ბს-1224-1186(კ-08) 21 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის დაგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
08.09.05წ. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს ,,ქ.....’’ დირექტორმა დ. ბ-ემ მოპასუხე ფოთის საგადასახადო ინსპექციის ოზურგეთის განყოფილების მიმართ და მოითხოვა ოზურგეთის საგადასახადო ინსპექციის 20.03.03წ. შემოწმების აქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,ქ....’’ დარიცხული თანხა შეადგენდა 27 827 ლარს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.09.05წ. განჩინებით არასათანადო მოპასუხე ფოთის საგადასახადო ინსპექციის ოზურგეთის განყოფილება შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ფოთის საგადასახადო ინსპექციით და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 04.11.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის საგადასახადო ინსპექციის 20.03.03წ. შპს ,,ქ....’’ შემოწმების აქტის ის ნაწილი, რომლითაც საზოგადოებაზე დარიცხული თანხა აღემატებოდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 05.09.04წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ, გადასახდელად დაკისრებულ თანხას _ 2873 ლარს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 04.11.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.06წ. განჩინებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 04.11.05წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.01.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.06წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.07წ. განჩინებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.08.07წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა შპს ,,ქ....’’ წარმომადგენელმა, რომელიც დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.12.07წ. განჩინებით და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.03.08წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის საგადასახადო ინსპექციის 20.03.03წ. შპს ,,ქ....’’ შემოწმების აქტის ის ნაწილი, რომლითაც საზოგადოებაზე დარიცხული თანხა აღემატება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 15.09.04წ. განაჩენით დაკისრებულ თანხას _ 2873 ლარს. ფოთის საგადასახადო ინსპექციას დაევალა შეიტანოს შესაბამისი ცვლილება გადამხდელის პირად ბარათზე, ზედმეტად დარიცხული თანხის ნაწილში.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.03.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.03.08წ. გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.07.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.03.08წ. გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.07.08წ. განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.