ბს-1232-1176 (კ-კს-09) 10 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ჟ-იას წარმომადგენელი _ გ. ზ-შვილი (2010 წლის 15 თებერვლის რწმუნებულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ¹100128110)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი _ ზ. ლ-შვილი (2008 წლის 15 დეკემბრის @01/11-7375 მინდობილობა)
მესამე პირი _ ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი _ გ. ვ-ძე (2010 წლის 17 მარტის ¹06/27376-7 მინდობილობა)
მესამე პირი _ მ. შ-ძე, წარმომადგენელი _ მ. გ-ელი (2009 წლის 21 იანვრის ¹1-586 სანოტარო აქტი _ რწმუნებულება)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ჟ-იამ მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹01/11-4574/2421/ჟ გადაწვეტილების, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 თებერვლის ¹882008042317-03 და 2008 წლის 20 მარტის ¹882008072470-03 გადაწყვეტილებების, ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე გაცემული საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერებისა და საკადასტრო გეგმების ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 აპრილის ¹021/01-26645 და 2008 წლის 17 ივნისის ¹021/01-44042 წერილების და ამავე სამსახურის 2008 წლის 13 ივნისის ¹882008167868-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ი. ჟ-იამ მოითხოვა გამოკვლევის შედეგად დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა და აღდგენილ იქნეს ა. ჟ-იას სახელზე დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს (ნაკვეთი ¹18) 594 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 2000 წლის 25 მაისის ¹2868/2000 რეგისტრაცია და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს გასცეს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო გეგმა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 22 თებერვლის ¹45 ბრძანებულების შესრულების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აგვისტოს ¹496 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 24 აპრილის ¹07.55.439 დადგენილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს თბილისის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეო მიწებიდან გამოეყოთ 1.54 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 1997 წლის 30 სექტემბრის ¹20/21212-ა წერილის შესაბამისად, გამოყოფილი მიწის ფართობი განაწილდა 16 თანამშრომელზე. ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ დამზადებულ იქნა მიწის ნაკვეთის გეგმა 18 ნაკვეთზე, რომლის მიხედვით 594 კვ.მ. ფართის ¹18 ნაკვეთი, მდებარე დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს, მიეკუთვნა ა. ჟ-იას. მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ დამზადებულ იქნა საკადასტრო რუკა და ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის თანახმად, ¹18 ნაკვეთი საკუთრების უფლებით 2000 წლის 25 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ა. ჟ-იას სახელზე.
მოსარჩელის მოსაზრებით 2003 წელს მოქალაქე მ. შ-ძე თვითნებურად შეიჭრა ა. ჟ-იას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, დაიწყო სახლის მშენებლობა და უარი განაცხადა ა. ჟ-იას კუთვნილი მიწის ნაკვეთის გათავისუფლებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე ა. ჟ-იამ მოითხოვა მ. შ-ძისათვის მშენებლობის შეწყვეტის დაკისრება, არსებული მშენებლობის აღება, მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მისთვის ჩაბარება. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ჟ-იას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მ. შ-ძეს აეკრძალა ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოში მდებარე 594მ2 ¹18 მიწის ნაკვეთზე. 2002 წლის 21 აგვისტოს მ. შ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 2001 წლის 30 მაისის დადგენილებით 49 წლის ვადით იჯარით გადაეცა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გვერდით მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც პრეტენზიას გამოთქვამდა მისთვის უცნობი პიროვნება ა. ჟ-ია. მ. შ-ძის კერძო საჩივრის განხილვის შედეგად კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 აგვისტოს განჩინება, ხოლო ამავე თარიღის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა გარდაბნის რაიონის სასამართლოს. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჟ-იამ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო განჩინება მხარეთა მიერ გასაჩივრდა არაერთხელ, საბოლოოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 აპრილის განჩინებით მ. შ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2002 წლის 3 ოქტომბერს მ. შ-ძემ შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ა. ჟ-იას, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის, თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიმართ. მ. შ-ძე მოითხოვდა დაბა წყნეთში, ¹... კვარტლის ¹117/2, 594 კვ.მ. ¹18 მიწის ნაკვეთზე ა. ჟ-იას საკუთრების უფლების დადგენის თაობაზე ქ. თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000 წლის 25 მაისის ¹1/20/1/117/2 სარეგისტრაციო აქტის, ასევე ამ ადმინისტრაციული აქტის საფუძვლის _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 24 აპრილის ¹07.55.439 დადგენილების, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 27 ოქტომბერს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობას.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ჟ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მ. შ-ძეს დაევალა შეეწყვიტა ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები ა. ჟ-იას საკუთრებაში არსებულ დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს მდებარე ¹18 ნაკვეთზე. თავისი ხარჯებითა და საშუალებებით აეღო ამ ნაკვეთში მის მიერ აშენებული ნაგებობანი, მიწის ნაკვეთი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში და ჩაებარებინა იგი გამოთავისუფლებული მესაკუთრე ა. ჟ-იასათვის. მ. შ-ძის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 მარტის განჩინებით მ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი შეგებებული სარჩელის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად, ხოლო ა. ჟ-იას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მ. შ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოება შეჩერდა ცალკე გამოყოფილი მოთხოვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ საქმის წარმოების განახლების შემდეგ ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადასცემოდა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავის საგანს შეადგენდა თბილისის მუნიციპალიტეტის კომპეტენცია გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ მიწის ნაკვეთის განკარგვაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თავდაპირველად გარდაბნის რაიონის გამგეობის 1995 წლის 27 აპრილის ¹55 გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტით დამტკიცდა კომისიის მიერ წარდგენილი აქტი; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებისათვის მიწის ფართობის ფონდში ჩასარიცხად თბილისის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეო უბნიდან გამოიყო 2,54 ჰა თავისუფალი (ველობი) მიწის ფართობი. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ეთხოვა ამ გადაწყვეტილების დამტკიცება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აგვისტოს ¹496 დადგენილებით დამტკიცდა გარდაბნის რაიონის გამგეობის 1995 წლის 27 აპრილის ¹55 გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნული აქტების საფუძველზე მიღებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 24 აპრილის ¹07.55.439 დადგენილება, რომლითაც დაბა წყნეთი, ... ქუჩის ბოლოს მდებარე ¹18 მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა ა. ჟ-იას საკუთრებაში და რომელიც შეადგენდა შეგებებული სარჩელის საგანს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი გარდაბნის რაიონის გამგეობის ¹55 გადაწყვეტილებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აგვისტოს ¹496 დადგენილების გაუქმებას არ ითხოვდა. სააპელაციო პალატამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 24 აპრილის ¹07.55.439 დადგენილება მიიჩნია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულად. პალატის აზრით ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 27 ოქტომბრის გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა და საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერი გამომდინარეობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 24 აპრილის ¹07.55.439 დადგენილებიდან, რის გამოც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მათი ბათილად ცნობის შესახებ აპელანტის მოთხოვნა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. აღნიშნულით კანონიერ ძალაში შევიდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და იგი უნდა აღსრულდეს.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მამამისი _ ა. ჟ-ია, გარდაიცვალა 2007 წლის 5 სექტემბერს. მან როგორც ა. ჟ-იას პირველი რიგის მემკვიდრემ, 2008 წლის 19 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მოითხოვა. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2008 წლის 15 აპრილს ¹021/01-26645 წერილით უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) სიტუაციური ნახაზი ან აზომვითი ნახაზი მოითხოვა, რისი წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 9 ივნისის ¹882008167868-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვა, რადგანაც ხდებოდა ზედდება საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ ნაკვეთთან. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 17 ივნისის ¹021/01-44042 წერილით მასვე ეცნობა, რომ ა. ჟ-იას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2008 წლის 18 მარტს განხორციელდა მ. შ-ძის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ე.ი. მოხდა საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ ა. ჟ-იას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მ. შ-ძის ნაკვეთის ზედდება.
მოსარჩელემ _ ი. ჟ-იამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებულ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ დაბა წყნეთში, ¹... კვარტალში მდებარე, 594 კვ.მ (დაზუსტებულ) ¹18 მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო აწ გარდაცვლილი ა. ჟ-იას საკუთრების უფლება, შესაბამისად, გაცემული იყო საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო რუკა. ამასთან, აღნიშნული მიწის ფართობი _ 594 კვ.მ იყო დაზუსტებული, ე.ი. ზუსტად იყო განსაზღვრული უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და ფართობი. მოსარჩელის მოსაზრებით ნაცვლად იმისა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეხელმძღვანელა აღნიშნული ინსტრუქციის 64 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე მ. შ-ძისათვის, ვინაიდან ამავე მიწის ნაკვეთზე უკვე არსებობდა ა. ჟ-იას რეგისტრირებული უფლება, სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების შედეგად მოახდინა მ. შ-ძის სახელზე იმ მიწის ნაკვეთის ნაწილის რეგისტრაცია, რომელზეც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ა. ჟ-იას საკუთრების უფლება. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹01/11-4574/2421/ჟ გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე დაუსაბუთებელად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაბმული იქნა მ. შ-ძე.
2009 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს, სადაც დამატებით მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დადგინდა დაბა წყნეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების, მათ შორის, მ. შ-ძეზე დანაშაულებრივი გზით გასხვისების ფაქტი. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით მ. შ-ძემ დანაშაულებრივი გზით შეძენილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა კვლავ არაკანონიერი გზით, რითაც გადაფარა კანონიერად რეგისტრირებული ა. ჟ-იას კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ა. ჟ-იას საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი 594 კვ.მ. იყო დაზუსტებული, ანუ ზუსტად იყო განსაზღვრული უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და ფართობი. ამდენად, არ არსებობდა საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობა. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, მიწათმოწმობის სახელმწიფო, საპროექტო, საძიებო და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ,,საქსახმონპროექტიდან’’ მიღებულ ,,საქქალაქგროსერვისის’’ მიერ 1997 წლის 1 დეკემბერს რეგისტრირებულ დაბა წყნეთის მე-18 კვარტლის გენგეგმაზე. მასზე ა. ჟ-იას კუთვნილ ¹18 ნაკვეთზე ყალბად არის მიბმული ¹19 ნაკვეთი, რომელიც თითქოს მ. შ-ძემ შეიძინა.
2009 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹01/11-4574/2421/ჟ გადაწყვეტილება, მ. შ-ძის სახელზე გაცემული თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 თებერვლის ¹882008042317-03 და 2008 წლის 20 მარტის ¹882008072470-03 გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერები უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 01.20.01.117.020 და გაცემული საკადასტრო გეგემები. ასევე მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 13 ივნისის ¹882008167868-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მამკვიდრებლის _ ა. ჟ-იას სახელზე დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს 2000 წლის 25 მაისს რეგისტრირებული (ნაკვეთი ¹18, სარეგისტრაციო ¹01.20.01.117.002) 594 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საზღვრებში საკადასტრო გეგმის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 აპრილის საოქმო განჩინებით ი. ჟ-იას სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით მოპასუხე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 აპრილის ¹021/01-26645 და 2008 წლის 17 ივნისის ¹021/01-44042 წერილების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ ამ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს _ ი. ჟ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ნოტარიუს ნ. გ-ურის მიერ 2000 წლის 03 აგვისტოს დამოწმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის ¹12-1607) საფუძველზე დადგენილია, რომ მ. შ-ძემ შ. მ-შვილისაგან შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის, წყნეთის სატყეო უბანიში. 2001 წლის 18 ოქტომბერს საჯარო რეესტრში განხორციელდა მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე გარდაბნის რაიონის, წყნეთის სატყეო უბანში ფართობით _ 0,10 ჰა (განცხადების რეგისტრაციის ¹810101550 თარიღი 18.10.2001).
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2005 წლის 10 ნოემბერს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹1 ოქმით დადგენილია, რომ მ. შ-ძემ შეიძინა 0,06 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონი, წყნეთის სატყეო უბანში, სარეგისტრაციო ¹812300051. 2005 წლის 15 ნოემბერს საჯარო რეესტრში განხორციელდა მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე გარდაბნის რაიონის, წყნეთის სატყეო უბანი, ფართობით _ 0,60 ჰა (განცხადების რეგისტრაციის ¹810505479 თარიღი 15.11.2005წ).
2008 წლის 20 თებერვალს მ. შ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავი ნივთის ფართობის დაზუსტება, მდებარე წყნეთის სატყეო უბანში (ზონა თბილისი, სექტორი წყნეთი). თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 თებერვლის ¹882008042317-03 გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისი, დაბა წყნეთის, წყნეთის სატყეო უბანში მდებარე 1600 კვ.მ. დაზუსტებული მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე ¹1, ¹2 და ¹3 შენობა-ნაგებობზე საერთო ფართით _ 686,75 კვ.მ. (განცხადების რეგისტრაციის ¹882008042317 თარიღი 20.02.2008).
2008 წლი 18 მარტს მ. შ-ძემ კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებისა და დამატების შეტანა უძრავ ნივთზე, მდებარე დაბა წყნეთი, წყნეთის სატყეო უბანში. 2008 წლის 20 მარტის ¹8820080724770-03 გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, წყნეთის სატყეო უბანში მდებარე 1600 კვ.მ. დაზუსტებული მიწის ნაკვეთსა და მასზე მადებარე ¹1, ¹2. ¹3 და ¹4 შენობა-ნაგებობზე საერთო ფართით _ 686,75 კვ.მ. (განცხადების რეგისტრაციის ¹882008072470 თარიღი 20.03.2008).
გარდაბნის რაიონის გამგეობის 1995 წლის 27 აპრილის ¹55 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცდა კომისიის მიერ წარმოდგენილი აქტი და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებისათვის (მათ შორის, ა. ჟ-იას) მიწის ფართობის ფონდში ჩასარიცხად თბილისის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეო უბნიდან გამოიყო 2,54 ჰა თავისუფალი მიწის ფართობი, რაც დამტკიცებულ იქნა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აგვისტოს ¹496 დადგენილებით (ტ.I ს/ფ 289).
დადგენილია, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 24 აპრილის ¹07.55.439 დადგენილებისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 27 ოქტომბერს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს მდებარე 594 კვ.მ. ¹18 ნაკვეთზე 2000 წლის 25 მაისს განხორციელდა ა. ჟ-იას საკუთრების უფლების რეგისტრაცია (განცხადების რეგისტრაციის ¹2868/2000 თარიღი 25.05.2000).
2008 წლის 31 მარტს ნოტარიუსს მ. ლ-შვილის მიერ დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის თანახმად (ტ. I ს/ფ 365), ი. ჟ-იას მემკვიდრეობით გადაეცა ა. ჟ-იას საკუთრებაში არსებული დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს მდებარე 594 კვ.მ. მიწის ნკვეთი. აღნიშნული სანოტარო აქტის საფუძველზე 2008 წლის 11 აპრილს დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს მდებარე 594 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში განხორციელდა ი. ჟ-იას საკუთრების უფლების რეგისტრაცია (განცხადების რეგისტრაციის ¹882008095537 თარიღი 04.04.2008).
2008 წლის 04 ივნისს ი. ჟ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატების შეტანა უძრავ ნივთზე, მდებარე დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოში. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 09 ივნისის ¹882008167868-03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ დამატებით წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვა, რადგან ხდება ზედდება საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ ნაკვეთთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანაბით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ ინსტრუქციის 62-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 13 ივნისის ¹882008167868-03 გადაწყვეტილებით ი. ჟ-იას უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული საზღვრები ხვდება საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ (რეგისტრაციის ¹882008072470) მიწის ნაკვეთში. შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ცვლილებით განხორციელებული უფლება ეწინააღმდეგებოდა უკვე რეგისტრირებულს, რაც სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹01/11-4574/2421/ჟ გადაწყვეტილებით ი. ჟ-იას ადმინისტრაციული საჩივარი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო გადაწყვეტილებების გამოცემისას მოქმედი “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან, კერძოდ, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 13.1 მუხლსა და “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,კ” და ,,ჟ” ქვეპუნქტებს, ასევე VI თავის 48.1 მუხლთან შესაბამისობა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც მოსარჩელის _ ი. ჟ-იასა და არც მესამე პირის _ მ. შ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების მასალა ცხადყოფდა, რომ მოსარჩელის, ისევე როგორც მესამე პირის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგიტრირებული იყო უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და საკადასტრო რუკების საფუძველზე. წარდგენილი ორთოფოტოს მიხედვით მ. შ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ მდებარეობს სხვა შენობა-ნაგებობა, რომელიც ასევე მოქცეულია ი. ჟ-იას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მის მიერ მითითებულ კოორდინატებში არ მდებარეობდა. აღნიშნული კი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. შ-ძის სახელზე გაცემული თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 25.02.2008 წლის ¹882008042317-03 და 20.03.2008 წლის ¹882008072470-03 გადაწყვეტილებებისა და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე გაცემული საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობისა და ამ ჩანაწერების საფუძველზე გაცემული საკადასტრო გეგემების გაუქმების საფუძველი. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 13 ივნისის ¹882008167868-03 გადაწყვეტილებით ი. ჟ-იას კანონის სრული დაცვით ეთქვა უარი სარეგისტრაციო წარმოებაზე, ვინაიდან ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 25 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას, რაც სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. ასევე კანონის სრული დაცვითაა მიღებული ი. ჟ-იას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 აგვისტოს ¹01/11-4574/2421/ჟ გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი ასევე “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 72.1. მუხლის თანახმად, საკადასტრო გეგმა და რუკა გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ძალაში მყოფ საკადასტრო მონაცემებს. იმ პირობებში, როდესაც ი. ჟ-იას მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ხდებოდა ზედდება საჯარო რეესტრში მ. შ-ძის სახელზე უკვე რეგისტრირებულ ნაკვეთთან, სასარჩელო მოთხოვნა საკადასტრო გეგმის გაცემის დავალდებულების თაობაზე იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჟ-იამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინებით ი. ჟ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, დამატებით მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 1 ივლისის წერილზე, რომლის თანახმად, ი. ჟ-იას მიერ ¹882008167869 განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო რუკის ვერსიის თანახმად, მ. შ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უზრავი ნივთის მიწის ნაკვეთის საზღვრებს შორის ფიქსირდებოდა 319 კვ.მ. ფართობის გადაფარვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 24 აპრილის ¹07.55.439 დადგენილებისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 27 ოქტომბერს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს მდებარე 594 კვ.მ. ¹18 ნაკვეთზე ა. ჟ-იას საკუთრების უფლების რეგისტრაციის (განცხადების რეგისტრაციის 2000 წლის 25 მაისის ¹2868/2000) დოკუმენტები შესრულებულია ე.წ. “ადგილობრივი კოორდინატების სისტემაში”, რის გამოც ვერ ხერხდებოდა მისი ასახვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ერთიან საკადასტრო მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად, არ არსებობდა ინფორმაცია დ. წყნეთში ... ქუჩის ბოლოს მდებარე ¹18 ნაკვეთის მდებარეობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად იმსჯელა მოცემული სადავო საკითხის ირგვლივ. ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჟ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი სრულად დაეთანხმა სასარჩელო განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნტებისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, უგულვებელყო მათ მიერ მითითებული არგუმენტები და საქმეში არსებულ მტკიცებულებები და არ იმსჯელა მ. შ-ძის სახელზე მიწის ნაკვეთის იმ საზღვრებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების საკითხზე, რომელ საზღვრებშიც ა. ჟ-იას საკუთრების უფლება 2000 წლის 25 მაისს იყო რეგისტრირებული.
კასატორი მიუთითებს, რომ ა. ჟ-იასათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა და შემდგომში მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დავის საგანს არ წარმოდგენს. ასევე ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 27 ოქტომბერს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმით დადგენილი იყო ა. ჟ-იას კუთვნილი უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები. მასზე გაცემული იყო საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამასთან, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე წარდგენილ სარჩელზე ა. ჟ-ია გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ ცნობილია სათანადო მოსარჩელედ, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქმის განხილვა მიმდინარეობს მ. შ-ძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით. ა. ჟ-იასათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან მიმართებით, რომლებიც ეხებოდა სადავო მიწის ნაკვეთს, ამავე სასამართლოს მიერ მ. შ-ძე მიჩნეულ იქნა სათანადო მოსარჩელედ და მისი შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამრიგად, სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა დაბა წყნეთში ¹... კვარტლის ¹117/2 594 კვ.მ. დაზუსტებული ¹18 მიწის ნაკვეთის საზღვრებში ა. ჟ-იას საკუთრების უფლება. ამასთან, მ. შ-ძის შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე _ თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, როგორც რაიონულ, ასევე საოლქო სასამართლოშიც მიიჩნევდა, რომ დაბა წყნეთში მდებარე 594 კვ.მ. ¹18 მიწის ნაკვეთის აწ გარდაცვლილ ა. ჟ-იას საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა კანონის სრული დაცვით.
კასატორი აღნიშნავს, რომ ა. ჟ-იას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგსიტრაციის ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან საჯარო რეესტრს მიმართა საკადასტრო გეგმის გაცემის მოთხოვნით. “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე ინსტრუქციის 64-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრს, ნაცვლად იმისა, რომ მ. შ-ძისათვის უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე, ვინაიდან ამავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში უკვე არსებობდა ა. ჟ-იას რეგისტრირებული უფლება, სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების შედეგად მოახდინა მ. შ-ძის სახელზე იმ მიწის ნაკვეთის ნაწილის რეგისტრაცია, რომელზეც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ა. ჟ-იას საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო რა აღნიშნული ნორმები, დაუსაბუთებლად უთხრა უარი ი. ჟ-იას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ასევე უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა სპეციალისტის მიწვევის თაობაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტებით დადგენილი იყო ა. ჟ-იას სახელზე 2000 წლის 25 მაისის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ამის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ა. ჟ-იას საკუთრების უფლების რეგისტრაციის დოკუმენტები შესრულებულია ე.წ. ადგილობრივი კოორდინატების სისტემაში, რის გამოც ვერ ხერხდებოდა მისი ასახვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ერთიან საკადასტრო მონაცემთა ბაზაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის განჩინებით ი. ჟ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგენილ იქნა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მერია (გარდაბნის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ი. ჟ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გარდაბნის რაიონის გამგეობის 1995 წლის 27 აპრილის ¹55 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცდა კომისიის მიერ წარდგენილი აქტი და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებისათვის მიწის ფართობის ფონდში ჩასარიცხად თბილისის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეო უბნიდან გამოიყო 2,54 ჰა თავისუფალი მიწის ფართობი (ტ. II, ს.ფ. 97). საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აგვისტოს ¹496 დადგენილებით დამტკიცდა გარდაბნის რაიონის გამგეობის 1995 წლის 27 აპრილის ¹55 გადაწყვეტილება და გამოიყო თბილისის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეოს მიწებიდან 2,54 ჰა მიწის ფართი, საიდანაც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა დასაკმაყოფილებლად გამოიყო 1,54 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თანამშრომელთათვის _ 1 ჰა მიწის ნაკვეთი. (ტ. I ს.ფ 289). საქართველოს მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 24 აპრილის ¹07.55.430 დადგენილებით მიღებულ იქნა ქ. თბილისის მერიის მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება და ნება მიეცა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აგვისტოს ¹496 დადგენილების შესაბამისად, თბილისის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეოს მიწებიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთები გაენაწილებინა თანამშრომლებზე. ამასთან, ტერიტორიის ფართობი უნდა დაზუსტებულიყო გენგეგმის შედგენის შემდეგ (ტ. II, ს.ფ. 288). 1996 წლის 10 აპრილს შედგენილი ¹407 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ა. ჟ-იას გადაეცა წყნეთის სატყეოს მე-18 კვარტლის ¹18 მიწის ნაკვეთი (ტ. I, ს.ფ. 114-115). ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 24 აპრილის ¹07.55.439 დადგენილებისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 27 ოქტომბერს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე 2000 წლის 25 მაისს განხორციელდა ა. ჟ-იას საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნომრითY2868/2000 დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს მდებარე 594 კვ.მ. ¹18 ნაკვეთზე (ტ. I, ს.ფ. 48-49, 51-53). აღნიშნულ ნაკვეთზე შედგა საკადასტრო რუკა, გაიხსნა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი და აღნიშნულ მიწას მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი ¹1/20/1/117/2. მასზე გაიცა სარეგისტრაციო მოწმობა და რეესტრის ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 297-300, ტ. II. ს.ფ. 94, 174). საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2002 წლის 31 ივლისის აქტი მიწის ნაკვეთის საზღვრების ნატურით გამოყოფის თაობაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 24 აპრილის ¹07.55.439 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში, დაბა წყნეთში ... ქუჩის ბოლოს ნაკვეთი გამოეყო ა. ჟ-იას ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის და ჩაბარდა დამკვეთს (ტ. I. ს.ფ. 50). საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ ა. ჟ-იას საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს მდებარე 594 კვ.მ. ¹18 ნაკვეთზე განხორციელდა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ. იმ დროს მოქმედი “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების საკუთრებისა და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ა. ჟ-იას თავდაპირველ სარჩელთან ერთად მ. შ-ძემ აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ა. ჟ-იას საკუთრებად მიწის ნაკვეთის აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 24 აპრილის ¹07.55.430 დადგენილებისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპერქტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 27 ოქტომბერს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მ. შ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უარი ეთქვა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. (ტ. I, ს.ფ. 56-61). ამასთან, 2008 წლის 11 აპრილს დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს მდებარე 594 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში განხორციელდა ი. ჟ-იას საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2008 წლის 31 მარტს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. (განცხადების რეგისტრაციის ¹882008095537 თარიღი 04.04.2008 წ.).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. შ-ძემ შ. მ-შვილისაგან შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაუზუსტებელი ფართით 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონში, წყნეთის სატყეო უბანში, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა 2001 წლის 18 ოქტომბერს (ტ. I. ს.ფ. 193). საქმეში წარმოდგენილია 2000 წლის 7 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹5 აქტი, რომლის თანახმად, შ. მ-შვილის მიერ შეძენილი 956 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობდა წყნეთის ¹18 სატყეო კვარტალში. ტერიტორიის ორგანიზაციის პროექტის მიხედვით, რომელიც დამტკიცებული იყო გარდაბნის რაიონის გამგეობის მიერ, ხოლო რეგისტრირებული იყო “საქქალაქაგროსერვისის” 1995 წლის 1 დეკემბრის ¹331 გადაწყვეტილებით (ტ. II, ს.ფ. 82-83, 117-119). აღნიშნული პროექტის მიხედვით მე-18 კვარტალის ¹19 მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ¹18 მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, ხოლო ამავე პროექტზე არსებული შენიშვნის თანახმად, ¹19 მიწის ნაკვეთი გადმოტანილია რეგისტრირებულად ¹84 რუკიდან (ტ II, ს.ფ. 136). შ. მ-შვილზე აღნიშნული მიწის გადაცემის ფაქტის დანაშაულებრიობა დადგენილია ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2005 წლის 4 ნოემბრის განაჩენით (ტ. II, ს.ფ. 18-22). საქმეში წარმოდგენილი მიწის სარეგისტრაციო მოწმობების მიხედვით ასევე დგინდება, რომ მ. შ-ძის საკუთრებაში არსებული 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ¹051) მასვე გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში 49-წლიანი იჯარით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2005 წლის 10 ნოემბერს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹1 ოქმით დადგენილია, რომ მ. შ-ძემ შეიძინა 0,06 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონში, წყნეთის სატყეო უბანში, რომელზეც საჯარო რეესტრში მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2005 წლის 15 ნოემბერს (ტ.I, ს.ფ. 197, 263-271). საჯარო რეესტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ამონაწერით დგინდება, რომ მ. შ-ძის განცხადების საფუძველზე განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული 0,10 და 0,06 ჰა მიწის ნაკვეთების გაერთიანება და დარეგისტრირდა 0,16 ჰა დაუზუსტებელი ფართი, გაერთიანების შემდეგ ნაკვეთს მიენიჭა 358 ნომერი.
მ. შ-ძის 2008 წლის 20 თებერვლისა და 2008 წლის 18 მარტის განცხადებების საფუძველზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2008 წლის 25 თებერვლის ¹882008042317-03 და 2008 წლის 20 მარტის ¹8820080724770-03 გადაწყვეტილებებით განახორციელა მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, წყნეთის სატყეო უბანში მდებარე 1600 კვ.მ. დაზუსტებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე საერთო ფართის 686,75 კვ.მ. შენობა-ნაგებობზე. აღნიშნული გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო მ. შ-ძის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის, საკადასტრო გეგმა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სხვა მასალები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 13.1 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით”. მითითებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის დეფინიციას განსაზღვრავს ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის ,,კ” და ,,ჟ” ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება და/ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნებს, ხოლო საკადასტრო აზომვით ნახაზს წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ამავე ინსტრუქციის 48.1 მუხლით დადგენილია, რომ საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, ჭGშ 84 კოორდინატთა სისტემასა და UთM პროექციაში. ამდენად, მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული მონაცემებით განხორციელდა რეგისტრაციის განხორციელებისას მოქმედი “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით” დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
ი. ჟ-იამ, თავის მხრივ, 2008 წლის 4 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატების შეტანა უძრავ ნივთზე მდებარე დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 13 ივნისის ¹882008167868-03 გადაწყვეტილებით ი. ჟ-იას უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული საზღვრები ხვდებოდა საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ (რეგისტრაციის ¹882008072470) მიწის ნაკვეთში. შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ცვლილება ეწინააღმდეგებოდა უკვე რეგისტრირებულს, რაც იყო სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ი. ჟ-იას მართებულად ეთქვა უარი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებაზე, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული საზღვრები ხვდებოდა საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რაც “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
ი. ჟ-იას წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ ის სამართლებრივი აქტები, რომლითაც 0,06 და 0,10 ჰა მიწის ნაკვეთები გადავიდა მ. შ-ძის საკუთრებაში მათთვის დავის საგანს არ წარმოადგენს “ისინი არ ედავებიან მ. შ-ძეს”, დავის საგანია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები (საკადასტრო გეგმები და ჩანაწერები), რითაც მოხდა 319 კვ.მ. გადაფარვა.
საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ეყრდნობა მხარის მიერ წარდგენილ საკადასტრო მონაცემებს და ახდენს მათ დატანას სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, ჭGშ 84 კოორდინატთა სისტემასა და UთM პროექციაში. მ. შ-ძის საკუთრებაში არსებული ნივთის დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაცია ამ ახალი სისტემით განხორციელდა, რის გამოც მ. შ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თუ ცალკე დავის ფარგლებში დადგინდება წარდგენილი საკადასტრო მონაცემების უზუსტობა ამის საფუძველზე ცვლილება შევა რეგისტრირებულ მონაცემებში. რაც შეეხება ა. ჟ-იას ნაკვეთს, იგი რეგისტრირებული იყო ადგილობრივ კოორდინატთა სისტემაში და მისი მდებარეობა _ ... ქუჩის ბოლოს, იყო დაუზუსტებელი, რის გამოც მისი იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა ერთიან საკადასტრო მონაცემთა ბაზაში. დაინტერესებული პირის მოთხოვნამდე დარჩებოდა ამ სახით რეგისტრირებულად და ვერ მოხდებოდა მისი მდებარეობის განსაზღვრა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში.
აღსანიშნავია, რომ ი. ჟ-იას არც ამ სარჩელის და არც სხვა სამართალწარმოების ფარგლებში არ მოუთხოვია იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების უკანონოდ ცნობა, რომლებიც საფუძვლად დაედო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მიღებულ სადავო გადაწყვეტილებებს. ი. ჟ-ია ასევე არ დავობს იმ საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორეზე, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 51-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრა მ. შ-ძის საკუთრების საგნის ადგილმდებარეობა და სხვა მონაცემები. აღნიშნული მონაცემების მიხედვით მანვე მოახდინა ინდივიდუალური საკუთრების იდენტიფიცირება და მისი ასახვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემთა ბანკში. დავის საგანია თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იმ გადაწყვეტილებების (საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერებისა და საკადასტრო გეგმების) ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა ქ. თბილისში, დაბა წყნეთის სატყეო უბანში მდებარე 1600 კვ.მ. დაზუსტებულ მიწის ნაკვეთსა და 686,75 კვ.მ. შენობა-ნაგებობებზე მ. შ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს ის სამართლებრივი აქტები, რომლებმაც წარმოშვა მ. შ-ძის საკუთრების უფლება და რომელთა საფუძველზეც დაზუსტებული მონაცემების რეგისტრირების შემდეგ სახეზეა ორი პიროვნების ცალ-ცალკე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადაფარვა. ასევე კანონიერ ძალაშია ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლებიც განხორციელებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ადასტურებენ, რომ ი. ჟ-იას მემკვიდრეობის უფლების რეგისტრაციამდე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ა. ჟ-იას საკუთრების უფლება დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს მდებარე 594 კვ.მ. ¹18 მიწის ნაკვეთზე. ა. ჟ-იას საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი არ გაუქმებულა და ნაკვეთი რაიმე ფორმით არ გასხვისებულა. აღნიშნულს ასევე ადასტურებს 2008 წლის 11 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ი. ჟ-ია არის ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, ... ქუჩის ბოლოს ¹18 ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 01.20.01.117.002) მესაკუთრე 2008 წლის 31 მარტის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (ტ. I. ს.ფ. 25). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, დღეისათვის სახეზეა დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოშობილი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება, რომელთა მიმართ, თავის მხრივ, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. მათგან ერთ-ერთის დაზუსტებული მონაცემების რეგისტრირებამ გამორიცხა შემდგომში მეორე პირის მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემების დარეგისტრირება.
საკასაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არა თუ არ გააჩნდა ვალდებულება უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციისათვის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული უფლება დაერეგისტრირებინა ჭGშ 84 კოორდინატთა სისტემასა და UთM პროექციაში, არამედ თავად საჯარო რეესტრი ვალდებული იყო დაეცვა მასთან არსებული ჩანაწერები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ჟ-იას საკუთრების უფლების თაობაზე სარეგისტრაციო ჩანაწერის არსებობა უდავოდ დადასტურებულია, მაგრამ კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივარს იმ კუთხით, შეძლებდა თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო მასთან დაცული მონაცემების საფუძველზე მ. შ-ძის მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემების მიხედვით ი. ჟ-იას საკუთებაში არსებული ნაკვეთის უკვე რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების იდენტიფიცირებას. ამდენად, დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მაშინ, როდესაც ი. ჟ-იას მიერ მ. შ-ძის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლები: გარდაბნის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე ქ. თბილისის მერია) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები არ გასაჩივრებულა, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ი. ჟ-იას საკასაციო საჩივარი და საქმეზე მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს თავის საკასაციო პრეტენზიას და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ი. ჟ-იას საკუთრების უფლების რეალიზების მიზნით, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია საქმეში სავალდებულო მიწვევის მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც დღეისათვის შედის დაბა წყნეთის ტერიტორია და იგი არის აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი მიწის განკარგვაზე უფლებამოსილი პირი (გარდაბნის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე). მიუხედავად საკასაციო პალატის მცდელობისა, მიეღწია მხარეთა მორიგებისათვის ი. ჟ-იამ უარი განაცხადა მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე, რომელიც შეთავაზებულ იქნა ქ. თბილისის მერიის მიერ.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ამ დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებს ი. ჟ-იასათვის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიყენებულ შესაძლო ზიანზე, რადგან მას მ. შ-ძის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების) უკანონოდ ცნობის, ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაუყენებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო შედავება, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 257-ე, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ჟ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.