ბს-1231-1175(კ-09) 26 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...» საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 1 დეკემბერს შპს ,,...» დირექტორმა ლ. ნ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიის, ქ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, არქიტექტურის საქალაქო სამსახურისა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიისა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹14ა-ში მდებარე შპს ,,...» მიერ ქვეიჯარით აღებული სახელმწიფოს კუთვნილი 120 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 24 კვ.მ თვითნებურად დაკავებული მიწის შპს ,,...» საკუთრებად აღიარების თაობაზე, დავალებოდა ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს კაფე-ბარ ,,...» ძირითადი შენობის უკანა მხარეზე პროექტის დარღვევით განხორციელებული 24 კვ.მ ფართის მიშენების ლეგალიზაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 17 ნოემბერს გამოცემული ¹2443 ბრძანების შპს ,,...» ადმინისტრაციული წესით 1000 ლარით დაჯარიმების თაობაზე ბათილად ცნობა და საბოლოო დაგაწყვეტილების მიღებამდე ქ. ქუთაისის მერიის 2008 წლის 17 ნოემბრის ¹2443 ბრძანების აღსრულების შეჩერება.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელი და განმარტა, რომ მითითებულ საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენდნენ ქ. ქუთაისის მერია და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქუთაისის მერის 2008 წლის 17 ნოემბრის ¹2443 ბრძანების მოქმედება მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რასაც დაეთანხმნენ მოპასუხეებიც და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ძალადაკარგულად გამოცხადდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება ქ. ქუთაისის მერის 2008 წლის 17 ნოემბრის ¹2443 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...». აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს ,,...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა შპს ,,...» მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...» საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან შპს ,,...» საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. შპს ,,...» დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.