კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით (2005 წლის 28 დეკემბრამდე არსებული რედაქცია) რეგლამენტირებული სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში, რაც იმპერატიულად უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის საფუძველზე ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს მანამდე ექნებოდა მინიჭებული მასზე საკუთრების ან სარგებლობის უფლება. ამგვარი უფლების სს «...” მინიჭებასა და შესაბამისად, მიწის გამოყოფის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის არსებობას პირდაპირ გამორიცხავს ის გარემოება, რომ თვით სს «...” მოითხოვა შესაბამისი რაიონის გამგეობისაგან, სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მისთვის დაკანონება, ვინაიდან ვერ მოიძებნა მიწის გამოყოფის დოკუმენტაცია. ამდენად, არ არსებობდა ასეთი სახის დოკუმენტაცია, ისევე, როგორც არ არსებობს ხსენებული მიწის ნაკვეთის სს «...” დაკანონების შესახებ რაიმე აქტი, ხოლო დასახელებული გარემოებების კომპლექსური შეჯერებითა და შეფასებით მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის არარსებობა ნორმატიულად აცლის საფუძველს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, ქობულეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულების ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 იანვრის განკარგულებით, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის მოტივით, არარად ცნობით კი, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში პოტენციურად რეალიზებადი სამართლებრივი საფუძველიც დამატებით გამოეცალა სადავო ქონებაზე სს «...” რაიმე მატერიალური უფლების არსებობას, მით უმეტეს, რომ სს «...” ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 იანვრის განკარგულებით ქობულეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულების არარად ცნობა ადმინისტრაციული წარმოების წესით სადავოდ არ გაუხდია, ანუ იგი, ფაქტობრივად, დაეთანხმა ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 იანვრის განკარგულების მოტივის მართებულობას _ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობას, ამჟამად კი კასატორები წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ხდიან სადავოდ სწორედ ამ მოტივის შესაბამის გარემოებას _ კონკრეტული კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობას.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე ხაზგასმით, კასატორთა საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ, მართალია, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სს «...» მიერ მიწის ერთჯერადი გადასახადის _ 2857 ლარის გადახდის შესახებ 2005 წლის 21 მარტის საგადასახადო დავალება, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ დააფუძნებს საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობას, რადგან «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის (იმჟამად მოქმედი) კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის (2005 წლის 28 დეკემბრამდე არსებული რედაქცია) შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი განიხილებოდა მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებლის მხრიდან რეგისტრატორისთვის წარსადგენ ერთ-ერთ დოკუმენტად და არა რაიმე უფლების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, ობიექტური თვალსაზრისით, ვერ იქნება გაზიარებული კასატორების მიერ კასაციის მიზეზის სახით, ცალკე აღებულ ხსენებულ საბუთზე აპელირებაც.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წამოუყენებიათ რაიმე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საფუძვლად შეიძლებოდა დასდებოდა მათი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებას. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს «...» და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «...» და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.