ბს-1220-1164(კ-09) 15 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 7 თებერვალს შპს «...» სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ და მოითხოვა ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2005 წლის 30 სექტემბრის შემოწმების აქტის მასზე 11,176 ლარის დარიცხვის თაობაზე, ბათუმის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილის 2005 წლის 21 ოქტომბრის ბრძანების ¹1128 შპს «...» საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის ¹379/1225 შპს «...» ჯარიმა-საურავების სახით სულ 10.999 ლარისა და 91 თეთრის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის თაობაზე ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-5).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის განჩინებით შპს «...» სარჩელი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹379/1225 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის გამო (იხ. ს.ფ. 45-46).
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...» და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის ¹3-381 გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის (იხ. ს. ფ 54-56)
ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს «...» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ 60-61)
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 30 სექტემბრის საგადასახადო მოთხოვნა და ¹972 ბრძანება. დაევალა ბათუმის საგადასახადო ინსპექციას აღნიშნული გარემოებების გამოკვლევებისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ 79-80)
2007 წლის 9 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ 86-95)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განჩინებით ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ 118-127)
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 135-142).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 146-147).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და მოითხოვა სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 149-152).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 146-147).
საკასაციო საჩივრის დასასვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და განმარტა, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლომ საქმე განხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და მოითხოვა სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.