Facebook Twitter

¹ბს-1233-1195(კ-08) 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 25 იანვარს ზ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლის 1 მარტიდან 2001 წლის 19 სექტემბრამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ, საქართველოს ეროვნულ გვარდიაში კავშირგაბმულობის კვანძის ტელეფონისტის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება 1104,96 ლარის ოდენობით და ასევე არ მიუღია 1992-2001 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია.

მოსარჩელის განმარტებით, მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების გადახდის მოთხოვნით 2007 წლის 12 მარტს მიმართა, მაგრამ 2008 წლის 10 იანვრის ¹9/51 წერილით უარი ეთქვა დავალიანების ანაზღაურებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 1104,96 ლარის და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2008 წლის 11 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზეც ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ამ ვადის ათვლა, იმავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში, იწყებოდა დათხოვნის დღეს, როდესაც მოსარჩელეს არ აუნაზღაურეს საბოლოო ხელფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. ასევე კვების კომპენსაციის გაცემაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება იყო და მასზეც უნდა გავრცელებულიყო ხსენებული კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 მარტის გადაწყეტილებით ზ. ა-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ა-ას სასარგებლოდ ხელფასის - 396,96 ლარის გადახდა დაეკისრა; კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის ცნობის თანახმად, ზ. ა-ზე ირიცხებოდა ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება 1104,96 ლარი, მათ შორის ხელფასი - 396,96 ლარი და კვების კომპენსაცია – 708 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტზე, 37-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და 12-ე მუხლებზე, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და დაადგინა, რომ ზ. ა-ა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სატელეფონო კვანძში სამსახურის გავლის დროს წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობის საფუძველზე ეკისრებოდა შრომითი გასამრჯელოს გაცემის ვალდებულება, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მისცემოდა თანამდებობრივი სარგო, სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი კომპენსაცია და ამ დანამატების გაცემა ხორციელდებოდა ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ხსენებული სამართლის ნორმა მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან მოეთხოვა მიუღებელი შრომითი გასამრჯელო.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელე ზ. ა-ას მოთხოვნა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ იყო ხანდაზმული და ბიუჯეტის დაუფინანსებლობა ან საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება ვერ გახდებოდა მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს გაუცემლობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 8 იანვრამდე;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.