ბს-1215-1159(2კ-09) 15 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და რ. ნ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ა. მ-ძემ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის და რ. ნ-ძის მიმართ და მოითხოვა სარეგისტარციო სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობაში დატოვება (იხ. ს.ფ. 6-21, ტ. I)
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე ა. მ-ძემ ასევე მოითხოვა 1997 წლის 19 მარტის მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტის 120 კვ.მ მიწის ნაწილში ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 195, ტ. I/)
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის რაიონის ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ ნ. ნ-ძის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1997 წლის 19 მარტის და 1997 წლის 19 მარტის აქტების ყველა ძირითადი ეგზემპლარი სადავო 120 კვ. მეტრი ფართის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და ამოირიცხა აღნიშნული მიწის ნაკვეთი დასახელებული აქტებიდან; გაუქმდა ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურში 120 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე ნ. ნ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სადავო 120 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი დარჩა ჩიხის სახით საერთო სარგებლობაში; მოპასუხეს დაევალა საკუთარი სახსრებით 120 კვ.მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე მის მიერ დაკავებული 20 კვ. მეტრი მიწის ფართობის გამოთავისუფლება (იხ. ს.ფ. 246-247, ტ. I)
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ნ-ძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 268-281, ტ. I).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე (იხ.ს.ფ. 351, ტ. I)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით რ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 384-396, ტ. II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 406-417, ტ. II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ნ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 419-429, ტ. II).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის და 10 ნოემბრის განჩინებებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და რ. ნ-ძის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ა. მ-ძემ, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და რ. ნ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორების _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და რ. ნ-ძის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და რ. ნ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და რ. ნ-ძის საკასაციო საჩივრები დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და რ. ნ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 401.4. მუხლის შესაბამისად, კასატორ რ. ნ-ძის სახელზე გადახილი სახელმწიფო ბაჟიდან მ. ნ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და რ. ნ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორ რ. ნ-ძის სახელზე გადახილი სახელმწიფო ბაჟიდან მ. ნ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.