ბს-1220-1182(2კ-08) 6 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორები – 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი
(საგადასახადო ინსპექცია)Q (მოპასუხე)
2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ფონდი “...”(მოსარჩელე)
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება
კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფონდ ,,...” 2007 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 თებერვლის ¹07/153 ბრძანების, მის საფუძველზე გამოცემული 2007 წლის 23 მარტის ¹811 საგადასახადო მოთხოვნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 28 მაისის ¹4598 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ფონდი კრისტალისათვის დარიცხული საგადასახადო დავალიანებისაგან გათავისუფლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ფონდ ,,...” ადმინისტრაციულ სარჩელზე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფონდ ,,...” და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ფონდი ,,...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ფონდი ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 თებერვლის ¹07/153 ბრძანება და მის საფუძველზე 2007 წლის 23 მარტს გამოცემული ¹811 საგადასახადო მოთხოვნა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 28 მაისის ¹4598 ბრძანება და ფონდი ,,...” გათავისუფლდა მოგების გადასახადისაგან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ, რომელსაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, ვერ დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან სამეწარმეო მიზნებისათვის გრანტის თანხების გამოყენების ფაქტი. სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა გრანტის თანხის გამოყენებით მიღებული პროცენტი., ვინაიდან ფონდი “…” მიზანია – მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერით ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას, რის უზრუნველსაყოფადაც ფონდს უფლება აქვს გასცეს პროცენტიანი სესხები, რაც არ გამორიცხავს მის სოციალურ მიზანს, ვინაიდან სესხის გაცემით მიღებული სარგებლით იზრდება ფონდის საბრუნავი თანხა, რაც ხმარდება ისევ ფონდის სოციალურ პროექტს – ახალი სესხების გაცემას ანუ ფონდის მიზანს. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რომლის თანახმად მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვერ დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან სამეწარმეო მიზნებისათვის გრანტის თანხების გამოყენების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) განმარტავს რომ, სასამართლომ არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლი და არასწორად განმარტა “გრანტის შესახებ” კანონის მე-2 მუხლი. გრანტის განმარტებიდან გამომდინარე მიზნობრივი სახსრების გამოყენება უნდა ხდებოდეს კონკრეტული ჰუმანიტარული პროგრამის განხორციელებისათვის. ამ დათქმის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ საკმარისი არ არის გრანტის მიმღები ორგანიზაციის საქმიანობის საერთო სოციალური ხასიათი. სახსრების გამოყენების მიზნობრიობა უნდა გამოიხატოს კონკრეტული პროგრამის განხორციელებაში და არ უნდა ემსახურებოდეს გრანტის მიმღების საერთო საქმიანობას. კასატორის განმარტებით, სწორედ ამ მოტივით არ დაიბეგრა და ჩაითვალა გრანტად მიღებული 81 627 ლარიდან ნაწილი 43 674 ლარი, ვინაიდან იგი მოხმარდა კონკრეტული პროგრამის განხორციელებას _ ფონდის მიერ ბაზრის კვლევისა და თანამშრომელთა ტრეინინგს. იმისათვის, რომ მიღებული სახსრების გადასახადებით დაბეგრილი ნაწილი მიჩნეულიყო გრანტად, სასამართლოს უნდა დაედგინა რა სოციალური დატვირთვის მატარებელი იყო ის კონკრეტული ღონისძიება, რომელსაც მოხმარდა ფინანსური სახსრები. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიკვლია ძირითადი ფაქტობრივი გარემოება თუ რა პროგრამის განხორციელებას მოხმარდა გრანტი.
კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლი განმარტავს თუ რა ითვლება ეკონომიკური საქმიანობად. ფონდი “...” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამომხმარებლო კრედიტების გაცემა, რომელსაც არავითარი სოციალური ხასიათი არ აქვს და განხილული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობად.
კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ფონდი “...” მიერ 81 627 ლარი გამოყენებული იქნა ეკონომიკური საქმიანობისათვის, კერძოდ თანხის გასესხება - გაწეული მომსახურების საზღაურის და კომპენსაციის – საპროცენტო შემოსავლის მისაღებად. აქედან გამომდინარე აღნიშნული თანხა შემმოწმებლების მიერ სრულიად კანონიერად იქნა დამატებით ჩართული დასაბეგრ ერთობლივ შემოსავალში. კასატორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ თითქოსდა ვერ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან სამეწარმეო მიზნებისათვის გრანტის თანხის გამოყენების ფაქტი, ვინაიდან სახეზეა ფონდის მიერ მიღებული გრანტის არამიზნობრივი გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია)Q და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ფონდი “...” ბიუჯეტთან და სახელმწიფო ფონდებთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შემოწმების მიზნით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეეხო 2004 წლის 1 მაისიდან 2006 წლის 1 დეკემბრამდე განვლილ საგადასახადო პერიოდს (ს.ფ. 6-12). ამ გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძველზე ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ 2007 წლის 28 თებერვალს გამოცემულ იქნა “საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგების შესახებ” ¹07/153 ბრძანება (ს.ფ.41-42), რომლის საფუძველზეც ფონდ “...” გაეგზავნა ¹811 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.43).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება: ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულობები. “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი; ამ ნორმის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “გრანტის შესახებ” კანონის მე-2 მუხლი და არ გამოიკვლია, რა პროგრამის განხორციელებას მოხმარდა გრანტი და რომ ფონდი “...” ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილდ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ფონდი ,,...” მიერ მიღებული გრანტი მოხმარდა მის ძირითად მიზანს - მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერით სიღარიბის დაძლევას და არ დასტურდება ფონდი “...” მხრიდან სამეწარმეო მიზნებისათვის გრანტის გამოყენების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ვერ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ფონდი ,,...” ეწეოდა სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას და მიღებულ სახსრებს იყენებდა სამეწარმეო მიზნების მისაღწევად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია)Q და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია)Q და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.