ბს-1217-1179(კ-08) 29 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. და გ. ღ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 30 აპრილს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ი. და გ. ღ-ებმა მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე 1600 კვ.მ და 654 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹562 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე 1600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ი. ღ-ის სასარგებლოდ, საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების ფარგლებში და 654 და 109 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, გ. ღ-ის სასარგებლოდ, საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების ფარგლებში, საკუთრების უფლების უფლების აღიარება და საკუთრების მოწმობის გაცემა მოითხოვეს.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ 1987 წლიდან ფლობდნენ და სარგებლობდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების ფარგლებში, კერძოდ, ი. ღ-ე ფლობდა 1600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ხოლო გ. ღ-ე _ 654 და 109 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები მოსარჩელეებს თვითნებურად Hჰქონდათ დაკავებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹652 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ აღნიშნული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ არ იქნა დადგენილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და საკუთრების აღიარება ეწინააღმდეგებოდა სივრცით-ტერიტორიულ პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. და გ. ღ-ების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნდა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹652 გადაწყვეტილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე 1600 კვ.მ და 654 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე 1600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ი. ღ-ის სასარგებლოდ, საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების ფარგლებში და 654 და 109 კვ.მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, გ. ღ-ის სასარგებლოდ, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა დაევალა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ “ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ¹525 ბრძანებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსარჩელეებს მოცემულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების სრული უფლება ჰქონდათ.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. და გ. ღ-ების სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ი. და გ. ღ-ებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 16 აპრილის ¹562 გადაწყვეტილებით სამართლიანად ეთქვათ უარი მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ვინაიდან მათი მოთხოვნები არ აკმაყოფილებდა “ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, არ დგინდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი და ასევე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. სადავო მიწის ნაკვეთებზე განკარგვის მიზანშეუწონლობას ადასტურებდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი, სადაც გამგეობა მიზანშეუწონლად მიიჩნევდა მითითებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარებას, ვინაიდან სოფელ ციხისძირის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიები მნიშვნელოვანი იყო საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და მათი დანაწევრება ეწინააღმდეგებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. და გ. ღ-ებმა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. და გ. ღ-ების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, შესაბამისი განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 29 იანვრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. და გ. ღ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ი. და გ. ღ-ებს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. და გ. ღ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ი. და გ. ღ-ებს დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.